ყველა კითხვა სავარჯიშო პროგრამის შესახებ


მოგესალმებით! მოკლედ ჩემს შესახებ: მე ვარ ნინა ილურიძე, სერტიფიცირებული პერსონალური მწვრთნელი, იოგას და პილატესის ინსტრუქტორი. უფრო დეტალურად ჩემს შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: ჩემს შესახებ – ნინო ილურიძე (Fitni, Personal Trainer )

კონტაქტიOnline Trainer Nina Iluridze (facebook.com) ტელ (whatsapp, viber): 577 096959

ახლა კი ჩემი სავარჯიშო მეთოდიკის შესახებ

რა სურთ იმ ადამიანებს, ვინც მე მომმართავს:

  • წონაში კლება;
  • სხეულის ფორმების შეცვლა;
  • პრობლემური ზონების კორექცია – მათ შორის მუცელი, ფეხები, თეძოების ზონა;
  • პრობლემები რომლებიც დაკავშირებულია ზურგთან, წელთან, ხერხემალთან და რომელსაც მჯდომარე სამსახური იწვევს; ასევე ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები – თიაქარი, პროტრუზია, ჰიპერლორდოზი, ჰიპერკიფოზი და ა.შ.; პოსტრავმული რეაბილიტაცია და სხვ.
  • ენერგიის მომატება, მუდმივი დაღლილობის გრძნობის მოხსნა;
  • ფსიქოლოგიური განწყობის გაუმჯობესება;
როგორ ვშველი ამ პრობლემებს?

ხშირად არის, როცა ადამიანი პირველივე ვარჯიშზე კონკრეტული პრობლემაზე იწყებს, ორიენტირებას: – მე პრესი მინდა კარგი და მოდით მე მხოლოდ პრესის ვარჯიშს გავაკეთებ და უხალისოდ აკეთებს სხვა ვარჯიშებს.

ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სხეული ერთი მთლიანია და ის პრობლემური კუნთები და ადგილებიც, დაკავშირებულია სხვა მიმდებარე კუნთებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მოშვებული სხეული, ჩამოვარდილი საჯდომი, ხელზე მოშვებული ჩამოკიდული უკანა კუნთები და ამ დროს ლამაზად მდგარი პრესი. რაღაც აბსურდული სურათია ხომ? თუმცა, არც ის მუცლის პრესი არ დგება მხოლოდ პრესის სტანდარტული ვარჯიშების საშუალებით. თქვენ შეიძლება გაიმაგროთ პრესი, მაგრამ მუცელი კვლავ გამოწეული დარჩეს. რატომ? ეს თემა ფიზიოლოგიის ახსნას არ ემსახურება და თუ თქვენს ტრენერად მე ამრჩევთ, ადგილზე ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

როგორ უნდა მივიღოთ შედეგი?

როგორ ვიწყებთ, პირველი ეტაპი

პირველი თვე მთლიანად ადამიანის სხეულის ტონუსში მოყვანას ემსახურება. წარმოიდგინეთ მოდის გოგო, რომელიც მთელ დღეები სამსახურში კომპიუტერთან ზის, შემდეგ მანქანით მიდის სახლში ან მეგობრებთან, იძინებს ღამე, იღვიძებს, ისევ მანქანით სამსახურში, ისევ ჯდომა და ა.შ. აქტივობისთვის ძალიან მცირე დრო რჩება და არც ენერგია. ასეთ რეჟიმს ძალიან დამანგრეველი ეფექტი აქვს სხეულისთვის, თავი რომ დავანებოთ ლამაზ პრესს და ზედმეტ წონას, ჯანმრთელობის პრობლემები უკვე საკმაოდ ადრეულ ასაკში ჩნდება. ასე რომ, პირველი თვე მხოლოდ ზოგად ტონუსს ეთმობა, უნდა გაძლიერდეს თქვენი პრესი, ფეხები, ხელები, ზურგი, გული, რომ შემდეგ უკვე სერიოზულ სამუშაოზე გადავიდეთ.

კიდევ ერთი შედარება, როცა მხოლოდ სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გალამაზებას ვცდილობთ. წარმოიდგინეთ საძინებელი, რომელიც მთლიანად გასარემონტებელია, თქვენ გაღვიძებისას, თვალს რომ გაახელთ, პირველ რიგში თქვენს წინ მდებარე კედელს ხედავთ, ნერვებს გიშლით და ხასიათს გიფუჭებთ. მოგყავთ ხელოსანი და სთხოვთ ეს კედელი გაარემონტოს და გაალამაზოს. თქვენ ყოველ დილას ლამაზ კედელს დაინახავთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც თქვენს ოთახს ნახავს, მისთვის ყველა კედელი თანაბრად შესაფასებელი იქნება და მხოლოდ ერთი ლამაზი კედელი, არაფერს შეცვლის. სამი გაურემონტებელი კედლის შემთხვევაში თქვენი ოთახი ისევე გასარემონტებელი იქნება, როგორც ოთხის შემთხვევაში იყო.

როგორ ვაგრძელებთ?

ანუ რა ეშველება პრობლემურ ზონებს. უკვე მეორე ეტაპზე, როცა სხეული ტონუსშია მოყვანილი, სხეულის ფორმები უკვე შეიცვალა, შეიძლება პროგრამის კორექტირება და მეტი დროის დათმობა პრობლემურ ზონებზე. თქვენ აგრძელებთ ზოგად ვარჯიშს, რომ არ მოეშვათ მთლიანად, მაგრამ უკვე მეტ დროს ხარჯავთ პრესზე, ფეხებზე, ხელებზე ან სხეულის იმ ნაწილის კორექციაზე, რომელიც მეტად გაღელვებთ. ეს გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა და თქვენ არ გაქვთ მარტო ლამაზი პრესი, თქვენი მთელი სხეული ტონუსშია და ფორმაშია.

რა პროგრამით ვავარჯიშებ და რა ვარჯიშებისგან შედგება პროგრამა?

პროგრამა საავტოროა და წარმოადგენს მიქს პროგრამას FitniMix, რადგან გამოყენებულია როგორც ფიტნესის, ისე პილატესის, იოგას, სტეპის და სხვა მიმდინარეობის საუკეთესო ეფექტური ვარჯიშები. ვარჯიში შედგება კარდიო, ძალოვანი, ფუნქციონალური ნაწილებისგან და გაწელვების კომპლექსისგან. კარდიო – გულის კუნთის და გამძლეობის გაზრდას ემსახურება, ძალოვანი კი სხეულის კუნთების მომაგრებას და ლამაზი შეკრული ფორმების მიღებას. ფუნქციონალური გვაძლევს საშუალებას სწრაფი გადართვა ვისწავლოთ სხვადასხვა დატვირთვებს შორის. ვარჯიში შედგება ფიტნესის საბაზისო და ეფექტური ვარჯიშებისაგან, როგორიცაა ჩაჯდომები, აზიდვები, პლანკები და სხვა. თანდათან რთულდება ეს საბაზისო ვარჯიშები, ხდება მათი მოდიფიცირება. აღნიშნული მოდიფიკაციები მოითხოვს მეტ ბალანსს, მეტ გამძლეობას, მეტ ძალას, მეტ მოქნილობას. ეს ყველაფერი მეტ კალორიებს ხარჯავს, სხეულის ფორმებს მეტად ცვლის და რა თქმა უნდა ამაღლებს თქვენ თვითშეფასებასაც, როცა ხედავთ რამდენი შეგძლებიათ და რა საოცარი სხეული გქონიათ, როგორ იმორჩილებთ მას და მართავთ როგორც გსურთ.

ჩემს პროგრამაშ აქტიურად ჩართულია პილატესის და იოგას ელემენტები. რამდენიმე მიმართულების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი ვარ და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაძლევს საშუალებას მხოლოდ საუკეთესო გამოვიყენო იქიდან, რაც ვიცი და ჩემი ვარჯიში მრავალფეროვანი და ეფექტური გავხადო ნებისმიერი მოთხოვნის და პრეტენზიის ადამიანისათვის.

გარდა ამისა, ვმუშაობ ისეთ ადამიანებთან, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, სჭირდებათ ორსულობის, ოპერაციის ან ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, აქვთ ხერხემლის პრობლემები. აქ მთავარი წამყვანი სიტყვა პროგრამაში რა თქმა უნდა პილატესს და იოგას ეკუთნის.

რა აღჭურვილობას ვიყენებ?

მინიმალურს. ეს არის – მცირე თავისუფალი წონები (ჰანტელები), საფენები და სტეპის პლატფორმა. ეს სავსებით საკმარისია, რომ თქვენ სასურველი შედეგი მიიღოთ.

ხშირი კითხვაა, რაზეა გათვლილი თქვენი ვარჯიშები, წონაზე, ფორმაზე, ჯანმრთელობაზე, მოქნილობაზე და ა.შ?

ყველაფერზე! დიახ, თქვენს კონკრეტულ პრობლემაზე და ამავე დროს ყველაფერზე ერთად!

როგორ? უამრავი კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭარბი წონის, ჯანმრთელობის, ხერხემლის პრობლემების, სხვადასხვა დაავადებების მთავარი მიზეზი უძრავი ცხოვრების წესია! ვარჯიშით თქვენ რამდენიმე პრობლემას ერთად აგვარებთ. ვარჯიში ებრძვის ჭარბ წონას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ტონუსში მოყავს თქვენი კუნთები, რაც მათი სისხლით საუკეთესო მომარაგებას ნიშნავს, ეს ყველაფერი ერთად მიმდინარე პროცესებია, ამიტომ როგორც ცნობილი რუსული გამოთქმა ამბობს: От всех бед – один ответ!

4 thoughts on “ყველა კითხვა სავარჯიშო პროგრამის შესახებ

  • მაისი 6, 2018 at 1:16 pm
    Permalink

    როდესაც ტონუსშია ორგანიზმი და ძირითადად ფართო თეძოები გვაწუხებს ოღონდ მასა კუნთია, როგორ უნდა მოვიქცეთ? ვარჯიში უნდა შევწვიტოთ და მხოლოდ ვიდიეტოთ?

    Reply
    • მაისი 15, 2018 at 3:01 pm
      Permalink

      უფრო მეტი კარდიო და პლიუს დიეტა

      Reply
  • აგვისტო 18, 2018 at 12:04 pm
    Permalink

    გამარჯობა. ვარ 15 წლის და უკვე სამი თვეა ყოველ დღე დაახოებით 1 საათი ვვარჯიშობ. მხოლოდ ერთი კედლის გაუმჯობესებაზე არ ვარ ორიენტირებული. ჩემთვის მთელი სხეული მნიშვნელოვანია. არ ვიყენებ სიმძიმეებს რათა ზრდაში არ შემექმნას პრობლემები. უკვე პრესიც მაქვს, კუნთებიც . მაინტერესებს ვარჯიში რომ გავაგრძელო იგივე ტემპით, ხომ არ ჩამომიყალიბდება ბიჭური სხეული ან რამე პრობლემა . ვარ 50 კგ, 170 სმ . მისაღებია ეს პროპორციები ჩემი ორგანიზმისთვის? მადლობა წინასწარ <3

    Reply
    • აგვისტო 20, 2018 at 8:13 am
      Permalink

      სიმძიმეებს თუ არ დაამატებ, მამაკაცური სხეული არ გექნება. წონა უფრო ნაკლები არაა სასურველი, რადგან წონის დეფიციტი გექნება

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *