ნორმან უოკერი – მკურნალობა ახალგაწურული წვენებით
წვენებით თერაპიის ფუძემდებელად შოტლანდიელ-ამერიკელი ბიზნესმენი და ჯანმრთელი კვების პროპაგანდისტი, დოქტორი ნორმან უოკერი (1886-1985) ითვლება, რომელმაც თავად თითქმის 100 წელი იცოცხლა.
ნორმან უოკერი
დაიბადა 1886 წლის 4 იანვარს იტალიაში, ქალაქ გენუაში, ბაპტისტი მღვდელის ოჯახში. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში, საფრანგეთში გლეხების ოჯახში ყოფნისას, ავადმყოფობისაგან გამოჯანმრთელების პერიოდში, ნორმანმა აღმოაჩინა ბოსტნეულის წვენების სასარგებლო თვისებები. ოჯახის დიასახლისზე დაკვირვებისას, რომელიც სამზარეულოში სტაფილოს ასუფთავებდა, უოკერმა ბოსტნეულის კანზე სითხე შენიშნა. მან სცადა მისი დაქუცმაცება და შემდეგ ამ წვენის გამოწურვა. ასე მიიღო ნორმან უოკერმა თავისი პირველი ჭიქა სტაფილოს წვენი. 1910 წელს, უოკერმა ოჯახთან ერთად დატოვა ინგლისი და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში, უოკერი და მისი ნაცნობი ექიმი ერთად ხსნიან წვენების ბარს, სადაც მომხმარებლებს წვენების სახლში მიტანის მომსახურებას სთავაზობდნენ. 1930 წლისათვის მათ ნატურალური ახალგამოწურული წვენების ათობით ფორმულა შეიმუშავეს სხვადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ. უოკერი თვლიდა, რომ მსხვილი ნაწლავის გასუფთავება ცოცხალი წვენებით – კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.
უოკერმა საკუთარი წვენსაწური დანადგარის პროექტირებაც კი შეძლო – The Norwalk (ნორუოლკი), რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა – ბოსტნეულის დამაქუცმაცებელი და პრესი, წვენის გამოსაწურად.
ის ასევე ავტორია ექვსი წიგნის, რომელიც წვენებით მკურნალობას და ჯანმრთელობის საკითხებს შეეხება.
ნორმან უოკერი:
„მე შემიძლია დაწმუნებით ვთქვა, რომ არასდროს ვგრძნობდი ჩემს ასაკს. მას შემდეგ რაც მოწიფულ ასაკს მივაღწიე, არ მიგრძვნია თავი მოხუცებულად და შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ დღეს გაცილებით სიცოცხლით და ენთუზიაზმით სავსედ ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ როცა 30 წლის ვიყავი. ვგრძნობ, რომ საუკეთესო წლები წინ მაქვს. არასდროს ვფიქრობ დაბადების დღეებზე და არც მათ აღვნიშნავ. დღეს მე შემიძლია სამართლიანად ვთქვა, რომ ვტკბები ძლიერი ჯანმრთელობით და არა ვარ წინააღმდეგი ვუთხრა ადამიანებს, რა ასაკისა ვარ: მე დაუბერებელი ვარ!“
წვენებით თერაპია
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი სტაფილოს წვენით დაიწყო. სტაფილო – კაროტინის წყაროა, A ვიტამინის პროვიტამინია. ის ასევე შეიცავს B, C, D ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს და რკინას. „ახალდაწურულ სტაფილოს წვენს აქვს წყლულის შეხორცების, ასევე სიმსივნური წარმონაქმნების ლიკვიდაციის უნარი“, – ირწმუნება ნორმან უოკერი. თავის თანამოაზრეებს და მიმდევრებს, ის ურჩევდა სტაფილოს წვენი კვების ძირითად ნაწილად ექციათ. უოკერი ყვებოდა, როგორ დაეხმარა ერთხელ მოზარდებს, რომლებსაც არ იღებდნენ სასწავლებელში არასაკმარისი მხედველობის გამო. მან ახალგაზრდებს შემდეგი მკურნალობა გამოუწერა: დღეში ორი ლიტრი ახალგამოწურული სტაფილოს წვენის დალევა. რამდენიმე კვირის შემდეგ აბიტურიენტები კვლავ წარდგნენ კომისიის წინაშე – ამჯერად ისინი ვარგისად ჩათვალეს და მიიღეს სასწავლებელში.
ამ მომენტს ვერ ავუვლი მსგავსი რეალური შემთხვევის კიდევ ერთხელ გახსენების გარეშე. პოლ ბრეგის შესახებ სტატიაში ვწერდი, როგორ შეძლო მამაჩემმა გლაუკომის მძიმე დიაგნოზისაგან თვითგანკურნება, როცა შიმშილობით დაწყებული პროცესი სტაფილოს წვენების თერაპიით გააგრძელა. შედეგი ექიმებისათვისაც განმაცვიფრებელი და დაუჯერებელი იყო – თვალი, რომელსაც მხედველობა სრულიად დაკარგული ჰქონდა და სავარაუდოდ ოპერაციით უნდა ამოეღოთ, აბსოლუტურად განიკურნა და მხედველობა აღუდგა.
რატომ მიანიჭა უოკერმა უპირატესობა მაინცდამაინც წვენებს და არა ხილს და ბოსტნეულს ბუნებრივი სახით? პირველ რიგში, წვენები ორგანიზმის მიერ სწრაფად აითვისება (რამდენიმე წუთის განმავლობაში) და სრულად. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამაზე მინიმალურ ძალისხმევას ხარჯავს. მეორე, წვენებს ორგანიზმიდან მკვდარი უჯრედების ნარჩენები გამოყავთ, რომლებიც არასწორი კვების შედეგად გროვდება. „წვენის გამოწურვის შედეგად, ის ნიტრატები, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულში სასუქის საშუალებით მოხვდა, რჩება უჯრედისში, ანუ ხილის ნარჩენებში“ – ირწმუნება მეცნიერი. გარდა ამისა, წყალი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ხილსა და ბოსტნეულში, ძალიან სასარგებლოა, რადგან მასში ორგანული ვიტამინები და მინერალებია. „წყურვილი გაწუხებთ? – წყლის ნაცვლად დალიეთ ერთი ჭიქა წვენი“ – ამბობს უოკერი.
ნორმან უოკერი ხშირად უწევდა რეკომენდაციას სტაფილოს და ისპანახის ნაზავს, პროპორციით ორი ერთზე. ასეთი მიქსი შველის თავის ტკივილს, გრიპს, გულის დაავადებებს, სიმსუქნეს და სხვა ავადმყოფობებს.
ჭარხლის წვენი კარგად მოქმედებს სისხლზე, ხელს უწყობს სისხლის წითელი სხეულების დონის ზრდას. ჭარხალი ასევე ღვიძლის დასუფთავების „სერიოზული სპეციალისტია“. გარდა ამისა, უოკერი ქალებს ურჩევდა ჭარხლის წვენი (ან სტაფილო-ჭარხლის ნაზავი) დაელიათ ციკლის პერიოდში, ტკივილების შესამსუბუქებლად – დღეში 2-3-ჯერ ნახევარი ჭიქა. წვენის მიღება უნდა მცირე დოზებით დაიწყოთ და სასურველია მისი სტაფილოს წვენით გაზავება.
არანაკლებ ძლიერი მოქმედების უნარი გააჩნია ოხრახუშის წვენს, რომელიც აუმჯობესებს თირკმლისზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას. თუმცა მათი მიღება ასევე ფრთხილადაა საჭირო – დღეში არაუმეტეს 30-50გრ. ეს ნაზავი აძლიერებს სისხლძარღვებს, კაპილარებს და არტერიებს. თუ სუფთა სახით მისი გემო უსიამოვნო გეჩვენებათ, შეგიძლიათ დალიოთ ნაზავის სახით: ოხრახუში – ჭარხალი ან ოხრახუში – ჭარხალი – სტაფილო.
მწვანე წიწაკის წვენი რეკომენდირებულია ფრჩხილების და თმების გასამაგრებლად; კომბოსტოს წვენი – წონაში დასაკლებად, კარგი კანისთვია და ასევე შეკრულობის საწინააღმდეგოდ, რადგან გოგირდის და ქლორის ნარევი ასუფთავებს ლორწოვან კუჭნაწლავს; კარტოფილის წვენი – საჭმლის მონელების და ნერვული აშლილობის დროს; სატაცურის წვენი სტაფილოს წვენთან ერთად კარგი შარდმდენი საშუალებაა.
უოკერის მენიუში ბევრი ეგზოტიკური ვიტამინებით სავსე სასმელია. მაგალითად, ბაბუაწვერას წვენი, რომელიც ახდენს ძვლოვანი სისტემის გაძლიერებას; ან იონჯას და სტაფილოს წვენი, რომელიც კარგია ბრონქიტის, ტრაქეიტის და ჰაიმორიტის დროს.
უოკერი თვლიდა: იმისათვის, რომ წვენებმა მოქმედება შესძლონ, ისინი ახალგამოწურული უნდა იყოს და მათი მიღება ნახევრიდან სამ ლიტრამდეა საჭირო. თუმცა, მეორე მტკიცებას წვენების დიდ რაოდენობაზე, თანამედროვე „წვენების თერაპია“ უარყოფს, რაგან ზოგიერთი წვენის გადაჭარბებული მიღება იწვევს ალერგიას, ზედმეტად ტვირთავს ღვიძლს და აქვს გარკვეული უკუჩვენებები. სამკურნალო ეფექტისათვის საკმარისია 3-6 ჭიქა წვენი, ხოლო ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისათვის არაუმეტეს 1-2 ჭიქისა.
წვენებით მკურნალობის პარალელურად, უოკერი ხორცისგან, პურეულისგან, მარილის და შაქრისგან თავის შეკავებას უწევდა რეკომენდაციას. „აღიჭურვეთ მოთმინებით და დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური წვენების საშუალებით თქვენ წმენდთ თქვენს ორგანიზმს“ – გვირჩევს ნორმან უოკერი.