შეიძლება თუ არა თიაქარის დროს ვარჯიში? – იოგათერაპია
საიდან ჩნდება ხერხემლის პრობლემები და უნდა ვივარჯიშოთ თუ არა ასეთ დროს?
ხერხემლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ცხოვრების უძრავი წესი (ჰიპოდინამია), ისე სხვადასხვა პროფესია, სადაც დიდი ხანი ერთ პოზაში უწევთ სხეულის დაჭერა. ასევე ხერხემლის პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს თქვენ წარმოიდგინეთ ვარჯიშიც კი. არასწორმა დატვირთვებმა დარბაზში, განსაკუთრებით დიდ წონებზე მუშაობისას დაშვებულმა შეცდომებმა, არასწორმა ტექნიკამ შეიძლება ამ ხერხემლის პრობლებამდე მიგიყვანოთ. არაერთი ადამიანი შემხვედრია, რომელსაც სატრენაჟორო დარბაზის აბონიმენტის იოგას სტუდიაზე გადაცვლა მოუწია სწორედ ხერხემლის ტკივილების, ტრავმის ან თიაქარის გამო.
ხერხემლის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და როგორ იწყება ისინი:
ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, თიაქარი.
ადამიანის ხერხემალი შედგება მალებისაგან, ეს ხერხემლის ძვლოვანი ნაწილია. მათ შორის განლაგებულია მალთაშორისი დისკები. ეს ელასტიური ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმებს და შერყევებს, რომელიც გადაეცემა ხერხემალს, ზურგს და თავის ტვინს. სწორედ მალების და დისკების მდგომარეობა განსაზღვრავს ხერხემლის ჯანმრთელობას.
პრობლემების პირველი სტადია ოსტეოქონდროზია.
ოსტეოქონდროზის პროცესი იწყება მალთაშორის დისკში: ის კარგავს თავის თვისებებს, მცირდება წყალი, მოქნილობა და ელასტიურობა. მისი ბირთვი შრება და შეიძლება ცალკეულ ფრაგმენტებად დაიშლოს. ბირთვის ფიბროზული რგოლი იჭრება დისკის დეფექტებში, რაც ხელს უწყობს მის გაგლეჯას, გამოვარდნას და ამობურცვას მალების ფარგლებს გარეთ.
პროტრუზია — ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება მალთაშორისი დისკის გადაადგილება ხერხემლის არხში და მალების ფარგლებს გარეთ გამოვარდნა. თუმცა, თიაქარისგან განსხვავებით, დისკის ფიბროზული კაპსულა დაზიანებული არ არის.
თიაქარი – პროტრუზიის შემდეგი სტადიაა. ამ დროს ხდება ჰიალინური ფირფიტის, ხერხემლის სვეტის გრძივი იოგების გაგლეჯვა და პულპოზური ბირთვის გამოვარდნა დისკების ფარგლებს გარეთ – ამ დროს ადგილი აქვს მალთაშორისი დისკის თიაქარს.
რა არის ხერხემლის სტრუქტურის დარღვევების გამომწვევი მიზეზები?
1. 22-25 წლის შემდეგ მალთაშორისი დისკები დამოკიდებულები ხდებიან გარშემო მდებარე ქსოვილების სისხლის ნაკადზე. სისხლის მიწოდების შემცირების შემთხვევაში ირღვევა დისკების წყლით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველლყოფის პროცესი. ეს იწვევს დისკების დეჰირატაციას, ამცირებს მათ ელასტიურობის და ამორტიზაციის თვისებებს, მათი ნორმალური სტრუქტურის დაკარგვას.
2. ოპტიმალური სამოძრაო რეჟიმის არ არსებობა – ჰიპოდინამია იწვევს დისკების მიმდებარე კუნთებში სისხლის ნაკადის შემცირებას; ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები კი (განსაკუთრებით გადაჭარბებულ ვერტიკალური, ღერძული ზემოქმედება ხერხემალზე) ასევე ხელს უწყობენ დისკების შეკუმშვას, დეჰიდრატაციას და დეგენერაციას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ასევე ისეთი პროფესიები, სადაც უწევთ იძულებით დიდი ხანი სხეულის დაჭერა (ქირურგები სტომატოლოგები, ბუღალტრები და ა.შ.) – რამდენიმე საათის განმავლობაში იძულებით სხეულის მდებარეობის შენარჩუნება იწვევს ხერხემლის ღერძის ცალკეული სტრუქტურების არაფიზიოლოგიურ კომპრესიას.
3. გენეტიკური მიდრეკილება: შემაერთებელი აპარატის აგებულების თავისებურებები (შემაერთებელი ქსოვილების დისპლაზიის ფარგლებში) – უკანა გრძივი იოგების და სხვა შემაერთებელი სტრუქტურების ზედმეტი გაჭიმვადობის გამო იქმნება დამატებითი პირობები „სუსტი ანატომიური ადგილების“ ფორმირებისათვის, შემდგომში კი თიაქარის განვითარებისათვის.
4. ზედმეტი წონა და სიმსუქნე, რომელიც მუდმივად ზრდის ხერხემალზე ღერძულ დატვირთვას.
5. ხერხემლის ტრავმები.
6. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა თანმდევი ცვლილებები და დეფორმაციები: ბრტყელტერფიანობა, ტანადობის დარღვევა, სქოლიოზი.
7. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი და სხვა რიგი ენდოკრინოლოგიური დაავადებები).
8. მიკროელემენტების, ვიტამინების და ცილების დეფიციტი.
შეუძლია თუ არა სპეციალურ ვარჯიშებს, კონკრეტულად იოგას ამ მდგომარეობის გაუმჯობესება?
დიახ, იოგათერაპიას შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა ოსტეოქონდროზზე და თიაქარზე, თუ გარკვეული შეზღუდვებით მივუდგებით (გამოირიცხება ისეთი იოგატქნიკები, რომლებიც ზრდიან დაწოლას) და შემოვიტანთ ისეთი ელემენტების რეგულარულ პრაქტიკას, რომლებიც ხელს უწყობენ მალთაშორისი დისკების კვებას, მათი სტრუქტურის და მდებარეობის აღდგენას.
რეგულარული და სწორი პრაქტიკა ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს კლინიკურ გამოვლინებებს – ტკივილი, მგრძნობელობა, მოძრაობის დარღვევა. ასევე მიიღება დადებითი დინამიკა – თიაქარის ზომის შემცირება.