რატომ მძულს სიტყვა დიეტა?

დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის სიტყვა დიეტა ცალსახად შეზღუდულ კვებასთან, გამუდმებული შიმშილის გრძნობასთან, ხანგრძლივ და დაუსრულებელ წვალებასთან ასოცირდება.
ერთი შეხედვით თავად განმარტებაში არაფერია საგანგაშო

დიეტა – [ბერძ.diaita ცხოვრების წესი]-ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმია – დიახ, საუბარია კვების დადგენილი წესის დაცვაზე. ასეცაა – გააზრებულ, სწორედ შედგენილ დიეტაში, ანუ კვების რეჟიმში რა თქმა უნდა ცუდი არაფერია, როცა ის დაბალანსებული კვების და ზომიერების პრინციპებზეა აგებული.

თუმცა სამწუხაროდ, რეალურად საქმე რადიკალურად განსხვავებულად მდგომარეობს. წონაში სწრაფად დაკლების მსურველთა ლექსიკონში სიტყვა დიეტა ცალსახად, არა კვების, არამედ მუდმივი შიმშილის რეჟიმს მოიზრებს. ამ თემაში სწორედ ასეთ მიდგომაზე ვისაუბრებთ – დიეტაზე, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ ეფექტზე და ამის გამო რადიკალურად შემცირებული ერთფეროვანი რაციონით გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ჯანმრთელობას.

საინტერესოა ვინმეს თუ უცდია დაეთვალა რამდენი დიეტა არსებობს მსოფლიოში?
საკმარისია თქვენს რაციონს მოაკლოთ ან მიუმატოთ რომელიმე პროდუქტი და ჩათვალეთ რომ ახალი დიეტა მიიღეთ. თანამედროვე დიეტების რაოდენობა ლამის გახდომის მსურველთა რაოდენობას უტოლდება, მრავალფეროვანია მათი დასახელებებიც – ფრანგული, ინგლისური იაპონური, დიეტა, უგულავას, დოლინას, კრემლის დიეტა, ბრინჯის, წიწიბურას დიეტა და ა.შ. შთამბეჭდავია წინასწარ დაანონსებული შედეგები – თვეში 4, 6, 8, 12 კილო. მოკლედ გაუვალი უგზოუკვლო ჯუნგლებია. ამ დიეტების შესახებ როგორც წესი დაქალის, ჟურნალის, ან ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ. არადა მათი უმეტესობა მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ ან სამედიცინო საფუძვლებს და ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.

სხეულის ფორმაში მოყვანის მსურველ მდედრობითი სქესის ბევრი წარმომადგენელისთვის დიეტა ხშირად აკვიატებულ იდეადაა ქცეული. არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მიუმართავს დიეტისათვის. უმეტესობა კი წელიწადში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის დადგომის წინ, რომელიმე სწრაფშედეგიან ექსტრემალურ დიეტას მსხვერპლად სწირავს საკუთარ თავს…. მკვეთრად ამცირებს რაციონს და ერთფეროვანი საკვებით ცდილობს გასაოცარი შედეგის მიღწევას…. უარეს შემთხვევაში კი იწყება მთელი დღე ან მარტო ბრინჯის, ან ვაშლის, ან წიწიბურის ჭამა, იქამდე სადამდეც ჯერ ენთუზიაზმი, ბოლოს კი სასოწარკვეთილი თავდადება გასწვდება. ასეთი ტიპის, სწრაფ შედეგზე ორიენტირებული დიეტები, როგორც წესი დაბალკალორიული და დაუბალანსებელი კვების სისტემას წარმოადგენენ, რომლებიც ვიტამინების და მინერალების სიმწირით სცოდავენ ჩვენი ჯანმრთელობის წინაშე. ასეთ არარაციონალურ კვებას საკმაოდ არასასურველ შედეგების გამოწვევა შეუძლიათ, რის შესახებაც ხშირად არც დაფიქრებულან ქალები. სწორედ დაბალკალორიული დიეტა ქალის ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნის საუკეთესო მაპროვოცირებელია. (!!!)
მკაცრი და უგუნური დიეტის მოყვარულებს წარმოდგენა რომ ჰქონდეთ რა ხდება რეალურად მათ ორგანიზმში, არამგონია ოდესმე კიდევ სურვილი გასჩენოდათ მსგავსი ექსტრემისთვის მიემართათ.

როგორც კი თქვენი ცხიმოვანი უჯრედები „ხვდებიან“, რომ ორგანიზმში კალორიების რაოდენობის მიწოდება მკვეთრად მცირდება, სასწრაფოდ ირთვება საგანგაშო სიგნალი და იწყება ცხიმის წარმომქმნელი ფერმენტების მობილიზაცია. დიეტა ზრდის ცხიმოვანი უჯრედების ზომას და აიძულებს ცხიმის დაგროვებაზე აქტიურად მუშაობას და მათ ნელ წვას. სასწორზე თქვენი წონა მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ცხიმისგან თავისუფლდებით. ამ დიეტის გამო ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალს და კუნთოვან ქსოვილს და შედარებით მცირე რაოდენობით ცხიმს. დიეტის შედეგად დაკარგული კუნთოვანი მასა მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) შენელებას იწვევს. მეტაბოლიზმის შენელება კი ნიშნავს, რომ ცხიმოვანი მარაგების დაწვის პროცესის გასაგრძელებლად თქვენ კალორიების, ანუ კვების კიდევ უფრო შემცირება გიწევთ, ეს ისევ ამცირებს მეტაბოლიზმის პროცესს …. მოკლედ მოჯადოებული წრე….

უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მკაცრი და ექსტრემალურია თქვენი დიეტა, რაც უფრო სწრაფად იკლებთ წონაში, იმდენად სწრაფად დაგიბრუნდებათ წონა უკან და თან ნამატით.

მეცნიერების უამრავი დასკვნა არსებობს იმის შესახებ, რომ არცერთ დიეტას არ შეუძლიათ ხანგრძლივი ეფექტის მოტანა.
პირველ ეტაპზე ნებისმიერი დიეტის დაცვით თავისუფლადაა შესაძლებელი წონის 5-10% დაკლება, მაგრამ დიეტის შეწყვეტის შემდეგ წონა დროთა განმავლობაში უკან ბრუნდება და ხშირად აჭარბებს კიდეც პირველად მაჩვენებელს. ხშირად წონის მატების მერე დიეტას ისევ იმეორებენ, კვლავ იღებენ შედეგს…. დროთა განმავლობაში კი ისევ იგივე წრეზე მეორდება ყველაფერი. ექიმების და სპეციალისტების აზრით წონაში ასეთ მრავალჯერად მატება-კლებას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტის გამოწვევა და იმუნური სისტემისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.
გარდა ამისა, ყოველი ასეთი წონის მკვეთრი რყევის შემდეგ თქვენი სხეულის კომპოზიცია თანდათან უარესდება. პირვანდელ წონაზე დაბრუნების შემდეგ კუნთოვანი მასა გაცილებით მცირე გაქვთ ვიდრე წინა ჯერზე, აი ცხიმოვანი კი პირიქით მატულობს. კუნთოვანი მასის როლზე ცხიმების წვაში კი უკვე ვახსენებთ ზევით….

არ დაფიქრებულხარ, თუ ამდენი მრავალფეროვანი დიეტა არსებობს, რატომ აწუხებს მოსახლეობის უმეტესობას ჭარბი წონა. გამოდის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ნებისყოფას მოკრეფ, სასურველ წონამდე დახვალ, შეგიძლია სამუდამოდ დასვენო ამ პრობლემისგან. არადა ნებისმიერმა თქვენთაგანმა საკუთარი გამოცდილებიდან უკვე მშვენივრად იცის რომ ასე არ არის და ეჭვიც მაქვს რომ არაერთხელ აქვს ის უთავბოლო დაკლება-მატების წრე შემოვლილი. სტატისტიკის მიხედვით 100 ადამიანიდან მხოლოდ 5 აქვს მთელი წლის განმავლობაში წონის შენარჩუნების ბედნიერება.

არა აქვს მნიშვნელობა თუ რითი კვებას კრძლავს დიეტა. მთავარია როგორ რეაგირებს მასზე ჩვენი ორგანიზმი. არსებობს 3 ტიპის რეაქცია.

პირველი ვარიანტი – ოპტიმალური. ადამიანი იცავს დიეტას, გრძნობს რომ ყველაფერი კარგად მიდის და ეფექტურად ხდება კლება. თვლის რომ მისი დიეტა საუკეთესოა და გმობს ყველა სხვა ტიპის დიეტას. სამწუხაროდ, ასეთი მოვლენების მიმდინარეობა მხოლოდ 5%-ია.

მეორე ვარიანტი – უკვე მძიმეა. ადამიანი წვალობს, აწუხებს გამუდმებული შიმშილის გრძნობა, სასწორი კი უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს წონაში. ასეთი სცენარი დიეტის შეწყვეტით და ისევ წონის მატებით სრულდება. ასე მთავრდება დაახლოებით ნახევარი შემთხვევები.

მესამე ვარიანტი – დიეტა წყდება ორ-სამ დღეში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ ძალუძს კვებაში მკაცრი შეზღუდვის ატანა.

ყველა დიეტის შედეგი ამ სამი სცენარის შედარებითი თანაფარდობაა. მაგალითად, მსუბუქ დიეტებს უფრო დიდი ხანი უძლებენ, მკაცრი უფრო სწრაფად წყდება და ა.შ.

ჟურნალების მიერ შემოთავაზებული დიეტები ძალიან ცალმხრივია: დაშვებულია მხოლოდ ცილოვანი საკვების მიღება, ან მხოლოდ ნახშირწყლების. ნებისმიერი უგემური და ერთფეროვანი საკვები ემოციურ ფონს დაბლა სწევს, იწვევს მოთენთილობას და ქრონიკულ დაღლილობას. საძულველი საკვებით შედგენილი მკაცრი დიეტა ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს. გარკვეული ტიპის საკვების მუდმივი მოხმარება, იმ დროსაც კი, როცა ისინი სხვადასხვა ტიპის ჯგუფს მიეკუთვნებიან, არამარტო მალე მოსაბეზრებელია და გახდომის პროცესს ანელებს, არამედ შეუძლია ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა გამოიწვიოს. ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყოველდღიურად სჭირდება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების – კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, იოდის, კალციუმის და ა.შ. გარკვეული რაოდენობა. რადგან დიეტების უმეტესობას მკვეთრად შეზღუდული აქვს რაციონი რაოდენობის და შემადგენლობის მიხედვით, მათი დაცვის პერიოდში სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტების მკვეთრი დეფიციტი ვითარდება.

არ არსებობს აბსოლუტურად სასარგებლო და აბსოლუტურად მავნე საკვები პროდუქტები. ყველაფერი დამოკიდებულია არამარტო მიღების რაოდენობაზე, არამედ მათ კულინარიულ დამუშავებაზე, გარკვეული ტიპის პროდუქტების სწორ შეთავსებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე და სხვადასხვა ფაქტორებზე.

პროდუქტები არ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ერთმანეთით. მაგალითად, ხორცის ნაცვლად შევჭამოთ ვაშლი. რკინა, რომელსაც ვაშლი შეიცავს, ორგანიზმი ძნელად ითვისებს, რკინის ძირითად წყაროდ სწორედ ხორცის პროდუქტები ითვლება. დიეტებში, სადაც ცილოვანი საკვები შეზღუდულია, ორგანიზმი ხარჯავს არა ცხიმს, არამედ კუნთოვან ქსოვილებში არსებულ ცილებს, ხოლო ცხიმი ინტენსიურად წარმოქმნება ნახშირწყლებიდან.

ორგანიზმი უმეტესად ენერგიის მობილიზაციას ახდენს არა მხოლოდ ცხიმოვანი მარაგების დასაშლელად, არამედ შლის კუნთოვან ქსოვილსაც, წყლის და სხვა აუცილებელი კომპონენტების დაკარგვასთან ერთად. როცა კვებას ხელოვნურად ზღუდავთ და თქვენი ტვინი ვერ იღებს სიგნალებს დანაყრების შესახებ, ორგანიზმი კი მიღებული საკვების მაქსიმალურად ცხიმად გარდაქმნას იწყებს.

გარდა ამისა, როგორც ინგლისელმა ექიმებმა დაასკვნეს, ყველა გაუაზრებელი მკაცრი დიეტის შემდეგ დაგროვილი ცხიმი, თავისი შემადგენლობით და ორგანიზმში განლაგებით გაცილებით უარესია, ვიდრე დიეტამდე. ცხიმოვანი მარაგების დაგროვება კუნთებიდან და კანიდან შინაგანი ორგანოების მიმართულებით ინაცვლებს.

ქალები წონაში დასაკლებად და სწრაფი ეფექტის მისაღებად მზად არიან ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდნენ, მაგრამ ხშირად არ არიან მზად შეცვალონ ცხოვრების წესი, ჩვევები, არ ცდილობენ გონიერად შეარჩიონ რითი და როგორ იკვებონ, კონკრეტულად რა უხდება მათ ორგანიზმს. ხშირად იცავენ იმ დიეტას და კვების რეჟიმს, რომელიც მათ დაქალს ან მეზობელს მოუხდა და ა.შ.

არცერთი მეთოდი არ არის ეფექტური წონის დასაკლებად, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა არ უდევს საფუძვლად. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სიმაღლე და წონა, არამედ ასაკიც და შესაძლო არსებული დაავადებები ან დარღვევები. სტაბილური შედეგის მისაღებად საჭიროა სისტემური და კომპლექსური მიდგომა. ამიტომ ნელ-ნელა პოპულარული ხდება კვების ისეთი სისტემები, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ფიგურის კორექციაზე, არამედ ცხოვრების წესი ხდება.

ბოლო წლებში ამ პრობლემის მიმართ მიდგომაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, ბევრი ქალის აზროვნებაში მოხდა გარდატეხა. თუ ადრე პრიორიტეტულად ითვლებოდა გარეგნული ფორმა, ახლა მეტი ყურადღება შინაგან განწყობას ექცევა. მხოლოდ სილამაზეს და გარეგნობას არ მოაქვს ბედნიერება. ამაღლებული განწყობა და ენერგია ჯანმრთელობას მოაქვს, რომელიც გვმატებს ძალას და გვაძლევს უნარს გავიკეთოთ კარიერა, ავიწყოთ პირადი ცხოვრება და სრულად ვისიამოვნოთ ცხოვრებით.

იხ. კალკულატორი რამდენი კალორიის მიღება გჭირდებათ დღეში?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *