ვარჯიში ხერხემლის პრობლემების დროს – წინ დახრები
იოგა და თიაქარი. რა შეიძლება და რა არა?
გავრცელებული აზრია, რომ ხერხემლის პრობლემების, მათ შორის თიაქარის ან პროტრუზიის დროს იოგას თერაპიული ეფექტი აქვს.
ეს ასეცაა თუ ვარჯიშები სწორადაა შერჩეული და ამავე დროს, იოგამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი – ანუ პრობლემის გაღრმავებაც კი გამოიწვიოს, თუ ჩავთვლით, რომ ჩვენთვის უსაფრთხოა ნებისმიერი ასანა.
განვიხილოთ – წინ დახრები.
ხერხემლის მოხრის დროს (მოძრაობა, რომელიც ხდება წინ დახრის დროს) მალთაშორისი სივრცე მცირდება და იზრდება დაწოლა დისკის წინა ნაწილებზე. ამ დროს პულპოზური ბირთვი ინაცვლებს უკან და აწვება რგოლის უკანა ბოჭკოებს. იმ შემთხვევაში, თუ უკვე ადგილი აქვს ფიბროზული რგოლის დაზიანებას და ბირთვის გამოვარდნას, წინ დახრებს შეუძლიათ გაზარდონ ან პროვოცირება გაუკეთონ თიაქარის გამოსვლას.
სწორ ფეხებთან დახრების შესრულების დროს, ამ მოძრაობის ნაწილი სრულდება მენჯ-ბარძაყის სახსრების ღერძზე მენჯის ჩატრიალების ხარჯზე. ითვლება, რომ ამ დროს წელი რჩება სწორი, მალების მდებარეობა კი ერთმანეთის მიმართ არ იცვლება – შესაბამისად, ასეთი დახრა წელისთვის უსაფრთხოა.
თუმცა – მენჯ-ბარძაყის მოქნილობა სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა აქვთ. გარკვეულ მომენტში ამ მოძრაობის მოცულობა იწურება და შემდეგი დახრა ხდება უკვე ხერხემლის ნაწილის მოხრის ხარჯზე – რაც იწვევს ზევით აღწერილ შედეგებს. ის მომენტი, როცა ჩერდება მენჯის მოძრაობა და იწყება ხერხემლის მოხრა, ძნელი დასაჭერია – საუბარია მილიმეტრებზე, რომლითაც იზომება მალების დაშორება ერთმანეთთან, პულპოზური ბირთვის და ფიბროზული რგოლის მდებარეობა. ამიტომ გარკვეულ მომენტში, წინ დახრამ, რომელიც გვგონია რომ სრულდება მენჯის მოტრიალების ხარჯზე, შეუძლია გამოიწვიოს პულპოზური ბირთვის უკან წანაცვლება.
ამიტომ გავითვალისწინოთ, წინ დახრები არაა რეკომენდირებული თიაქარის დროს, თუ ვერ აკონტროლებთ ხერხემლის სწორ პოზიციას და მენჯ-ბარძაყის სახსარში არ გაქვთ საკმარისი მოქნილობა. ამ ვარჯიშის შესრულების დროს უმჯობესია აკონტროლოთ ხერხემლის სწორი მდებარეობა, ხოლო ფეხები მუხლებში მოხაროთ, რათა დაკომპენსირდეს მენჯ-ბარძაყის მოქნილობის დანაკლისი.