5 წლის შემდეგ – როგორ შეიქმნა fitni.ge და როგორ დაიბადა ფიტნი
როგორ და რა მიზეზით დავიწყე ვარჯიში?
ცოტა შორიდან რომ მოვუაროთ, ამ ისტორიის დაწყება ასე პროზაულადაც შეიძლებოდა: დიდი სამამულო ომის დროს საფრანგეთის საკონცენტრაციო ბანაკში ერთი ქართველი ტყვე მოხვდა … ძალიან შორიდანაა ხომ? არა, ნამდვილად არ ვაპირებ ლამის საუკუნის წინანდელი ამბის მოყოლას და ისტორიის ქარტეხილების კვალდაკვალ მიყოლას, თუმცა ჩემი ამბის დასაწყისის რაღაც ნაწილი მართლაც იმ შორეულ ისტორიაშიც დევს. ცოდნა, რომელიც ერთმა ქართველმა ტყვემ საქართველოში ჩამოიტანა, ჩემს ოჯახშიც მოხვდა. ეს გრძელი ისტორიაა და ეს ადამიანები ცალკე თემას იმსახურებენ, ამიტომ ახლა ამაზე აღარ შევჩერდები და პირდაპირ მთავარ თემაზე გადავალ:
მე ვერ ვიტან ვარჯიშს!
მოკლედ, რომ ვთქვა ვარჯიშის და ჯანსაღი კვების „მსხვერპლი“ ძალიან პატარა ასაკში გავხდი, როცა მამაჩემმა ექიმებთან ურთიერთობა მწარე იმედგაცრუებით დაასრულა. ზუსტად ამ პერიოდში, მისმა მეგობარმა მკურნალობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ახალი მეთოდების შესახებ მოუთხრო (აი აქ ვიკვეთებით იმ ქართველ ტყვესთან, რომელიც ახლაც ცოცხალია, 100 წელსაა მიღწეული და მამაჩემი და მისი მეგობარი მის მოსწავლედ თვლიან თავს) – ეს იყო იოგა და ნატუროპათია. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობდით და მაშინდელი წყობა სდევნიდა ყველა არატრადიციულ მეთოდს და იმ სიახლეებს, რომლთა შემოდინებაც „გარყვნილი დასავლეთიდან“ ხდებოდა. მათ რიცხვში იყო იოგა და ევროპაში და ამერიკაში უკვე პოპულარული პოლ ბრეგის „შიმშილობის სასწაული“. ეს უკანასკნელი 70-იან წლებში სსრკ-ში კუსტარულად ნაბეჭდი სახით ხელიდან ხელში ვრცელდებოდა. აი ასეთი ფერმკრთალი ნაბეჭდი ქაღალდებით მოხვდა ბრეგიც და იოგაც ჩემს ოჯახში, ბრეგს სხვა ავტორებიც მიყვა, რომლებიც ჯანსაღ კვებაზე და ვარჯიშზე წერდნენ. თითქმის ყველა ექსპერიმენტმა ჩემზე (საშინლად არასპორტულ და ზარმაც ბავშვზე) გადაიარა, მაიძულებდნენ მევარჯიშა იოგაში, მერბინა წრეებზე, ერთი პერიოდი ვეგეტარიანელიც ვიყავი, შემდეგ ამნისტიით კვირაში 2 დღე გვქონდა უფლება ოჯახში ხორცი გვეჭამა, არ ვხმარობდით შაქარს, მიწევდა ყოველდღე მწვანილით სავსე თასი მეჭამა, იმ დროს როცა ჩემი ტოლები ნაირ-ნაირ შოკოლადებს მიირთმევდნენ, მიკრძალავდნენ ყოველგვარ ტკბილეულს, მასმევდნენ ათასგვარ უგემურ ბოსტნეულის წვენებს და ა.შ. ძალიან ბევრი მსგავსი რამის გახსენება შემიძლია – ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ის ყოველდღიურობა გახლდათ რომელიც საშინლად მძულდა.
ალბათ ხვდებით რა მოხდებოდა როგორც კი წამოვიზარდე?
გაუმარჯოს თავისუფლებას!
დიახ, წამოვიზარდე და ბუნებრივია ყველაფერი ზემოთ მოყოლილი როგორც ბავშვობის კოშმარი ისე მოვისროლე და ავურიე …. მშვიდობით ყოველგვარი კვების კულტურა, ვარჯიში, ნორმალური ძილი, ახლა შემეძლო მეცხოვრა როგორც მსურდა, მეჭამა რაც მინდოდა და რაც შეიძლება ნაკლები მემოძრავა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში – გიჟი კი არ ვიყავი კიდევ უშნოდ მეხლართა ხელები და ფეხები და ცხენივით მერბინა. ვარღვევდი ყველაფერს და ყველანაირად, დღის განრიგი და კვების რეჟიმი თავისუფლებით დამტკბარს, ყირაზე მეყენა. თუმცა რამდენიმეჯერ ამ წლების განმავლობაში როცა ძალიან მოვიმატე წონაში, იძულებული გავხდი ცოტა ხნით მაინც მომეთოკა არანორმალური რეჟიმი, დავიკლებდი, მოვდიოდი “არა უშავს რა” ფორმაში და ისევ ძველებურად ვაგრძელებდი. მოკლედ დავდიოდი წრეზე.
ყველაზე რთული პერიოდი გათხოვების და ბავშვის გაჩენის შემდეგ დამიდგა. კილოგრამები კატასტროფული სისწრაფით მატულობდა, რასაც გენეტიკა წარმატებულად უწყობდა ხელს. ჩემი ტანსაცმელი თანდათან ფართოვდებოდა, ჯანმრთელობის პრობლემები უკვე თავს იჩენდა (ბოლო წლების მოუწესრიგებელი რეჟიმის შედეგი), 2 სართულის ავლაც კი მიჭირდა, მტანჯავდა წელის აუტანელი ტკივილები, ქრონიკული დაღლილობა, ამის ფონზე დეპრესიები, უხასიათობა, ნევროზი და ა.შ.
რაღაც კრიტიკულ ზღვარზე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და ეს საკუთარი თავი იყო, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მარტივი გამოსავლების ძიების გზა საფუძვლიანად განვლილ-გადატკეპნილი მქონდა – “ჩემმა მეზობელმა გასაოცრად დაიკლო” დიეტებმა ვერ იმუშავეს, სასწაულმოქმედმა ხსნარებმა, ჩაი, ყავა და კოქტეილების სმამ ნევროზის გამწვავების და კუჭის ტკივილის მეტი არაფერი ამკიდა, ოპერაციის ფული და სურვილი არ მქონდა, ამიტომ ამ ყველაფერს ისევ ვარჯიში და ჯანსაღად კვება ვამჯობინე. აღვიჭურვე მოთმინებით და ნებისყოფით და ერთ დღეს დავიწყე – სერიოზულად მოვკიდე ვარჯიშს ხელი, გავიხსენე ყველაფერი კვების შესახებ რაც თავის დროზე მასწავლეს, დავიცავი დიეტა სწორი კვების პრინციპების მიხედვით, დავიკელი კილოგრამები, მოვედი არაჩვეულებრივ ფორმაში, ასაკიც კი მომაკლდა ვიზუალურად, გავხდი ენერგიული, მწყობრში ჩადგა ყველა ჩემი ჯანრთელობის (და არამარტო) პრობლემები, აღმოვაჩინე რომ ვყოფილვარ ძალიანაც სპორტული, ძალიან მოქნილი, რომ ძალიან მომწონს ასეთი ცხოვრების წესი და აღარ მსურს დავუბრუნდე იმ ზედმეტ კილოგრამებს, რომელიც ასე მიმძიმებდა ცხოვრებას.
მოკლედ, ჩემი აღფრთოვანება პიკს იყო მიღწეული, გადავყარე ძველი სამოსი, მაქსიმალურად ჩავავიწროვე ჩემი ჯინსები და ვტკბებოდი ჩემი შედეგებით. მზად ვიყავი ჩემი მიღწევები და გამოცდილება სხვისთვის გამეზიარებინა, ისე როგორც პოპულარული ფიტნეს ექსპერტები თუ ახალი დიეტის ავტორები ყვებიან თავიანთ ბესტსელერებში – როგორ დაიკლეს ბლომად კილოგრამები და დაიწყეს ახალი წარმატებული ცხოვრება. ლოგიკურად, ჩემი წარმატებული და ბედნიერი კლების ისტორია სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო და მხოლოდ მისი მოთხრობით უნდა დავკავებულიყავი, მაგრამ თურმე ყველაფერი არათუ დასრულებული, დაწყებულიც კი არ იყო.
გადავდივარ ჩემი ცხოვრების ერთერთ მნიშვნელოვან ქვეთავზე, მაშ მოემზადეთ:
ერთ ასეთ ბრწყინვალე და აღფრთოვანებით სავსე დღეს, როცა დილა ჩვეული ენერგიული ვარჯიშით დავიწყე, მოვირგე კიდევ უფრო დავიწროვებული ჯინსები, საღამოს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გავხდი. მანქანამ ფაქტიურად გადამიარა. საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. მეორე დილა კი სრულიად განსხვავებულად, რეანიმაციულ განყოფილებაში დამათენდა. მთელს სხეულზე უამრავი „შნური“ მქონდა დაბნეული და ცხვირ-პირზე რაღაც კოლოფი მეფარა რომ მესუნთქა. პირველი სიტყვები რაც ნარკოზიდან გამოსულმა გავიგონე, იყო – „ცოცხალი ხარ!“. ფაქტია ცოცხალი ვიყავი, მაგრამ აი რამდენ ადგილას გაჭრილ-გაკერილი და თავიდან გადაწყობილი, ეს პირველ დღეს ვერც დავითვალე. ხელ-ფეხის ოდნავი განძრევაც კი არ შემეძლო, იმ ფეხების რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ კილომეტრები ირბინა და მისი პატრონი ასე ამაყობდა მათი მიღწევებით. ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ფეხები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების გასაოცრად, მოტეხილობა არ მქონდა, დანარჩენი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მგონი არ იყო დარჩენილი არც ერთი უვნებელი სისხლძარღვი, იოგი, მყესი და რაც ყველაზე ცუდი და საშიში გახლდათ, ქსოვილებმა კვდომა დაიწყო და თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდებოდა ამპუტაციის საშიშროება დგებოდა!
ტრავმებთან ერთად ცალკე დიდი ფსიქოლოგიური შოკი იყო ის მომენტი, რომ ჩემი ამხელა შრომა წყალში იყო ჩაყრილი და ეს ყველაფერი მაინცდამაინც მაშინ მოხდა, როცა ყველაზე საუკეთესო ფორმაში მოვედი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. რამდენიმე საათში კი ამ ნაშრომიდან არაფერი დარჩა და იმაზე უარესი მრჩებოდა ხელთ, ვიდრე უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები იყო. წინ კიდევ რა მელოდა არ ვიცოდი.
ალბათ არ ღირს, ყველა იმ დეტალის, არაადამიანური ფიზიკური ტკივილების, ფსიქოლოგიური ტრავმების გახსენება, რისი გამოვლაც მაშინ მომიწია. ცოტა ხანში ფეხებზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და ექიმმა მომილოცა – ფეხები ამპუტაციის საფრთხეს გადაურჩა. თუმცა, აი როდის ავდგებოდი საწოლიდან და შევძლებდი სრულფასოვან მოძრაობას, ეს გაუგებარი იყო.
ახლაც თვალწინ მიდგას ექიმის სახე, როცა ვკითხე, თუ შევძლებდი ისევ აქტიურ ვარჯიშს და სირბილს. ექიმმა თანაგრძნობით გადააქნია თავი და გამამხნევა – მაგას დარდობ? მადლობა თქვი რომ ორივე ფეხი ადგილზე გაქვს.
ოკ, ექიმს მადლობა ვუთხარი. მან თავისი საქმე გააკეთა, ცოცხალი გადამარჩინა, რაც მშვენიერი ფაქტი იყო, რომელიც სულ ცოტა ხანი მეყო სრული ბედნიერებისათვის. არანაირად არ მხიბლავდა დარჩენილი ცხოვრება ინვალიდად ან ნახევრად ინვალიდად ყოფნის პერსპექტივა. თუმცა, როცა ერთი თვის შემდეგ ფეხზე წამომაყენეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა „დამდგეს“ (ვერც წამოდგომას და ვერც დგომას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდი), მივხვდი რომ ბევრზე ვერ ვიოცნებებდი. თითოეული ოდნავი ნაბიჯისმაგვარი მოძრაობა არაადამიანურ ტკივილებად მიჯდებოდა. დაახლოებით 2 თვეში კედელ-კედელ მოძრაობა შევძელი, 5 თვის შემდეგ კი ჩემმა ბოლო ჭრილობამ შეკრა პირი. თუმცა სიარული კვლავ არ შემეძლო ნორმალურად, ვკოჭლობდი და უკეთესობისკენ პროგრესი არ ჩანდა.
მახსოვს, ზუსტად მეორე დღეს, როცა ბოლო სახვევისგან გავთავისუფლდი, დარბაზს მივაშურე ვარჯიშის დასაწყებად. 1 თვე ვიარე, ვერ ვიტყვი, რომ რასაც მე ვაკეთებდი ვარჯიში ერქვა, ამას ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა – ასე უფრო ჯანმრთელ ადამიანად ვგრძნობდი თავს. მეორე თვეს დარბაზს თავი დავანებე და გავედი ღია ცის ქვეშ და დამოუკიდებლად ვარჯიში დავიწყე. მიზანი მხოლოდ ერთი მქონდა – მინდოდა ნორმალურად, გამართულად სიარული მესწავლა, აღარ მეკოჭლა. ამაზე მეტს, გულწრფელად ვაღიარებ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი.
შემდეგი ერთი წლის თავიდან ბოლომდე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ. ხვდებით ალბათ, ეს არ იყო ადვილი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი წელი. ყოველი დღე ფიზიკურ ტკივილებთან ერთად ვარჯიში მიწევდა (თუმცა მაქსიმალური სიფრთხილით), გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც და პროგრესი ძალიან მცირე იყო. იყო წინ ძალიან ნელა მივდიდი. ეს თავის მხრივ დემოტივაციას მიქმნიდა, რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა გადამღალა ამ ყველაფერმა და თავის დანებება მსურდა, მაგრამ როცა წარმოვიდგენდი, რომ არასრულფასოვანი ჯანმრთელობით უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და წლების მატებასთან ერთად ეს ყველაფერი გაუარესდებოდა – ვერ ვჩერდებოდი. ვკითხულობდი ძალიან ბევრს, ვაკვირდებოდი ჩემს ორგანიზმს, ვცდილობდი მეგრძნო სად იყო შეტევა საჭირო და სად უკან დახევა, ვეძებდი სუსტ წერტილებს, დაზიანებულ უბნებს, ვსწავლობდი, ვაგროვებდი მასალებს, ვსინჯავდი სხვადასხვა საშუალებებს (ჰოი საოცრებავ, სწორედ მამაჩემის ის წიგნები გადმოვიღე, რომელიც ასე მძულდა თავის დროზე).
ვარჯიშის დაწყებიდან ერთი წლის თავზე შედეგი დაუჯერებელი იყო, მიუხედავად იმ დეფექტებისა, შრამებისა, რაც ოპერაციებმა დამიტოვა, სხეულმა სრულად რეაბილიტაცია შეძლო. მქონდა ყველაზე საუკეთესო ფორმები, ვიდრე ოდესმე მქონია, იმაზე უფრო უკეთესი ვიდრე ავარიამდე, უფრო მეტი და დიდი დატვირთვების ატანა შემეძლო ვიდრე ოდესმე, უფრო ძლიერი ჯანმრთელობა მქონდა ვიდრე ოდესმე მქონია და სრულად რეაბილიტირებული ჯანსაღი ფსიქიკა. ამაზე უკეთეს შედეგზე ჯანმრთელსაც კი არ მიოცნებია თავის დროზე. არადა, ახლა ხშირად ვიხსენებ ჩემს მაშინდელ დიდ ოცნებას – გამართული სიარული მესწავლა.
ჩემი შედეგი მიღწეული იყო, მაგრამ ხელთ უამრავი მასალები დამრჩა და ცოდნა, რომელსაც არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეოდი. მე აღარ მჭირდებოდა, გადასაყრელად კი მენანებოდა, ძალიან ბევრი რამ იყო დაგროვილი. მახსოვს, როცა ეს ინფორმაციები მე თავად მჭირდებოდა, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვერცერთ სერიოზულ მასალას ვერ მივაგენი. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფრისთვის თავი მომეყარა და ინტრენეტში ამეტვირთა, იქნებ ვინმეს რამეში გამოსდგომოდა – აი ასე დაიბადა ფიტნი.
ზუსტად 3 წელი გავიდა რაც ფიტნი.გე არსებობს და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ხნის განმავლობაში ერთ ადამიანს მაინც დაეხმარა და სტიმული მისცა შეეცვალა თავისი ცხოვრება, რადგან ჩვენი ფიზიკური, გარეგნული მდგომარეობა და ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, წარმატებაზე და ბედნიერ ყოფაზე.
„შეუძლებელი არაფერია!“ – ყველა სამოტივაციო წიგნი თუ მასალა იწყება და მთავრდება ამ ფრაზით, მე კი ერთს ყველაზე მთავარს (ჩემი აზრით) დავუმატებდი, იმისათვის რომ ამ პოსტულატმა იმუშაოს, ძალიან დიდი შრომაა საჭირო, ფანატიური რწმენა იმისი, რასაც აკეთებ, მოთმინება და ძლიერი სურვილი, ხოლო საზღვარი იმისი რა შეგიძლია და რა არა, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ხელშია. ასე რომ, მზად იყავი ამ შრომისთვის და შეძლებ ცვლილებებს! შედეგი ღირს ამ მსხვერპლად, ახალი ცხოვრება მშვენიერია!
ასე რომ
წარმატებებს გისურვებთ,
მარად თქვენი ფიტნი