მსოფლიო სტანდარტის ფეხები
ქალების ყველაზე დიდი ზრუნვის ობიექტი, წონაში დაკლების შემდეგ, ალბათ უდაოდ ფეხების ფორმა გახლავთ. ლამაზი ფეხები ყოველთვის იქცევს გარშემომყოფების ყურადღებას და მათ შორის არა მხოლოდ მამაკაცების. თხელი და ლამაზი აღნაგობის ფეხები თუ გაქვთ, ნებისმიერი პრეტენზიული ფორმის სამოსის ჩაცმის უფლება შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს – მოკლე კაბები და ქვედაბოლოები, ტანზე გამოყვანილი შარვლები, რომლებიც თქვენი ფიგურის მოყვანილობას კიდევ უფრო წარმოაჩენს და ხაზს გაუსვავს.
წონაში კლება ხშირად ამ პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ შველის, ფეხი შედარებით თხელდება, მაგრამ მისი პროპორცია სხეულის ზედა ნაწილთან შედარებით უფრო მსხვილი რჩება, ან მთლიანად ფეხის მოყვანილობის ფორმა არ გვაკმაყოფილებს.
რა თქმა უნდა შეიძლება ადვილი გამოსავალის პოვნა, მათი გრძელი კაბის ქვეშ დამალვა ან ფართოდ დაშვებული შარვლების ხმარება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ფაქტია, რომ ქალი, რომელიც უკმაყოფილოა თავისი გარეგნული მონაცემებით, თავის თავში დაურწმუნებელია და უჩნდება კომპლექსები – ეს კი, კიდევ უფრო უარესია ვიდრე სხეულის რომელიმე არასრულყოფილი ფორმა.
ფეხის ფორმის სილამაზისთვის მისი მუდმივი ვარჯიშია საჭირო. ქალების უმეტესობა სხეულის ქვედა ნაწილს თითქმის ვერ ფლობს. ამას თავისი ახსნა აქვს, ცხიმი, რომელიც ქვედა ნაწილში გროვდება უფრო რთულად იწვება (იგივე ცელულიტის პრობლემა). ეს ძალიან ზარმაცი და ძნელად დაძვრადი ცხიმია. მისი გამოყვანა ცხიმოვანი უჯრედებიდან გაცილებით რთულია, ვიდრე ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებიდან. ამის გამო დუნდულები და ბარძაყები ფორმის მიღების თვალსაზრისით ყოველთვის უფრო რთულ ნაწილებად ითვლებოდა.
რა არის საჭირო ფეხის ლამაზი ფორმისათვის მისაღებად?
ზოგადი თეორიით ითვლება რომ ცხიმი, მთელი ორგანიზმიდან თანაბრად კლებულობს, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ჭარბი წონის მოცილებაა პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაჭრელად.
თუმცა, თუ იგივე ცელულიტის არსებობას გავიხსენებთ, რომლის პირველი სამიზნე დუნდულები და ფეხებია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზეზის გამო კლება არც ისე თანაბრად მოხდება, რადგან დაზიანებულ უბნებზე ცხიმი უჯრედში „ჩაკეტილ“ მდგომარეობაშია და იოლად არ გვემორჩლება. როგორც ამ საკითხისადმი მიძღვნილ თემებში უკვე ვისაუბრე, საჭიროა სწორი კვება და ვარჯიში, რომელიც გააქტიურებს სისხლის მომოქცევას ამ უბნებზე. ასევე კარგია მასაჟი და კონტრასტული შხაპი.
შემდეგი საფეხური კუნთების ფორმაში და ტონუსში მოსაყვანი ვარჯიშებია. წონაში კლების შემდეგ ადვილი შესამჩნევი ხდება მოდუნებული და მოშვებული კუნთები, კანსაც ნაკლებად გლუვი და მკვრივი შესახედაობა აქვს.
ფეხის კუნთებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები სხვადასხვა ტიპისაა, შექმნილია სპეციალური ტრენაჟორები, რომლებიც გათვლილია ძირითადი დიდი კუნთების ტონუსში მოსაყვანად, არის ვარჯიშები, რომელთა შესასრულებლად უბრალო სკამი ან რბილი საფენი საკმარისია. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა მეთოდოლოგია, რომელიც უფრო სიღრმისეულად მოქმედებს ფეხის კუნთებზე და მათ დახვეწილ ფორმას აძლევს.
მსოფლიო სტანდარტის ფეხები
მათ, ვისაც ფეხის ფორმის სრულყოფილებამდე დახვეწა სურს, ალბათ საინტერესო უნდა იყოს წიგნი „მსოფლიო სტანდარტის ფეხები“ – ეფექტური ექვსკვირიანი პროგრამა ფეხების, დუნდულების და თეძოების ფორმაში მოსაყვანად, რომლის ავტორები ს.ტაივერსი და ფ.შმიდტი არიან. მათ შექმნეს ვარჯიშების სპეციალური სისტემა, რომელიც მიმართულია თეძოების, ფეხების, დუნდულების, ასევე მკერდის, ზურგის და პრესის მუშაობაზე. ავტორები გვარწმუნებენ, რომ სულ რაღაც 6 კვირიანი რეგულარული ვარჯიშის შემდეგ თქვენი ფეხის ფორმები მსოფლიო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
პროგრამას საფუძვლად უდევს ყოფილი ბალერინას ლოტტა ბერკის მეთოდი, რომელიც ხერხემლის ტრავმის გადატანის შემდეგ იძულებული იყო მოცეკვავის კარიერაზე უარი ეთქვა. ეს ვარჯიშებიც სწორედ ბალეტის ელემენტებზე აგებული.
ამ ვარჯიშების შესრულება საჭიროა საყრდენთან (მაგ: სკამის ზურგი) და კარგი იქნება თუ შეძლებთ სარკეში თქვენი მოძრაობის და სხეულის მოძრაობის კონტროლი. ასევე დაგჭირდებათ დრეკადი ბურთი.
ვარჯიშების შესრულება რეკომენდირებულია ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. ვარჯიში გათვლილია 6 კვირაზე.
რას გვპირდებიან ამ მეთოდის ავტორები:
„თუ კვირაში მინიმუმ სამჯერ ნახევარ საათს ამ ვარჯიშებს დაუთმობთ, თქვენი თეძოების გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდება, თქვენი დუნდულები უფრო მრგვალი და მკვრივი გახდება, ვიდრე ბავშვობაში გქონდათ. ჩვენ ამას გპირდებით. რაც უფრო ხშირად შეასრულებთ ამ ვარჯიშებს, უფრო სწრაფ და უკეთეს შედეგს მიიღებთ“.
„ექვსი კვირის შემდეგ თეძოების გარშემოწერილობა 5-10 სანტიმეტრით შეგიმცირდებათ. დუნდულები უფრო მრგვალი და მკვრივი გახდება. გექნებათ ბრტყელი მუცელი, ხოლო წელზე დაახლოებით 5 სანტიმეტრს მოიკლებთ. თქვენი აღნაგობა გაცილებით უკეთესი გახდება“.
თავად წიგნის და ვარჯიშების შესახებ კი მომდევნო თემებში