განტვირთვის დღე – როდის არის საჭირო?

წონის დასაკლებად ყველაზე მარტივ და სწრაფ საშუალებად ძალიან ბევრი ჭამის აკრძალვას, რაციონის მკვეთრად შემცირებას ან განტვირთვის დღეების მოწყობას მიიჩნევს.  როგორც პირველი ორი რადიკალური გადაწყვეტილებაა მავნე, განტვირთვის დღეც, მიუხედავად გარკვეული პლიუსებისა, შეიძლება ასევე მავნე აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის, თუ მას არასწორედ აკეთებთ.

განტვირთვის დღეების მოწყობა შეიძლება უსასრულოდ და სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს რეალობაა. განტვირთვის დღეები – დაკლებული კილოგრამები, დაბრუნება ჩვეულ კვებაზე და ლამის რამდენიმე საათში უკან მობრუნებული ნაწვალები კილოგრამები –  ნაცნობი სიტუაციაა ხომ? რატომ ხდება ასე და რატომაა საჭირო განტვირთვის დღის მოწყობა?

რატომაა საჭირო განტვირთვის დღის მოწყობა?

განტვირთვის დღის მიზანი:

1.      ორგანიზმს ეძლევა დასვენების საშუალება და არ უწევს იმ დიდი რაოდენობით საკვების გადამუშავება, რომელსაც ჩვეულ დღეებში იღებს.

2.      ორგანიზმი თავისუფლდება საჭმლის დაგროვილი ნარჩენებისაგან და შლაკებისაგან.

3.      ეს არის საშუალება გადახვიდეთ კვების რაციონალურ რეჟიმზე.

4.      დაძრათ პლატოს ეფექტი.

როგორც წესი განტვირთვის დღეს წონის სწრაფად დასაკლებად იყენებენ. თუ გმირულად ჩავატარებთ ამ დღეს, შეიძლება 1-2 კილო მართლაც მოიკლოთ დღეში. თუმცა რეალურად თქვენ არა ცხიმს მოიცილებთ, არამედ წყლისაგან და კუჭნაწლავის ნარჩენებისაგან დაიცლებით – ეს ერთი. მეორეც, წონა უკან სწრაფად დაბრუნდება. მესამეც, მკაცრი განტვირთვის დღის შემდეგ, დიდი ალბათობით თავს ვერ მოთოკავთ, ზომიერების გრძნობას დაკარგავთ კვებაში და უფრო მეტს აინაზღაურებთ, ვიდრე დაკარგეთ. სინამდვილეში კი, განტვირთვის დღეები ეს საკამოდ სათუთი ინსტრუმენტია, რომელიც სწორი დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ.

განტვირთვის დღეები გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის. ის კარგია დიეტური პლატოს დროს, როცა წონა იყინება ერთ წერტილში და ვეღარ იკლებთ. თუმცა ,ეს მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თქვენი ორგანიზმი არ გყავთ დატანჯული მსგავსი ექსპერიმენტების მოწყობით და მისთვის ეს სიახლე იქნება. განტვირთვის დღე კარგია, მძიმე სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, სადაც თავი ვერ შეიკავეთ და უკონტროლოთ მიირთვით. ასეთი „ჭამის მარათონის“ შემდეგ ორგანიზმისათვის სასარგებლოა დასვენება და მძიმე საკვები ნარჩენებისაგან გათავისუფლება, რომელიც ჯერ კიდეც კუჭ-ნაწლავშია დარჩენილი.

რატომაა სახიფათო განტვირთვის დღე?

განტვირთვის დღის მთავარი პრობლემა – კონტროლის დაკარგვაა. როგორც ხშირად ხდება, უკვე დღის ბოლოს, შემდეგ კი მთელი ღამე საათებს და წუთებს ითვლით, როდის გათენდება რომ საჭმელს ეცეთ. ბუნებრივია, ასეთი კვების რეჟიმისგან სარგებელი არ იქნება.

ამიტომ, განტვირთვის დღე მხოლოდ კეფირით, ვაშლით, კიტრით ან წყალზე – წარუმატებლობისათვის განწირული ვარიანტებია. მათი გადატანა რთულია და ნაკლებად შედეგიანია, დასასრულს კი უკონტროლო კვებისათვის ისევ საკუთარი თავს გაკიცხავთ. ამიტომ, არაა გონივრული განტვირთვის დღეს მხოლოდ ერთი პროდუქტით შემოიფარგლოთ  უფრო სწორია განტვირთვის დღე დაგეგმოთ ორი ჯგუფის პროდუქტის ტიპით, მაგალითად, ხაჭო და ხილი, ხორცი და ბოსტნეული, ან კარტოფილი და კეფირი. ანუ, არა მაგალითად მხოლოდ კიტრი გამოიყენოთ, არამედ ზოგადად ბოსტნეული სხვადასხვა სახის. ორგანიზმისათვის ეს მაინც განტვირთვა იქნება, ფსიქოლოგიურად კი უფრო ადვილია როცა არჩევანის საშუალება გაქვთ ერთი ჯგუფის პროდუქტებს შორის.

განტვირთვის დღეების წესები

–         კვირაში საკმარისია მხოლოდ ერთი, ან მაქსიმუმ ორი განტვირთვის დღის მოწყობა.

–         განტვირთვის დღისათვის პროდუქტები თქვენი სურვილისამებრ ამოირჩიეთ, თუ არ გიყვართ ხაჭო ან წიწიბურა, გამოიყენეთ მათ ნაცვლად ხორცი და ბოსტნეული.

–         განტვირთვის დღე არ მოიწყოთ ინტენსიური ვარჯიშის დღეს.

–         თუ განტვირთვის დღეს ძალიან მოგშივდებთ, რაციონს 1 ჭიქა მაწონი მიუმატეთ ან თაფლიანი წყალი ლიმონით, რომ სისუსტე არ იგრძნოთ.

–         სვით საკმაო რაოდენობის წყალი, მინიმუმ თქვენი სხეულის წონა (კგ) გამრავლებული 0,033-ზე რაოდენობით, მაგალითად თუ ხართ 50 კგ, თქვენი მინიმუმ ნორმაა 50*0,033=1.65 ლიტრს.

–         განტვირთვის დღის შემდეგ შეეცადეთ სწორედ და ზომიერი პორციებით იკვებოთ. არ არის სწორი პრინციპი – „ან არაფერი ან ყველაფერი“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *