სპორტული დანამატები ქალებისათვის წონის კლების პროცესში

პირველად სპორტული დანამატები 2010 თუ 2011 წელს გავსინჯე.

ჯერ ცოცხალი ვარ 🙂

ისტორია კი ასეთი იყო:

დაახლოებით 2-3 კილო მქონდა დარჩენილი, რომელიც დიეტა-ვარჯიშით ვეღარაფრით დავძლიე. სხეულის მასის ინდექსი უკვე 19% მქონდა. ჩემი ისედაც წონისკენ მიდრეკილი სხეულისთვის ეს აღმაშფოთებელი მაჩვენებელი იყო და წინააღმდეგობის მექანიზმები ჰქონდა ჩართული. სულ ცოტა მჭირდებოდა იდეალურ ფიტნეს ფორმებამდე და გადავწყვიტე დახმარება გამომეყენებინა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სპორტული დანამატების თემა სულ ახალი აბობოქრებულ-აგორებული იყო. ინფორმაცია ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი. ძალიან ბევრი ამას „ქიმიას“ ეძახდა და გიგანტურ კუნთებდაბერილ ბოდიბილდერებთან აკავშირებდა.

თუმცა საბედნიეროდ, Google მაშინაც არსებობდა. საქართველოსგან განსხვავებით იყო სანდო უცხოური საიტები, წყაროები, სადაც შეგეძლო ინფორმაცია მიგეღო, გაცნობოდი მათ შემადგენლობას, სამეცნიერო კვლევების შედეგებს, მომხმარებელების გამოხმაურებებს, პლიუსებსაც და მინუსებსაც.

საკმარისი ინფორმაციის შემდეგ პირველი დანამატები გამოვიწერე ამაზონიდან (თბილისში მსგავს მაღაზიას ვერ მივაგენი). ეს იყო ცხიმისმწველი ლიპო-6 და L-კარნიტინი, ინსტრუქციების გაცნობის შემდეგ ვარჯიში-დიეტის სქემაში ჩავსვი და დავიწყე მიღება.
საბოლოო შედეგი რაც მინდოდა დავდე 1 თვეში და ჩემი ზოგადი შეფასებაც გავაკეთე პირველ გამოცდილებაზე.

ძალიან დიდი პლიუსი მივეცი L-კარნიტინს, როგორც ვიტამინს და ზოგადად კარგად იმოქმედა ჩემზე. ცხიმისმწველს რაც შეეხება, საკმაო ენერგიას მაძლევდა ვარჯიშისას, შედეგიც მომცა, თუმცა მასში კოფეინის საკმაო რაოდენობა არც ისე კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის. როგორც წესი 1 ჭიქა ყავაც მაქსიმუმი რაოდენობაა ჩემთვის, ამიტომ ლიპოში კოფეინის მაღალი რაოდენობა ნერვული სისტემისთვის მაინც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

სულ ცოტა ხანში, ერთერთი გვერდისთვის ამ თემაზე 20-მდე სტატიის მომზადება მომიწია. მაშინ დეტალურად გავიარე აბსოლუტურად ყველა დანამატები, რომლებსაც თანამედროვე ფიტნესში იყენებენ – თავისი ყველა პლიუსით და მინუსით. აქ საბოლოოდ დაიმსხვრა მითები დანამატების „ქიმიურობის“ შესახებ. რაც არ იცი საშიშია, ცოდნა კი ნათელს ფენს ყველაფერს.

ამის მერე საკმაო დრო გავიდა. დანამატები საქართველოშიც შემოვიდა. ისინი ყველა დიდ ფიტნეს ცენტრში იყიდება. ფიტნესით დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებიც შედეგებზე მუშაობენ და თან ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს დანამატები ჩვეული ცხოვრების წესად იქცა. ეს ბუნებრივია. დანამატების უმეტესობა ეს არის კონცენტრირებული სახით მოცემული საკვები ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც დატვირთვების გამო ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ.

პოპულარული და გაყიდვადი ცხიმისმწველები:

სად არის ლაბირინთი და გაუგებრობა?

დღეს სხეულზე ზრუნვის ბაზარზე დიდი შემოტევაა სხვადასხვა საშუალებების.

ყველაზე საშიში მარკეტინგული პროდუქტებია, მათი ამოცნობა ადვილად შეიძლება სლოგანების საშუალებით. ისინი სრულიად უშრომელად, ტაბლეტის გადაყლაპვით ან კოქტეილის დალევით გპირდებიან საოცნებო სხეულის ფორმების მიღებას უმოკლეს დროში.

ნუ დაახლოებით ხაფანგში დადებული უფასო ყველის ვარიანტია.

ამ საშუალებებს საეჭვო კომპანიები აწარმოებენ და ბევრი მათგანი ქსელური მარკეტინგის ფორმით ვრცელდებიან.

როცა ასეთ არჩევანს გიყენებენ, თან რამდენიმე შთამბეჭდავი ბეფორ-აფთერი მოაქვთ, როგორ ადვილად და უშრომელად დაიკლო ოქსანამ 30 კილო თვენახევარში, შენ კი როგორ წვალობ და უარს იძახი ამ საოცრებაზე. ამას კიდევ რამდენიმე მომხმარებლის აღფრთოვანებული კომენტარი ემატება ამ პროდუქციით და ხაფანგი მზადაა.

ასეთი პროდუქტები არ არის დროში ტესტირებული, მათი ფორმულა პლაცებოს ეფექტზეა გათვლილი და უარეს შემთხვევაში ჯანმრთელობასაც აზიანებს, რადგან ცდილობს არაჯანსაღი მეთოდებით მოახდინოს წონის სწრაფი კლება. დიახ! სისწრაფე და უშრომელი შედეგი – აი ეს არის საშიში პროდუქტების სკანირების მეთოდი.

მეორე ბნელი ლაბირინთი ეს ბოდიბილდერები და სტეროიდებია. ამ საკითხში გაუცნობიერებელი ადამიანი დანამატებს სტეროიდების მაგვარ პროდუქტად აღიქვავს. თუმცა სტრეოიდები სხვა თემაა – სტეროიდები ჰორმონებისგან დამზადებული პრეპარატებია, რომლებსაც ჩვეული სპორტული დანამატებისგან განსხვავებით სხვა შემადგენლობა და დანიშნულება აქვს. ბოდიბილდერები პროტეინებით გაზრდილ კუნთოვან მასას არ ჯერდებიან და ჰორმონებზე დამზადებული სტეროიდების მიღებას იწყებენ, გიგანტური ზომების მისაღებად. უცხოეთში შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის სერიოზული თანხებისთვის მიდის ბრძოლა, ამიტომ პროფესიონალი ბოდიბილდერები ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებასაც არ ერიდებიან.

 

განსხვავებით ჯადოსნური ტაბლეტებისა და კოქტეილებისა, სპორტული დანამატები არანაირ სასწაულს არ გპირდებიან. ისინი მუშაობენ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად და მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენს შედეგს ამაღლებენ 30-40-50%-ით. ისინი კვებავენ თქვენს სხეულს, არ უშვებენ კატაბოლიზმის (კუნთოვანი ქსოვილების დაშლა-დაზიანების) პროცესებს, აუმჯობესებენ ჯანმრთელობას.

დღეს საქართველოში, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე სრული კოშმარია, ოდნავ დაცემინებაზეც კი ათას წამალს სვავენ, ბავშვებს სეზონზე რამდენიმეჯერ უწევთ ანტიბიოტიკის მიღება პატარა სიცხის ან გაციების გამოც, ამ ფონზე სასაცილოც კია როცა დანამატებს რაღაც საშიშ წამლებად აღიქვავენ. სიტყვა წამალიც კი არასწორი ფორმულირებაა დანამატების.

დანამატების უმეტესობა ჩვეულებრივი ვიტამინია – ომეგა-3, D-ვიტამინი, ლ-კარნიტინი, სახსრების დანამატები. განსხვავებით ჩვეულებრივი ვიტამინებისა, რომლებიც ყველა აფთიაქში იყიდება, ასეთი დანამატები სპორტით დაკავებულ ადამიანებზეა გათვლილი და შესაბამისი ფორმულით მზადდება.

ცნობისთვის, მე ჩვეულებრივ წამალს იშვითად ვსვავ (უკიდურეს შემთხვევაში ან როცა მაიძულებენ), არ ვსვავ არანაირ გამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს, არც ჩემს შვილებს არ ვაძლევ წლებია. თუმცა დანამატებზე არასდროს ვამბობ უარს.

როგორ უნდა ავარჩიოთ სპორტული დანამატები?

პირველ რიგში ბრენდების საშუალებით, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით ფიტნესის და ბოდიბილდინგის სფეროში. კარგ ბრენდს წლების გამოცდილება აქვს, მათი დანამატები დროშია გამოცდილი, მუდმივად გადიან ტესტრირებას, გადიან სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს, მათი ფორმულები ემყარება სერიოზულ სამეცნიერო კვლევებს. რაც მთავარია, ასეთ ბრენდებს აქვთ მომხმარებლების უამრავი გამოხმაურება და შეფასება ისეთ საიტებზე, სადაც გამოხმაურებების გაყალბება ფეიკების საშუალებით გამორიცხულია, თუნდაც amazon.com-ზე.

ასეთი ბრენდია მაგალითად MuscleTech, რომლის ცხიმისმწველი HydroxyCut უკვე წლებია N1 ბესტსელერია ცხიმისმწველებში. საუკეთესო ბრენდს ვარსკვლავების მაქსიმალური შეფასება და უამრავი დადებითი რევიუ უნდა ჰქოდეს.

ახლა კი რამდენიმე პოპულარული დანამატი, რომლებიც ქალებისთვის გამოდგება წონის კლების პროცესში და მოკლე ინფორმაცია მათ შესახებ:

დავიწყოთ პროტეინით, რა არის ეს?

პროტეინი ჩვეულებრივი ცილაა, რომელსაც საკვები პროდუქტი შეიცავს. ის ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების შენებას. გარდა ამისა, პროტეინებში გულისხმობენ სპორტული კვების ტიპს, რომელიც კონცენტრირებული ცილებისაგან შედგება. დანამატები პროტეინების სახით საჭიროა, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვების დრო, როცა ორგანიზმი ჩვეულებრივი საკვებიდან ვეღარ იკმაყოფილებს ცილების აუცილებელ რაოდენობას, რათა დაზიანებული კუნთები აღადგინოს, არ დაუშვას კუნთების კატაბოლიზმი ანუ მათი დაშლის პროცესი ან ააშენოს ახალი კუნთოვანი ქსოვილები.

დავუშვათ, კუნთების ქსოვილების ასაშენებლად საჭიროა დღეში 2 გრ. ცილა თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე. ვარჯიშის და დატვირთვების გამო გაზრდილ მოთხოვნებს პროტეინების ბუნებრივი საუკეთესო წყაროც (ხორცი, თევზი, კვერცხი) კი ვერ აკმაყოფილებს. იმისათვის, რომ ცილის საკმარისი ნორმა მიიიღოს ადამიანმა, ამისათვის უფრო მეტი ჭამა ხდება საჭირო. ცილასთან ერთად კი ადამიანი დამატებით ნახშირწყლებს და ცხიმსაც იღებს, რაც თავისთავად მეტ კალორიას ნიშნავს. ასეთ დროს კი სწორედ პროტეინებია გამოსავალი, სადაც ცილები კონცენტრირებული, სუფთა სახით არის წარმოდგენილი.

დასკვნა: პროტეინები ეს არის საშუალება მიიღო მხოლოდ აუცილებელი ცილების რაოდენობა, ისე რომ არ მიიღო დამატებითი კალორიები.

ამინომჟავები – BCAA

ცილები თავის მხრივ ამინომჟავებისგან შედგებიან. ორგანიზმი ცილებს შლის ამინომჟავებად და შემდეგ მათგან ქმნის საკუთარ ცილას. ცილების დაშლის პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა BCAA – სამი შეუცვლელი ამინომჟავების კომპლექსი (ლეიცინი, ოზოლეიცინი, ვალინი), რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმის მიერ და უშუალოდ მონაწილეობენ ანაბოლიზმის და აღდგენის პროცესში.

დასკვნა: ამინომჟავების საშუალებით ორგანიზმში კუნთების აღდგენის და აშენების პროცესი გაცილებით სწრაფად მიდის.

 

 

როდის უნდა გამოვიყენოთ პროტეინი და როდის ამინომჟავები?

ამინომჟავების ათვისების პროცესი გაცილებით სწრაფია, ასე რომ მისი გამოყენება ინტენსიური დატვირთვების დროს უკეთესია. თუმცა ამინომჟავებით პროტეინების სრულიად შეცვლა არ გამოვა. პროტეინების ერთი პორცია გაცილებით მეტ ცილებს შეიცავს, ვიდრე ერთი პორცია BCAA.

ცხიმისმწველები 

ცხიმისმწველები სპორტულ კვებაში ერთერთი ყველაზე პოპულარული დანამატებია. მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად – ისინი შლიან და ამცირებენ ცხიმის მარაგების რაოდენობას. ცხიმისმწველები დამატებით საშუალებას წარმოადგენენ ვარჯიშის და დაბალანსებული დიეტის დროს, ისინი არ მუშაობენ ამ ორი ძირითადი პირობის გარეშე.

ცხიმისმწველები სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებენ – ამცირებენ მადას, ცხიმოვანი მარაგები გადააქვთ მიტოქონრიებში, სადაც ისინი იწვიან და გამოიყოფა ენერგია. იზრდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე და სხეულის ტემპერატურა, რომ რაც შეიძლება მეტი კალორიის დაწვა მოხდეს დღეღამის განმავლობაში.

ცხიმისმწველებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობა:

  • ნივთიერებათა ცვლის დონის აჩქარება დამატებითი კალორიების წვისთვის;
  • ვარჯიშის დროს ენერგიულობის შენარჩუნება;
  • მენტალური ფოკუსირების და კონცენტრაციის ამაღლება;
  • მშრალი კუნთოვანი მასის შენარჩუნება.

უფრო მეტი ინფორმაცია ცხიმისმწველების შესახებ იხილეთ აქ: ცხიმისმწველი – დანამატი წონის კლებისათვის.

L-კარნიტინი

L-კარნიტინი ყველაზე პოპულარული დანამატია, რომელსაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ენდობა სპორტულ დანამატებში ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანიც კი. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, რადგან L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. L-კარნიტინი მოიპოვება ხორცში, თევზში და რძის პროდუქტებში. L-კარნიტინის სადღეღამისო ნორმას (300მგრ.) შეიცავს 300-400გრ. ძროხის ხორცი, ამასთან ხორცის თერმული დამუშავებისას ლევოკარნიტინის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება. ამ გარემოების გამო აუცილებელი ხდება კარნიტინის დანამატის სახით მიღება.

L-კარნიტინი არ წარმოადგენს უშუალოდ ცხიმის მწველს, ის ზრდის ცხიმების მიტორქონდრიებში გადატანის სისწრაფეს და სადაც ისინი ენერგიის სახით დაიხარჯებიან.

L-კარნიტინს უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, მათ შორის ზრის ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას, ზრდის სტრესის მიმართ მდგრადობას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ამცირებს ქოლესტერინს და იცავს გულს და სისხლძარღვებს.

უფრო მეტი L-კარნიტინის შესახებ წაიკითხეთ აქ: L-კარნიტინი და მისი სასარგებლო თვისებები

 

ომეგა-3

ომეგა-3 ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო დანამატია. მისი მიღება აუცილებელია არამარტო სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანები და ბავშვებისაც.

ომეგა-3-ის მთავარი წყაროა თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე სელის და სოიოს ზეთი.

ომეგა-3 შეუცვლელი დანამატია წონის კლების დროს. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს, ამიტომ ზოგიერთი უფრთხის მას წონის კლების დროს. თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, ეს ცხიმოვანი მჟავა ერთერთი აუცილებელი დანამატია, რომელიც უნდა მიიღოთ წონის კლების პროცესში, რათა კლების ეფექტი მაღალი იყოს და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ.

ომეგას სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისათვის იმდენად დიდია, რომ მას ცალკე ვრცელი თემა მიეძღვნა ფიტნიზე ადრე: ომეგა-3 – სასარგებლო და აუცილებელი ცხიმი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *