ქატო ყოველთვის ითვლებოდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებად და არა გასტრონომიულ პროდუქტად. თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულმა ქატოს სასარგებლო თვისებებმა ის საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად აქცია.
ქატო – საკვები უჯრედისია, რომელიც ძირითადად გადამუშავებული მარცვლეულის ნარჩენის გარსისგან შედგება. ის ასევე შეიცავს მარცვლეულის ჩანასახებს. ერთი სიტყვით, ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი. ქატოს საშუალებით პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ნივთიერებების მიღებაა შესაძლებელი, რომელსაც მარცვლეული შეიცავს და რომელიც არ გააჩნია, ან მიზერული რაოდენობით შეიცავს გადამუშავებული თეთრი ფქვილი.
ქატოს სახეობები
მარცვლის ფქვილად და ბურღულად გადამუშვების მიხედვით ქატო არსებობს – ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ბრინჯის, წიწიბურის. ქატო თავის მხრივ, დაქუცმაცების ტიპის მიხედვით იყოფა უხეშ ქატოდ და წვრილ ქატოდ. გარდა ამისა, შეიძლება არა მარტო ერთი სახის ქატოს შეძენა, არამედ შერეულისაც, რომელიც რამდენიმე სახეობის ქატოს შეიცავს. არსებობს მზა ფაფები, რომელთაც დამატებული აქვთ სხვადასხვა ტიპის ქატო.
ქატო შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა კერძს: სალათს, სუპს, ფაფას, ხაჭოს, მაწონს, კისელს და ა.შ. ამასთან, ქატოს მისაღებად არაა აუცილებელი სპეციალურ დიეტაზე ყოფნა, რათა მისი დადებითი თვისებების საშუალებით ისიამოვნოთ. თუმცა, ქატოს მიღებას პარალელურად მასთან სწორი კვების კომბინირება, საუკეთესო ეფექტის მიღების შესაძლებელობას იძლევა.
დიეტოლოგების თვალსაზრისით ყველა ტიპის ქატოა სასარგებლო, თუმცა უპირატესობა მაინც ხორბლის ქატოს ენიჭება, ასევე გამოყოფენ შვრიის ქატოსაც. სწორედ მათ ჩართვას ურჩევენ დიეტოლოგები დიეტურ რაციონში. ერთერთი ცნობილი დიეტა, რომლის დროსაც რეკომენდირებული შვრიის ქატოს ჩართვა დუკანის დიეტაა, რომელიც ძირითადად ცილოვან რაციონზეა აგებული და ქატოს მიღება აუცილებელია ყაზბობის თავიდან ასაცილებლად.
სასარგებლო თვისებები
ქატო წარმოადგენს კონცენტრირებული სახის უჯრედისს, საკვებ ბოჭკოს. კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის მოქმედებს როგორც ადსორბენდტი. უჯრედისის ბოჭკო არ შეიწოვება და არ გადამუშავდება, მაგრამ ის კუჭ-ნაწლავში აგროვებს მთელს ნაგავს ტოქსინების, შლაკების, ქოლესტერინის და მძიმე მეტალების სახითაც კი და მათ გარეთ გამოდევნის. ასეთი სახით მოქმედი ტენოლოგიის საშუალებით ეს პროდუქტი რამდენიმე სასარგებლო თვისებით ხასიათდება: აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თრგუნავს მადას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და იწვევს წონის დაკლებას.
გარდა წონის დაკლების ეფექტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებისა, ქატოს სხვა სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. კვებაში ქატოს რეგულარული მოხმარების შემდეგ იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაავადებების მიმართ, დიაბეტის დროს ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას. ქატო სასარგებლოა ნაღველის შეგუბების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ყაზბობის დროს.
ქატო ადამიანისათვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვ.
ქატო გახდომისათვის
გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, რაც თავისთავად აუცილებელი და სასიამოვნო ფაქტია, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ქატო აჩქარებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას, რის გამოც მცირდება საკვების შეთვისება, ანუ მიღებული კალორიები ნაკლები დოზით შეიწოვება. ასევე, უჯრედისი ქმნის კარგ გარემოს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასამრავლებლად. ასე რომ ქატოს გამოყენებას დისბაქტერიოზისგან გათავისუფლებაც შეუძლია.
როდის არ შეიძლება ქატოს მიღება?
თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ასეთ იდეალურ პროდუქტსაც აქვს უკუჩვენებები. ამიტომ სანამ ქატოს გახდომის მიზნით გამოიყენებდეთ, უმჯობესი იქნება თუ გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან მაინც გაივლით კონსულტაციას. ქატოს მიღება არაა რეკომენდირებული გასტრიტის მწვავე ფორმის, წყლულის, კოლიტის და ინფექციური ენტერიტის დროს. მსგავსი ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ თანდათან შეიძლება ქატოს მიღების განახლება, ოღონდ საწყის ეტაპზე მცირე დოზებით.
ქატოს გამოყენება ფრთხილად, ფანატიზმის გარეშეა საჭირო, ზომიერების დაცვით. თუ საკვებში მკვეთრად გაზრდით უჯრედისის რაოდენობას, შეიძლება თავი არასასიამოვნო სიმპტომებმა იჩინოს: მუცლის შებერვა, მეტეორიზმის მომატება, გულისრევა, დიარეა. არაა სასურველი ქატოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება, ის შეიძლება არამარტო საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებსაც შეიცავდეს, არამედ ტოქსინებსაც, მაგ: პესტიციდებს. ამიტომ უმჯობესია პერიოდული კურსის მიხედვით გამოყენება.
ქატოს მიღების წესები
ქატოს მიღება უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ და თანდათან (ოღონდ არანაკლებ ორი კვირის მერე) გაზარდოთ მისი რაოდენობა. რადგან ქატო მოქმედებს მხოლოდ სითხის შეწოვის შედეგად, ამიტომ აუცილებელია მისი გამოყენება წყალთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება. დაიმახსოვრეთ ეს აუცილებელი პირობა – ქატო წყლის გარეშე არ მუშაობს!
ქატო გასახდომად შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ. ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ. წყლის გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ხოლო ქატო შეჭამეთ ან დაუმატეთ ძირითად კერძს. დასაწყისში ორგანიზმის ადაპტაციის მიზნით მიიღეთ დღეში სამჯერ ½ ჩაის კოვზი. 2 კვირის შემდეგ დოზა 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თუ ქატოს ცალკე ჭამთ, უმჯობესია მაშინ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღოთ და მიაყოლოთ წყალი. არ გადააჭარბოთ ქატოს სადღეღამისო ნორმას – 30გრ.-ს. გაითვალისწინეთ ქატო უნდა მიიღოთ ან ჭამამდე ან ჭამის დროს. ჭამის შემდეგ მის მიღებას არა აქვს სასურველი ეფექტი.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქატოს სხვა პროდუქტებთან შეთავსება. მაგალითად, ქატო ჭარხალთან ერთად სასარგებლოა ჭარბწონიანობის, ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადების, დიაბეტის, არითმის და ათეროსკლეროზის დროს.