“Biggest loser” – შოუ “ვინ უფრო მეტს დაიკლებს წონაში”
“Biggest loser” – ასე ეწოდება სატელევიზიო რეალითი შოუს, რომელიც იქმნება 25 და ტრანსლაცია ხდება 90-ზე მეტ ქვეყანაში. “Biggest loser” ქართულად დაახლოებით როგორც „წონაში ყველაზე დიდი დამკლები“ ითარგმნება. სხვათაშორის, სიტყვების თამაშის გამო მისი თარგმნა ასეც შეიძლება – “ყველაზე უიღბლო”, მაგრამ როგორ შეიძლება უიღბლო უწოდო ადამიანს, რომელიც შოუში გამარჯვების შედეგად ზედმეტი წონისგან თავისუფლდება და თან 250.000 აშშ დოლარს იგებს. ამ შოუმ პირველად აშშ-ში აიღო სტარტი და საკმაოდ დიდი აუდიტორია მიიზიდა დროთა განმავლობაში.
რას წარმოადგენს ეს შოუ?
ადამიანების ჯგუფი, რომელთაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებთ, ცდილობენ წონაში დაკლებას და იბრძვიან საკმაოდ სერიოზული ფულადი პრიზისთვის. სეზონის დასაწყისში წონიან ყველა მონაწილეს, რომლებიც შემდეგ იყოფიან ჯგუფებად. ყველა ჯგუფს თავისი მწვრთნელი ჰყავს. ისინი მათ სწორ კვებას, კალორიების თვლას ასწავლიან და ავარჯიშებენ. თუმცა მხოლოდ მონაწილეზეა დამოკიდებული, როგორ ივარჯიშებს და რას შეჭამს მწვრთნელის არყოფნის პერიოდში.
წონის კონტროლი ხდება ყოველ კვირას და დაკლებული კილოგრამები პროცენტებში გადაიყვანება. გუნდი, რომელმაც პროცენტულად ყველაზე ნაკლები დაიკლო, ირჩევს ერთ მონაწილეს, რომელიც შოუს დატოვებს.
როცა მონაწილეთა რაოდენობა კლებულობს, ჯგუფები იშლება და ყველა საკუთარი თავისთვის იწყებს ბრძოლას, თან აგრძელებს პირად მწვრთნელთან ვარჯიშს. ყოველ კვირას ისევ წონიან მონაწილეებს და შედეგების მიხედვით ორი მონაწილე, რომელიც ყველაზე ნაკლებს დაიკლებს ამ შუალედში, მიდის შოუდან.
ფინალისტი, რომელიც ყველაზე მეტს დაიკლებს შოუს განმავლობაში – გამარჯვებულად ცხადდება და იღებს ფულად პრიზს.
რეალითი შოუ “Biggest loser” გადაიცემა NBC სატელევიზიო არხზე.
წლევანდელი მე-12 სეზონი და მისი გამარჯვებული:
წლევანდელმა მე-12 სეზონმა 2011 წლის 20 სექტემბერს აიღო სტარტი ორ ახალ მწვრთნელ – ანა კურნიკოვა და დოლვეტ ქუინსთან ერთად. ისინი შოუს ფავორიტ მწვრთნელ ბობ ჰარპერს და მონაწილეებს შეუერთდნენ, რომლებიც შოუს ისტორიის მანძილზე პირველად ასაკის მიხედვით დაიყვნენ ჯგუფებად. შეიქმნა სამი ასაკობრივი 5 კაციანი ჯგუფი: ახალგაზრდა მოთამაშეები (30 წლამდე), შუა ასაკის (30-49 წელი) და უფროსი ასაკის (50 წელი და ზევით). მე-12 სეზონის მონაწილეების ასაკი 24-დან 65 წლამდეა.
თამაშის დასაწყისში, შოუს წამყვანი ალისონ სვინმა მონაწილეებს შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინათ, ვინ იქნებოდა მათი მწვრთნელი – უკვე გამოცდილი ბობ ჰარპერი, თუ ცნობილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა ან ტოპ ფიტნეს-ექსპერტი დოლვეტ ქუინსი. მწვრთნელების არჩევის შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები ბრძოლაში ჩაებნენ.
თუმცა წლევანდელ შოუში ანა კურნიკოვამ დიდი ხანი ვერ გაძლო მწვრთნელის პოსტზე. ის “Biggest loser”-ში ცნობილ მწვრთნელ ჯილიან მაიკლსს ცვლიდა, რომელსაც ეს შოუ 11 სეზონის განმავლობაში მიჰყავდა. კურნიკოვასთან ხელშეკრულების დადების დროს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა: ანას მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდა, შეეძლო კამერებთან თავისუფლად მოქცევა და იყო ცნობილი სპორტსმენი. თუმცა მოგვიანებით შოუს სარედაქციო ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ანასთან სერიოზული პრობლემები შეექმნათ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო კონკურსანტები მის უხეშობაზე ალაპარაკდნენ. “Biggest loser”-ის წინა მწვრთნელი ჯილიან მაიკლსი გამუდმებით ამშვიდებდა, სტიმულს აძლევდა და განწყობას უმაღლებდა მონაწილეებს, კურნიკოვას კი, როგორც აღმოჩნდა, არც ისე კეთილმოსურნე დამოკიდებულება ჰქონდა მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ჯგუფთან, ხშირად უყვებოდა მონაწილეებს თავის მძიმე სპორტულ რეჟიმზე, როცა მათ უჭირდათ და წვალობდნენ ვარჯიშის დროს. შოუს მონაწილეებიდან ერთერთმა მას „კოშმარი“-ც კი შეარქვა.
“Biggest loser” მე-12 სეზონი გუშინ, 14 დეკემბერს დასრულდა და მისი გამარჯვებული გახდა ადამიანი, რომელმაც თავისი წონის ნახევარი ამ შოუში დატოვა – ჯონ როდემ მარათონი 445 ფუნტით დაიწყო და შოუ 225 ფუნტით დაასრულა, რაც კილოგრამებში 201 კგ.-დან 102 კგ.-მდე კლებას ნიშნავს.
40 წლის ჯონ როდემ შოუს განმავლობაში 100კგ. დაიკლო (220 ფუნტი) და პრიზის – 250.000 $ დოლარის მფლობელი გახდა.
მეორე ადგილი 44 წლის ანტონი დევისმა დაიკავა – მან 202 ფუნტი (91კგ.) დაიკლო და ახლა 245-ს (111კგ.) იწონის.
მესამე ადგილი 27 წლის რამონ მედეიროსს ერგო, მან 154 ფუნტი (70კგ.) დაკლო და ახლა 201 ფუნტს (91კგ.) იწონის.
შოუს მონაწილეთა ფოტოები, შოუმდე და შოუს დასრულების შემდეგ:
გამარჯვებული – ჯონ როდე:
მეორე ადგილი – ანტონი დევისი:
მესამე ადგილი – რამონ მედეიროსი: