შეიძლება თუ არა, იოგას საშუალებით წონაში დავიკლოთ?
კითხვა ცოტა არ იყოს და შეუფერებელია. იოგაში გარკვეული ადამიანისათვის, რომელმაც იცის მისი ყველა სიკეთე, რამხელა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე, მის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე, მენტალობაზე და ასე შემდეგ, ეს კითხვა ცოტა დამაკნინებლადაც კი ჟღერს.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ იკითხო, ბოლო კლასის მერსედესს 60 კილომეტრის 1 საათში გავლა თუ შეუძლია სწორ გზაზე?
ახლა კი მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ. იოგა და მისი ზეგავლენა წონის რეგულირებაზე.
შეუძლია თუ არა იოგას ვარჯიშებს წონის კლებაზე ზეგავლენის მოხდენა? მოკლე პასუხი: – დიახ, შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირდაპირი მიზანი არაა. უფრო ზუსტად კი, თუ თქვენ სერიოზულად დაკავდებით იოგათი და არა მხოლოდ 2-3 თვე, თქვენი წონა აუცილებლად მუდამ თქვენთვის ოპტიმალურ და კომფორტულ მაჩვენებელზე იქნება.
როგორ? – იოგაში უმეტესობა მის ფიზიკური სავარჯიშოების, ასანების პრაქტიკას მოიაზრებს. დიახ, ეს ვარჯიშები საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არეგულირებს ბევრ დარღვევას, რომელიც მომდინარეობს შინაგანი ორგანოების არასწორი ფუნქციონირებით, არეგულირებს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, რომელიც მიზეზია არაერთი ფსიქოლოგიური/ფსიქიკური დარღვევის თუ დამოკიდებულების. ასევე სუნთქვები და ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლის ხარისხის ამაღლება, ჩათვალეთ, რომ მთლიანად ცვლის სხეულის „ქიმიას“.
ჭარბი წონის მიზეზი, ზედაპირულად – ზედმეტი კვება და უმოძრაობაა. თუმცა თუ კარგად ჩავეძიებით, მის უკან ბევრ წყალქვეშა ქვებს ვიპოვით – ტრავმები, სტრესები, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, მუდმივი უენერგიობა, აპათია და ა.შ. რისი შედეგიცაა უკვე კვებითი დარღვევა და დაბალი ფიზიკური/გონებრივი აქტიურობა.
იოგას სტაბილური პრაქტიკა ამ ყველაფერს ნელნელა მოაწესრიგებს, იოგა ამ მიზეზებს აღმოფხვრის და შესაბამისად, შედეგს (ჭარბი წონა) შეცვლის.
ამას გარდა, ასანები, ანუ ფიზიკური ვარჯიშები, იოგას მხოლოდ მესამე საფეხურია. ასანებამდე არის პირველი საფეხური „იამა“ – რომელიც ზოგადი მორალური ნორმების გამოსწორებას ითხოვს. ესაა ზომიერების და გონიერების დაცვა, ჯანმრთელობისა და ბალანსის მიღწევა. მეორე საფეხური „ნიამა“ – საკუთარ თავთან ჰარმონია – დისციპლინა, თვითშემეცნება, გონების სისუფთავე, საუბრის და გარეგნული იერის მოწესრიგება. იოგას ვარჯიში, თავისთავად მიგიყვანთ ამ ეტაპების ერთიანობის სინთეზამდე, რადგან ვარჯიშების ზევით ჩამოთვლილი ეფექტები, სხვანაირად დაგანახებთ სამყაროს. ბუნებრივად გაჩნდება სურვილი ბალანსს და ჰარმონიას ეზიაროთ ამ შეშლილ და სტრესებით სავსე სამყაროში.
ეს ყველაფერი სტაბილური პრაქტიკის საშუალებით აუცილებლად მიიღწევა დროთა განმავლობაში და ეს არ იქნება დროებითი ეფექტი, რაშიც დღევანდელმა ფიტნეს-მარკეტინგმა ჩაგვითრია – 15 კილო ერთ თვეში, 2 კვირაში მუცელი გაქრება, 6 კვირაში მინუს 78 კილო და ა.შ.
იოგა არ არის შეჯიბრი და სპორტი – ეს არის საკუთარ თავთან ჰარმონია, სხვასთან „დატოლების“ გარეშე.