რამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება ერთ კვირაში?

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც მიუმართავს ექსტრემალური წონის კლების გეგმისთვის. რა მომხიბვლელად ჟღერს, წლების განმავლობაში არასწორი და ჭარბი კვებისგან, უმოძრაო ცხოვრების რეჟიმისგან დაგროვილი კილოგრამებისაგან გათავისუფლდე სულ რაღაც 1-2 კვირაში. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ამ ყველაფერისგან სასურველი შედეგის მიღების არამარტო რეალობა, არამედ უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რა მაქსიმალური წონის დაკლება შეიძლება ერთ კვირაში ორგანიზმისათვის ზიანის მიყენების გარეშე და რა ფაქტორები თამაშობენ მთავარ როლს?

ამ კითხვამ მეტი აქტუალობა შეიძინა სატელევიზიო შოუ The Biggest Loser-ის შემდეგ, სადაც საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე მძიმე წონიანი კონკურსანტები უმოკლეს დროში ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებენ. უკანასკნელი სეზონის გამარჯვებულმა 12 კვირიან პერიოდში 100 კილოგრამი დაიკლო, მეორე ადგილზე გასულმა 90კგ., ხოლო მესამე ადგილმა კი 70კგ.

რას ფიქრობენ პროფესიონალი სპეციალისტები ამ საკითხზე?

მაიკ რასელის კომენტარი ამ თემაზე (Mike Roussell, PhD, კვების კონსულტანტი, ცნობილი თავისი კლიენტებისათვის რთული კვების კონცეფციების პრაქტიკულ ჩვევებად ჩამოყალიბებით, რომელთა შორის არიან პროფესიონალი ათლეტები, სახელისუფლებო მმართველები, კვების და  ფიტნეს აღჭურვილობის კომპანიები):

რამდენად უსაფრთხოა ერთ კვირაში 5-10 კილოგრამის დაკლება?

როცა საქმე ეხება წონის კლებას და მის უსაფრთხოებას, შემიძლია განგიმარტოთ, რომ უსაფრთხოსა და საფრთხეს შორის მნიშვნელობა განისაზღვრება არა დასაკლები კილოგრამების რაოდენობიდან, არამედ იქიდან, თუ როგორ იკლებთ ამ წონას. თუ კვირაში 0,5-1კგ.-ს დაკლება, როგორც წესი უსაფრთხო ნორმად მიიჩნევა, რატომ განიხილება მაშინ 1.5-2კგ-ს დაკლება საშიშად? – მხოლოდ დაკლების ხერხის გამო.

თუ მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ლიმონის წვენს და ნეკერჩხლის სიროპს სვავთ და ცხარე წიწაკას მიირთმევთ, რათა 4-5კგ. დაიკლოთ, მე ამას საფრთხის შემცველ წონაში კლების პროცესად განვიხილავ. მეორე მხრივ, თუ თქვენ დააკომპლექტებთ თქვენს სავარჯიშო პროგრამას სამი ძალოვანი ტრენინგით და სამი ინტერვალური ვარჯიშით, ამასთან ერთად უპირატესობას მიანიჭებთ დაბალ კალორიულ, ნაკლებ ნახშირწყლოვან საკვებს და კვირაში 5 კილოს დაიკლებთ, მაშინ მე შემიძლია ვთქვა ეს უსაფრთხო გზაა. თქვენ კარგად იშრომეთ და წონა სწორი მეთოდით დაიკლეთ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 5 კილოგრამი ეს მაქსიმუმი წონაა, რაც კლიენტს ჩემთან დაუკლია (ამ რიცხვში არ შედიან ათლეტები, რომლებიც წონის შემცირებას ცდილობდნენ). ის კლიენტები, რომლებიც მაქსიმუმის დაკლებას ახერხებენ, საკმაოდ მძიმე შრომას სწევდნენ ამისათვის და საწყის ეტაპზე ისინი შედარებით ჯანმრთელები არიან, რათა საჭირო დატვირთვების ატანა შეძლონ.

5-10 კილოს ერთ კვირაში დაკლების უსაფრთხოების შესახებ კითხვა, სატელევიზიო შოუ The Biggest Loser-ს შემდეგ გაჩნდა. როდესაც “biggest loser”-ები კარგავენ ასეთ დიდ წონას, ამ დროს მთავარ როლს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი თამაშობს: დასაკლები წონა, დრო და მათი ფიტნეს გამოცდილების დონე.


1. რამდენი კილოგრამი უნდა დაიკლოთ?

თუ საწყის ეტაპზე თქვენი წონაა 80 კილოგრამი და მიზანია 60-მდე ჩამოსვლა, მაშინ კვირაში 10 კილოს მოკლება არარეალურია. მაგრამ თუ თქვენ “biggest loser”-ის მონაწილეთა მსგავსად 170 კილოს და მეტს იწონით, ასეთ შემთხვევაში კვირაში 10 კილოსგან გათავისუფლება, სავსებით რეალური შანსია (განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის დიდი რაოდენობა, რომელსაც პირველი კვირის განმავლობაში დაკარგავთ). აქედან გამომდინარეობს წონაში კლების მთავარი წესი – რაც უფრო მეტი წონა გაქვთ დასაკლები, მით ადვილად დაიკლებთ კილოგრამებს.

2. რა დროა საჭირო წონის მოსაკლებად?

“biggest loser”-ის მონაწილეებისაგან განსხვავებით თქვენ არ გაქვთ საშუალება, რომ მთელი დღე წონასთან ბრძოლას მიუძღვნათ. თქვენ ალბათ გაქვთ სამსახური, ოჯახური მოვალეობები, საზოგადოებრივი ცხოვრება და ა.შ. ეს ყველაფერი შეუძლებელს ქმნის გამონახოთ იმდენი დრო კალორიების დასაწვავად, რომ ერთ კვირაში 10 კილო დაიკლოთ.

3. როგორია თქვენი ახლანდელი ფიტნეს მომზადების დონე და რამხელა გამოცდილება გაქვთ ვარჯიშში?

ეს ის საკითხია, სადაც უსაფრთხოება პრობლემა ხდება. “biggest loser”-ის მონაწილეთა უმეტესობას შოუს საწყის ეტაპზე ერთი კილომეტრის გავლაც კი უჭირდათ. თუ თქვენ ამ მდგომარეობაში ხართ, მაშინ ერთბაშად დიდი დატვირთვებით ვარჯიში სახიფათოა თქვენთვის, არის შანსი რომ ტრავმა მიიღოთ. სანამ ვარჯიშის გეგმას შეადგენთ, უნდა იცოდეთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები და ლიმიტი, განსაკუთრებით თუ წონის კლების აგრესიული გეგმა გაქვთ შედგენილი. სატელევიზიო შოუს მიმდინარეობის დრო ექიმთა ჯგუფი მუდამ მორიგეობს, რათა კრიზისის შემთხვევაში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს კონკურსანტებს. თქვენ საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე არასდროს არ უნდა მიიყვანოთ და საკუთარ ფიტნეს შესაძლებლობებს არ უნდა გადააჭარბოთ.

აქვე უნდა დაისვას მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ გჭირდებათ დიდი წონის სწრაფად დაკლება და რა მოხდება ამ შემთხვევაში? რატომ ასეთი მოკლე დრო? გაზარდეთ დაგეგმილი დრო 1 კვირის ნაცვლად 1 თვემდე და მიეცით საკუთარ თავს საშუალება მეტი დრო იცხოვროთ ამ პროცესში. თქვენი სხეული მიეჩვიოს და საპასუხო რეაქცია მისცეს ახალ დატვირთვებს და კვების დიეტურ რაციონს.

ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რაც უფრო სწრაფად იკლებთ წონაში, უფრო სწრაფად იბრუნებთ იმ წონას უკან. როგორც წესი 1 კვირაში დაკლებული 5 კილო, თანდათან აღდგება ისევ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში დაკლებული 5 კილო (ან თუნდაც 10 კილო), სამუდამოდ დაკარგულია. იშრომეთ, ივარჯიშეთ მაქსიმალურად, მაგრამ ნუ დაკარგავთ სიფრთხილეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *