2012 წლის პოპულარული ფიტნეს ტენდენციები

ამერიკის ფიზიკური ვარჯიშების საბჭო (ACE) – მსოფლიოში უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ახდენს ფიტნეს-ინსტრუქტორების მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ყოველწლიურად ამზადებენ და აქვეყნებენ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორები, დიეტოლოგები,  სპორტული მეცნიერების და ფიტნეს-ჯგუფების ექსპერტები, ექიმები და წონის კონტროლის სპეციალისტები.

გთავაზობთ მათ კვლევებს თემაზე, თუ როგორი იქნება ფიტნესი აშშ-ში მომავალი 2012 წლის განმავლობაში და რა ტენდენციები იქნება პოპულარული:

დღევანდელ კონკურენციულ გარემოში, ფიტნესში მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიონალებზე, რომლებიც თავისი სფეროს წარმატებული ლიდერები არიან, რადგან მუდამ აფართოებენ ცოდნას და ეფექტურად ეხმარებიან კლიენტებს სასურველი მიზნის მიღწევაში. 1500-ზე მეტი პასუხმა ცხადყო დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ისეთი საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, რომლებიც შეეხება ჭარბწონიანთა რიცხვის სერიოზულ მატებას, ამასთან ერთად კი გაიზარდა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ფიტნეს-პროგრამების მიმართ მოსახლეობის დაინტერესება.

“მართალია ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ უკვე არის შესამჩნევი ცვლილებები მომხმარებლებს შორის, რომელიც იმედია დანერგავს მნიშვნელოვან სპორტულ ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ სტილს“, – ამბობს ACE-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სედრიკ ბრაიანტი.

გავეცნოთ მათ კვლევებს და შევადაროთ საქართველოში არსებულ ტენდენციებს:

1. სიმსუქნე

წონის დაკლების პრობლემა პირველია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მომხმარებლები მიმართავენ სპორტულ კლუბს ან ფიტნეს-მწვრთნელს. საზოგადოებაში თანდათან ფართოდ მკვიდრდება აზრი ფიზიკური პასიურობის და ჭარბი წონის მავნებლობის შესახებ. აშშ-ში ხუთიდან სამ ადამიანს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს – ასეთი სამწუხარო სტატისტიკით, მუცელზე ფიტნეს-კუბიკების დალაგებამდე ძალიან შორია, პირველ რიგში საჭიროა ჯანმრთელობა.

რაც შეეხება ჭარბწონიანობის თემას საქართველოში, მართალია ზედმეტი წონის პრობლემა მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, მაგრამ არა ისეთი უზარმაზარი და ეპიდემიური მასშტაბების სახით როგორც აშშ-ში.

 2. სისტემატიური ვარჯიში

სისტემატიური ვარჯიში ახალი ტრენდი ხდება.  გარდა ამისა, რათა ვარჯიშის შედეგები სახეზე იყოს, ამისათვის საჭიროა სწორი კვება. ACE თვლის, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, კლუბში კლიენტი არა მარტო ვარჯიშისათვის უნდა მიდიოდეს, არამედ სრულყოფილი მომსახურების მისაღებად. ამიტომ ინსტრუქტორებთან ერთად კლუბში უნდა მუშაობდნენ დიეტოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიოთერაპევტები.

ჩვენი ფიტნეს-ინდუსტრია არც ისე განვითარებულია, როგორც აშშ-ში, სადაც სტატისტიკურად ფიტნესით 15%-ია დაკავებული, უფრო ნაკლებია მათი რიცხვი რუსეთში – 3-5%. ჩვენთან მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს რიცხვი უფრო ნაკლებია. მაღალი კონკურენციის გამო აშშ-ს ფიტნეს-კლუბები მაქსიმალურად უნიკალურ მორგებულ მოსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. მსგავსი მომსახურება საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა – კომპლექსური მიდგომა, სადაც კლიენტთან ერთდროულად ექიმი, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ფსიქოლოგი მუშაობს, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, არის მცდელობა ზოგიერთ კლუბებში ამ საქმეში პროფესიონალი ექიმების და დიეტოლოგების ჩართვის, რაც მისასალმებელია. ასევე ზოგ კლუბში არსებობს მასაჟისტის მომსახურება, თუმცა ეს დამატებითი ხარჯებს მოითხოვს.

3. ჩვევების ცვლილებები

მიუხედავად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოსი, რომელიც გაწეული იქნა ჯანმრთელობის სფეროში, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი კვლავ ფიქრობს, რომ წონაში დაკლების საუკეთესო მეთოდი, მკაცრი ან მოდური დიეტის დაცვაა. ამიტომ მომავალ წელში ისევ ძალაში იქნება საგანმანათლებლო კამპანიები და პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ ფიტნესის სფეროს პროფესიონალებს, რათა ისინი თავის კლიენტებს დაეხმარონ იმ საკითხის გაცნობიერებაში, რომ არ შეიძლება მოკლე გზით გრძელვადიანი შედეგის მიღწევა.

სამწუხაროდ მსგავსი პრობლემა საქართველოშიც დგას. ერთის მხრივ ფიტნეს-კლუბების ნაკლებად ხელმისაწვდომობის, მეორე მხრივ კი ამ საკითხის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო, ზედმეტი წონის პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად, ჩვენთანაც ინტერნეტში ან ჟურნალში ამოკითხული ექსტრემალური და მონო- დიეტები ითვლება. შესაბამისი თემატიკის სატელევიზიო გადაცემებში პროფესიონალი დიეტოლოგების და ექიმების მხრიდან არის ამის განმარტების მცდელობა, თუმცა ეს არასაკმარისია – საჭიროა მოსახლეობის მეტად გაცნობირება ამ საკითხის მავნებლობის შესახებ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა თინეიჯერული ასაკის გოგონებში, რომლებიც რამდენიმე ზედმეტ კილოგრამთან ბრძოლის გამო, უსისტემო ექსპერიმენტული კვებით იზიანებენ ჯანმრთელობას.

4. საზოგადოების თანამშრომლობა

ფიტნეს სერვისების მომსახურება და განათლება ფართოვდება ადგილობრივ საზოგადოებებში, სპორტული დარბაზების, პარკების და  გამაჯანსაღებელი ცენტრების აქტიურობის ჩათვლით. ACE-მ 2011 წელში გამოავლინა ადგილობრივი ლიდერები ამ სფეროში, რომლებიც აქტიურ როლს თამაშობენ ჯანმრთელობის საკითხების განვითარებაში თავის რეგიონებში.

5. ტექნოლოგიების გავლენა

ACE-ს 2011 წლის ანგარიშით ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობენ ფიზიკური აქტიურობის სფეროში. სოციალური მედია და მობილური აპლიკაციები რევოლუციას ახდენენ ამ სფეროში. ფიტნესი სულ უფრო ინტერაქტიური ხდება სხვადასხვა ონლაინ პროგრამებით და ჯგუფების საშუალებით. გარდა ამისა, მწვრთნელებს უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდებათ რათა კლიენტებთან არა უშუალოდ, არამედ ინტერნეტის საშუალებითაც იკონტაქტონ.

6. ფიტნესი მაღალი და დაბალი ასაკობრივი ჯგუფებისათვის

წყლის ან ჯგუფური ფიტნესი ძალიან პოპულარულია უფროსი ასაკის ადამიანებში. ACE-ს სპეციალურად შედგენილ პროგრამებს ბევრი უპირატესობა აქვს და სასარგებლოა 50+ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც მოსახლეობის 41%-ს შეადგენენ. პირველი ლედი მიშელე ობამა პროპაგანდას უწევს ბავშვები ფიზიკურ აქტიურობას, ფიტნესს სკოლებში, ფიტნეს ცენტრებში საბავშვო ჯგუფების შექმნას.

საქართველოში ფიტნეს-კლუბების ფასების და პენსიის თანხის არაპროპორციული შესაბამისობა ჯერჯერობით არარეალურს ხდის ჩვენი პენსიონერებისათვის მსგავსი მომსახურებით სარგებლობის საშუალებას. ამასთან, არც სოციალური დაზღვევა ითვალისწინებს მსგავსი პროგრამების ამოქმედებას, განსხვავებით აშშ-სი. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე პოპულარული ფეხით აქტიური სეირნობაა და პარკში, სუფთა ჰაერზე ერთობლივად ვარჯიში, რისი მაგალითიც ხშირად შემხვედრია სპორტული თავშეყრის ადგილებში. ასევე, ხანშიშესული ადამიანები ხშირად მიმართავენ იოგას ჯგუფებს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

7. პროფესიული განათლება

ფიტნესის სფეროს პროფესიონალები ახლა, როგორც არასდროს მაქსიმალურად ცდილობენ განათლების დონის ამაღლებას და განიხილავენ ამას როგორც აუცილებელ პირობას საკუთარი საქმის წინსვლისთვის. თავის მხრივ, აცნობიერებენ რა პროფესიული ცოდნის მნიშვნელობას, ფიტნეს-კლუბები უპირატესობას იმ ინსტრუქტორებთან თანამშრომლობას ანიჭებენ, რომელთაც აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატი გააჩნიათ.

ჯერჯერობით მსგავსი აკრედიტირებული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ფიტნეს-ინსტრუქტორებს ამზადებენ, ჩვენთან არ არსებობს. ამ პროფესიის ადამიანთა უმეტესობა ყოფილი სპორტსმენი, მოცეკვავე ან თვითნასწავლია, უკეთეს შემთხვევაში კი რუსეთში (სადაც მსგავსი სასწავლო ორგანიზაციები არსებობს) სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.

8. პოპულარული ვარჯიშები

ზუმბა (ლათინური ცეკვების და აერობიკის მარტივი მოძრაობების მიქსი), boot camp (საბრძოლო ხელოვნების ილეთების და გუნდური შეჯიბრებების სტილი), TRX-სისტემა (ვარჯიში სპეციალური მარყუჟების გამოყენებით) და ინტერვალური ვარჯიშები კვლავაც პოპულარული ტრენდები იქნება 2012 წელს ამერიკის ფიტნეს პროგრამებში.  იგივე ეხება core training-ის სისტემას (ძალოვანი ვარჯიში, რომელიც მოძრავ პლატფორმაზე სრულდება), რომელიც უფრო მეტად პოპულარული გახდება.

საქართველოში არც ისე განებივრებული ვართ ახალი ფიტნეს-ტენდენციების გაზიარებით. ქალებში ყველაზე პოპულარული აერობიკა და ტრენაჟორებზე ვარჯიშია, ან საცეკვაო ჯგუფებში ჩაწერა, ასევე მაღალია დაინტერესება იოგასა და პილატესში. მამაკაცთა შორის ლიდერი პროგრამაა სატრენაჟორო დარბაზში ძალოვანი ტრენინგი. ვფიქრობ, ამ ტენდენციების ცვლილებებს მომავალ წელს საქართველოში ალბათ არ უნდა ველოდეთ.

ბედნიერ ახალ 2012 წელს გისურვებთ, ივარჯიშეთ ჯანმრთელობისთვის და იყავით მუდამ ფორმაში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *