სტანდარტების დევნაში დამახინჯებული ფსიქიკა და გარეგნობა
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა Psychology Today გამოკითხვა ჩაატარა 30.000 ქალს შორის შემდეგი კითხვით: მოსწონთ თუ არა საკუთარი ფიგურა? აქედან ქალების უმეტესობამ – 60% უპასუხა, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი ფორმებით. რა გასაკვირია? – მთელი ინდუსტრია მუშაობს იმისათვის, რომ ქალებს საკუთარი თავი არ მოეწონოთ, რათა იყოს მიზეზი გაიზარდონ ან შეიმცირონ რაღაც ნაწილები, გაისწორონ, გაიპრიალონ, მოიჭრან და ა.შ.
დიახ, ეს ბიზნესია.
სამწუხაროდ, სილამაზის მომსახურების სფეროს ძალიან აწყობთ, რომ თქვენ არ მოგწონდეთ თქვენი თავი, რომ შეადაროთ ვიღაცა უკეთესს და ნერვების გამანადგურებელ კონკურენციაში ჩაერთოთ, ასე ისინი თქვენზე უამრავ მომსახურებას და პროდუქტს გაყიდიან – აქ თმა უნდა მოვიცილოთ, იქ ცხიმი, იქ კანის ფორები დავხუროთ, ეს პროდუქტი უცებ გაგახდუნებთ, დიეტურია და ა.შ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თავს არ უნდა მოვუაროთ, არ ვეცადოთ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ, მაგრამ სადღაც არის ზღვარი! ეს ზღვარი ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაშია. არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გამოიყურებიან, მაინც უკმაყოფილოები არიან საკუთარი თავით. რაც არ უნდა გააკეთონ, დახვეწონ, გაასწორონ საკუთარ გარეგნობაში, უკაყოფილების მიზეზი მუდამ რჩებათ და ეს ყველაფერი აკვიატებულ იდეად იქცევა.
საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებას ექიმებმა – დისმორფოფობია უწოდეს.
დისმორფოფობიით შეპყრობილი ადამიანები, ყველა საშუალებით ცდილობენ საკუთარი გარეგნობის გამოსწორებას – თავს აკლავენ საათობით ვარჯიშს სპორტდარბაზებში, სახიდან დაზიანების ფასად იშორებენ გამონაყარს, საათებს ატარებენ სარკესთან თმის გასწორებაში და აგვიანებენ ყველგან. მუდმივად კოსმეტოლოგების, დიეტოლოგების და პლასტიკური ქირურგების კაბინეტებს იღებენ იერიშით.
უპასუხისმგებლო სპეციალისტებისათვის ასეთი ხალხი სერიოზული შემოსავლის წყაროა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში, თუ არის ეჭვი პაციენტის დისმორფოფობიაზე, სანამ პლასტიკურ ოპერაციაზე დათანხმდებიან, პაციენტს ჯერ შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციაზე უშვებენ.
დისმორფოფობიის სათავე ძირითადად ბავშვობიდან ან გარდატეხის ასაკიდან იღებს. ბავშვს შეიძლება ხშირად აკრიტიკებდნენ მშობლები, მიუთითებდნენ ნაკლზე, აკვირდებოდნენ და ყურადღებას აქცევდნენ ზედმეტად მის ქცევას და გარეგნობას. რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, აქ დისმორფოფობია უმეტეს შემთხვევაში ჩვეული მოვლენაა, როცა გარეგნობა იცვლება, თავიდან ფორმირდება მოზრდილი ადამიანის ნაკვთები. გარდატეხის ასაკის გავლასთან ერთად დისმორფოფობია ქრება როგორც წესი. თუმცა აღმოჩნდა, არა ყველასთვის. თუ დისმორფოფობია მოზარდ ასაკში ნორმაა, მოზრდილ ასაკში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა.
ტრავმა შეიძლება მოზრდილ ასაკშიც მიიღოს ადამიანმა, მაგალითად, როცა ქმარი ტოვებს ცოლს და მიზეზად მისი გარეგნობა და ზედმეტი წონა მოაქვს. ამ დროს ცოლი, რომელსაც ეს პრობლემა შეიძლება რეალურად არ აქვს, იწყებს საკუთარი თავის ტანჯვას და ნერვიულობას, ან ეს ყველაფერი გადაეზრდება დაუსრულებელ დიეტომანიაში ან ბულემიაში.
გარშემომყოფთა რეაქცია
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, რომ როცა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, ისე ასევე განაწყობს თავი გარშემომყოფებს. მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, სტუდენტებს უჩვენეს წონიანი ქალების ფოტოგრაფიები, ნაწილი ფოტოების ჩვენების დროს სტუდენტებს უთხრეს, რომ ეს ქალები იყვნენ საკუთარი გარეგნობით კმაყოფილები, ხოლო ნაწილს კი უთხრეს რომ ამ ქალებს საკუთარი თავი არ მოსწონდათ. რესპოდენტებს უნდა შეეფასებინათ ეს ქალები 2 კრიტერიუმით – სასიამოვნო/არასასიამოვნო.
აღმოჩნდა, რომ ის ქალები, რომლებზეც წინასწარ აღინიშნა, რომ მათ თავი არ მოსწონდათ, სტუდენტებიც უარყოფითად განეწყვნენ, მათ უმეტესობას ისინი არ მოეწონათ. ხოლო ის ქალები, რომლებსაც თავი მოსწონდათ, უმეტესობამ სასიამოვნოდ ჩათვალა და პოზიტიურად განეწყო.
ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ამის თაობაზე: „შედეგებმა გვაჩვენა, რომ ზედმეტი წონა არაა საუბრის საუკეთესო თემა, ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება არ იწვევს თანამოსაუბრის თანაგრძნობას“. ექსპერტი ირწმუნება, რომ კარგი განწყობა სწორ ენერგეტიკას ქმნის, და გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ იმ ადამიანის არასრულყოფილებას, რომელიც პოზიტივს ასხივებს.
გამოსავალი?
დისმორფოფობიას ფსიქოლოგები ებრძვიან, თუმცა ჯობია ამას თავი ავარიდოთ, ვიდრე საქმე გართულდება. ნუ შევაფასებთ მკაცრად ბავშვებს და მოზარდებს მათი გარეგნობის გამო, ნუ დავუწესებთ სტანდარტებს ჩვენს ახლობლებს და გარშემომყოფებს. რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ სილამაზე ბუნებრივია, და არა პლასტიკური ქირურგების და ფოტოშოპის ოსტატების შექმნილი ხელოვნურად გაწელილი და დაყენებული, გაშეშებული, გადაპრიალებული სხეული და სახე.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე, და არა სტანდარტების დევნაზე!