როგორ დავიყენოთ იდეალური პრესი და ლამაზი მუცელი

ქალის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი მუცელი და წელის მიდამოებია. პირველივე კილოგრამების სამიზნე სწორედ ეს „სუსტი წერტილი“ ხდება. ლამაზი ფორმები მუდმივ მუშაობას და დატვირთვას მოითხოვს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბუნებამ დაგაჯილდოვათ უნაკლო თანდაყოლილი მონაცემებით, მშობიარობის, წონის ცვალებადობის და სხვა „ექსტრემალური“ მომენტების შემდეგ თვითაღდგენის უნიკალური უნარით.

წამოზრდილი მუცლის ფორმასთან და შევსებულ წელთან საბრძოლველად, პირველ რიგში პრესის ვარჯიშებებს მიმართავენ ხოლმე. მუცლის კუნთების ვარჯიში რა თქმა უნდა აუცილებელია, პრესების შესრულება დაგეხმარებათ ტონუსში მოიყვანოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ მუცლის ფორმა და მოყვანილობა, გაიმართოთ წელში და შეცვალოთ სიარულის მანერა უკეთესობისაკენ. თუმცა ეს არაა ყველაფერი. ამ მიმზიდველი შედეგების მისაღებად ბევრი თავს არ ზოგავს. ცდილობს რაც შეიძლება მეტი პრესი, მეტი გამეორება, ვარჯიშის სხვადასხვა ვარიანტები შეასრულოს. მცდელობა ხანდახან საკმაოდ რეკორდულ მაჩვენებლებსაც უახლოვდება, სასურველი შედეგის მიღწევა კი – სწორი მუცელი, წვრილი წელი ან სპორტული ოცნება – 6 კუბიკის (6 pack) დაყენება, უსასრულოდ ჭიანურდება, რადგან ის ცხიმის ფენის უკან რჩება დამალული.

საქმე იმაშია, რომ ლამაზი და სექსუალური მუცლის ფორმის მისაღწევად მარტო პრესის ვარჯიშის არაა საკმარისი, ის ამუშავებს და აძლიერებს კუნთებს, ფორმას აძლევს, მუცელი აღარაა ჩამოვარდნილი, ჩამოწეული, მაგრამ პრესები არ წვავს მუცლის არეში ცხიმის ფენებს – ლამაზი მუცლის საიდუმლო სამზარეულოში იმალება – აუცილებელია შეამციროთ თქვენი კვების კალორაჟი, ჭამეთ ნაკლები, შეამცირეთ ტკბილეული და ცომეული, ერიდეთ ალკოჰოლს.

პრესის ვარჯიშებს აუცილებლად დაუმატეთ აერობული ვარჯიშები, რომ მოიცილოთ  ის ცხიმის ფენა, რომელიც თქვენი შრომის შედეგს ეფარება.

აერობული ტიპის დატვირთვებიდან საუკეთესოდ ითვლება ხტუნვები, სირბილი, ველოსიპედით სიარული. ასეთი ტიპის დატვირთვების რაოდენობა საჭიროა კვირაში 3-4-ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში. ეს ვარჯიშები აუცილებელია, რადგან იზრდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს მოიხმაროს ყველა სახის გადანახული ენერგიის მარაგი, მათ შორის ცხიმიც.

აუცილებელი არაა პრესის ვარჯიშები დიდი გამეორებებით აკეთოთ და ყოველდღე. საკმარისია კვირაში 3 ვარჯიში 5-10 წუთის ხანგრძლივობით. მიეცით კუნთებს დასვენის და აღდგენის საშუალება.

არასერიოზულია სხვადასხვა დიეტები და ვარჯიშები, რომელიც თითქოს ეფექტურია რომელიმე კონკრეტული ადგილიდან ცხიმის მოსაცილებლად. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ის, რომ გახდომის პროცესში ცხიმი მთელი ორგანიზმიდან თანაბრად, პროპორციულად  კლებულობს.

ასევე სასაცილოა სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც რაღაც სასწაულმოქმედ პრესის ტრენაჟორებს უკეთებენ რეკლამას. პირველ კადრში აჩვენებენ 10-20 ზედმეტი კილოგრამით ქალბატონს ან მამაკაცს, გვიყვებიან როგორ დაიკლო მხოლოდ ამ პრესის ტრენაჟორით ეს წონა, დაიყენა პრესი და  ბოლო კადრში გვიჩვენებენ მინიატურულ წელს, 6 კუბიკით გამოკვეთილ, როგორც ბოდიბილდერები ეძახიან ცხიმისგან “გამომშრალ” მუცელს. აბსოლუტური არასერიოზულობაა, ამას ნებისმიერი მიხვდება ვისაც მეტნაკლებად შეხება ჰქონია მუცლის პრესის ვარჯიშთან და უცდია მსგავსი შედეგის მიღწევა. ასეთი მაქსიმალური შედეგი მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს – პრესებთან ერთად, როგორც ვთქვი დიეტის და აერობული დატვირთვების ჩართვას.

როცა ორგანიზმში ცხიმის შემცველობა მცირდება 10%-მდე, თქვენ შეძლებთ თქვენი პრესის დანახვას. იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ კუბკები მაშინაც კი ჩანდეს, როცა მოდუნებულ მდგომარეობაში ხართ, მაშინ ეს ციფრი 6%-მდე უნდა შეამციროთ. თუმცა ეს უკანასკნელი შემთხვევა უფრო მამაკაცებისათვის არის განკუთვნილი, რომლებიც ბოდიბილდინგით სერიოზულად არიან გატაცებულნი.

მუცლის პრესის ეფექტური ვარჯიშები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *