რა არის ფიტნესი?
ბუნებრივი იქნება თუ ჩემი ბლოგის პირველ თემას კლასიკურად დავიწყებ, მეტნაკლებად პასუხს გავცემ ამ თემის ყველაზე მთავარ და აუცილებელ კითხვას – რა არის ფიტნესი?
თანამედროვე ცხოვრებას ახალი ტერმინების და მიმდინარეობების დამკვიდრება უყვარს, ყველა სიახლე კი ახალი და ხშირად უცხო სახელით იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში, რომლის ზუსტი განმარტება ბევრისთვის გაუგებარი რჩება. ასეა ფიტნესიც.
არც თუ დიდი ხანია რაც ეს სიტყვა შემოვიდა ჩვენს რეალობაში და დღითიდღე მოდური ხდება. ვიღაცისთვის ის ყოველდღიური ცხოვრების წესია, ვისთვის სასურველი მიზნის მისაღწევი საშუალება, ვიღაცისთვის კი ჯერ კიდევ უცხო და გაუგებარი ხილი.
ფიტნესი სათავეს ამერიკიდან იღებს, ის ჩამოყალიბდა 90-იან წლებში როგორც ბოდიბილდინგის ალტერნატივა. ბოდიბილდინგი ორიენტირებულია სხეულის მაქსიმალურად დიდი კუნთოვანი მასის მიღებაზე, ვარჯიშით და ანაბოლური სტეროტიდების (პრეპარატები) დახმარებით.
ფიტნესი სხვა სისტემით მუშაობს სხეულზე – ვარჯიში და სწორი კვება, რომლის მიზანია ჯანმრთელი სხეული.
სიტყვასიტყვით ფიტნესი ნიშნავს შეესაბამებოდე, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში ინგლისური სიტყვიდან – to be fit.
ფიტნესი იმ ადამიანების ცხოვრების განუყოფელი წესია, ვინც სულის და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვის, ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვს მუდამ კარგად გამოიყურებოდეს.
ბოდიბილდინგი პირდაპირი თარგმანით “სხეულის შენებას” ნიშნავს, მაშინ როდესაც ფიტნესი საკმაოდ ფართო ცნებაა და სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობას მოიცავს: სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში, ცურვა, სირბილი და ა.შ.
სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის.
ფიტნესი – ცხოვრების ფილოსოფიაა. ის გიმუშავებს სამყაროს მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას და ცვლის შენი ცხოვრების წესს, მოითხოვს არა მარტო მოძრობას და ფიზიკურ აქტივობას, არამედ კვების რაციონის, დღის რეჟიმის და მთლიანად ხასიათის და განწყობის ცვლილებას.
ფიტნესის მთავარი “ღირსება” ისაა, რომ მისი მიზანი არა სპორტული შედეგების მიღწევაა, არამედ ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა. ყველა ფიტნეს აქტივობის და პროგრამის პრინციპია უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მაქსიმალურად გაუმჯობესება.
როგორც ჩეხოვი იტყოდა – ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს. ადამიანის ჯანმრთელობაში კი მხოლოდ მისი ჯანმრთელი სხეული არ იგულისხმება. ფიტნესი ცხოვრების წესია, სადაც ჯანმრთელობა -ეს სამყაროსადმი და საკუთარი თავისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
ფიტნესის ამოცანა სრულყოფილი ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებაშია.
ფიტნესით საშუალებით არამარტო სხეულის ფორმების სრულყოფა ხდება. ის მიმართულია უპირველეს ყოვლისა ადამიანის პიროვნული სრულყოფისაკენ, მისი შინაგანი სამყაროს გარე სამყაროსთან ჰარმონიზაცისკენ. საკუთარი ბუნების ძიება და განვითარება საკუთარი ინდივიდუალიზმის შეცნობის და მნიშვნელობით – ეს არის ფიტნესის მთავარი არსი. საკუთარი თავის გაგება და მიღება, პირველ რიგში სამყაროსთან ახალ დამოკიდებულებას აყალიბებს – რეალობის ოპტიმისტური, დადებითი კუთხით აღქმა, შენებისაკენ სწრაფვა, საკუთარ ძალებში რწმენა და წარმატებისაკენ სწრაფვა.
როგორც წესი, ის ადამიანები, ვინც ფიტნესით რეგულარულად დაკავებულები არიან, არ შეუძლიათ ვარჯიშისათვის ერთბაშად თავის დანებება. ხოლო თუ მაინც თავს ანებებენ, “ფიტნესმანებს” ასე ვთქვათ “ლომკა” ეწყებათ, იმდენად ითხოვს მათი სხეული ისევ ფიზიკურ დატვირთვებს. ყველაფერი ჩვევაა. ადამიანი როგორც სმას ან სიგარეტის მოწევას ეჩვევა, ასევე ეჩვევა ჯანსაღი ცხოვრების წესს.
დასასრულს მცირე რეზიუმე:
ფიტნესი – ჯანმრთელი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.
ფიტნესი – სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობაა, რომლიც სწორ კვებასთან ერთად კარგი ჯანმრთელობის გარანტიაა.
ფიტნესის სამყარო – სხეულის, გონების და სულის ჰარმონიული ერთიანობაა.
ფიტნესი ესაა –
• ჯანმრთელობა
• კარგი განწყობა
• უსაფრთხოება
• მოძრაობა
• ენერგია
• ახალგაზრდობა
• თვითსრულყოფა
• ინდივიდუალიზმი
• ჰარმონია
• შემოქმედება
• თამაში
• ოპტიმიზმი
• სიხარული
• თვითდაჯერებულობა
• შენება
• ერთიანობა