როგორ და რატომ დავიწყე ვარჯიში?
დროის და მოტივაციის შესახებ
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სმენია ვარჯიშის და ცხოვრების აქტიური ჯანსაღი წესის სიკეთის შესახებ და თავად არ გასჩენია სურვილი ერთ დღეს ყველა საქმე გადაედო, ეპოვა თავისუფალი დრო და უახლოესი დარბაზის ან სპორტული მოედანისათვის მიემართა. თუმცა ფიტნესისაკენ მიმავალ გზაზე პირველ წინააღმდეგობად დროის უკმარისობა იქცევა ხოლმე.
ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ, მსჯელობენ, ცდილობენ გამოსავალის პოვნას. მეც პირადად არაერთხელ მისაუბრია, ამიხსნია და ამიტომ თავისი აქტუალობიდან გამომდინარე, აქ, ამ საიტზე, სადაც ფიტნესზე და ვარჯიშზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს ცალკე თემას.
ამჯერად ამ თემის მიზეზი გვანცას პოსტი გახდა :
– არის ძალიან ბევრი პრობლემა. მე მაგალითად მინდა, რომ ყოველდღე დავრბოდე, ვვარჯიშობდე, ვაკონტროლებდე კვებას და ა.შ. ვცდილობ მეტ-ნაკლებად, მაგრამ ხშირად ჩემი ცხოვრების ტემპიდან და სტილიდან გამომდინარე, იმდენი საქმეები მაქვს და იმდენი საფიქრალი (ვგულისხმობ სამეცნიერო/საუნივერსიტეტო სამუშაოს და აღებულ პასუხისმგებლობებს), რომ ამდენ რაღაცაზე ვეღარ ვფიქრობ… ღამის გათენება რო მიწევს, ან 4-5 საათზე დაძინება, მერე დილით სარბენად ვეღარ ვდგები არადა როგორ მინდა, როგორ!!!! დარწმუნებული ვარ არის საშველი, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჯერ…
მე შემოგთავაზებდი მოტივაციური სტატიებიც დაგეწერა ჩემნაირებისთვის :)
გვანცა არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ეს თემა პირდაპირ ეხება ფიტნესს და ამ ეტაპის გავლა თავის დროზე ყველას მოუწია, ვინც დღეს უკვე რეგულარულად ვარჯიშობს.
დღევანდელი თემა დრო და მოტივაცია იქნება.
ბევრი რჩევა იწერება ინტერნეტში, ბევრი საკმაოდ ზოგადია და ძირითადად ლოზუნგის ტიპის მოწოდებებით შემოიფარგლება, ამიტომ ჩემი მეგობრების ინიციატივით შევეცდებით ამ კითხვას ჩვენი კონკრეტული და რეალური მაგალითების საშუალებით გავცეთ პასუხი.
საერთოდ ადამიანები ვარჯიშთან დამოკიდებულებაში ორ ნაწილად იყოფიან. პირველნი ვარჯიშის არ დაწყების მიზეზად დროის დატვირთულ გრაფიკს და მოუცლელობას იმიზეზებენ. ეს წუხილი მართლა გულწრფელია და ჩემთვის ძალიან ადვილად გასაგები, რადგან ეს ყველა მიზეზი ოდესღაც ჩემთვისაც არსებობდა და გადაულახავ დაბრკოლებად მესახებოდა. არსებობს მეორე კატეგორიაც, ვინც უალტერნატივოდ იძახის უარს ვარჯიშზე და დაუფარავად აცხადებს, რომ ის ვინც ვარჯიშობს ცალსახად უსაქმურია და მოცლილია. მიზეზებით ყველაზე არგუმენტირებული გათხოვილი ქალბატონები არიან – სამსახური, ოჯახი, ბავშვი, სარეცხი, სადილი, ათასი საოჯახი წვრილმანი საზრუნავი, ნერვები და ა.შ.
ეს თემა ზუსტად ამ ადამიანებისათვისაა განკუთვნილი – აქედან პირველთათვის, რომ შეძლონ სწორად ჩამოყალიბება სავარჯიშოდ დროის მოძიებასთან მიმართებაში, და მეორეთათვის, რათა გაიაზრონ თავიანთი რეალური დამოკიდებულება.
მაშ ასე,როგორ და რატომ დავიწყე ვარჯიში?
ცხოვრების პირველ ეტაპზე ვარჯიში უმეტესად სკოლის პერიოდში სპორტის რომელიმე სახეობაზე სიარულით იწყება, ან მშობლის დახმარებით. ასე იყო ჩემს შემთხვევაში. ოჯახში არსებულმა ჯანმრთელობის პრობლემებმა და ექიმების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მამაჩემს ცალსახად უარი ათქმევინა თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენებაზე და მცირე სამეგობროსთან ერთად მკურნალობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზების ძიება დააწყებინა. საუბარია გასული საუკუნის 70-იან წლებზე. საბჭოთა წყობა მაშინ სდევნიდა არატრადიციულ მეთოდებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა მედიცინასთან და იმ სიახლეებს, რომლთა შემოდინებაც „გარყვნილი დასავლეთიდან“ ხდებოდა. მათ რიცხვში იყო იოგა და ევროპაში და ამერიკაში უკვე პოპულარული პოლ ბრეგის „შიმშილობის სასწაული“. ეს უკანასკნელი 70-იან წლებში სსრკ-ში კუსტარულად ნაბეჭდი სახით ხელიდან ხელში ვრცელდებოდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩემი პირველი „ზიარება“ ვარჯიშთან და სწორი კვების წესებთან მაშინ მოხდა. წამოზრდილმა და მშობლის მომაბეზრებელი (და სხვათაშორის საკმაოდ წარმატებული) ექსპერიმენტებისგან თავს დაღწეულმა საკმაოდ დიდი ხნით გადავივიწყე ეს ყველაფერი და ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმით გავაგრძელე ცხოვრება, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილს სდევს თან. დროის უმეტესი ნაწილი ან სამსახურის მჯდომარე ცხოვრებას ეთმობოდა და შემდეგ ძალაგამოცილილ პასიურ დასვენებას, უკეთეს შემთხვევაში კი მეგობრებთან ერთად სადმე გასვლას, რომელიც აუცილებლად გემრიელი უსისტემო ჭამა-სმით სრულდებოდა. შემდეგი ეტაპები სავსებით ბანალურად გაგრძელდა – გავთხოვდი, გავსუქდი, დღითიდღე ფორმებს ვკარგავდი და საქმე უფრო და უფრო მემატებოდა. ვცხოვრობდი მარტო, სამსახურიდან გასულს შინ ყველა ის საქმე მხვდებოდა სრულ კომპლექტში, რაც ნებისმიერ დიასახლისს. პლიუს ამას ემატებოდა ჭირვეული მცირე ასაკის ბავშვი, რომელიც ხშირად ღამეც არ ისვენებდა, საათობით შეეძლო ენერგიურად ეტირა და არანაირად არ ედარდებოდა ის, რომ მეორე დღეს დილაადრიან ასადგომი და სამსახურში წასასვლელი ვიყავი.
მოკლედ, რაც დრო გადიოდა დატვირთვა და დროის გამუდმებული უკმარისობა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არითმეტიკული პროგრესიით ზრდაში. აი, ერთ დღესაც ამ ყველაფერმა კრიტიკულ ზღვარს საკმაოდ შორს გადააბიჯა, ერთის მხრივ არაადამიანურმა დამღლელმა
გრაფიკმა და მეორეს მხრივ, დღითიდღე მზარდმა კილოგრამებმა (რასაც გენეტიკური მიდრეკილებაც ხელს უწყობდა) იძულებული გამხადა ახალი გამოსავალი მეძებნა. რადგან, ოჯახს, სამსახურს, ბავშვს და საქმეს ვერაფერს ვერ მოვუხერხებდი, ცვლილებების ერთადერთ უალტერნატივო ვარიანტად თავად მე ვრჩებოდი. ამ პერიოდში საბურთალოს ქუჩაზე ერთი სპორტული კომპლექსი აღმოვაჩინე და რადგან ხსნად კვირაში 3-ჯერ ამ საათებში ბავშვის დამტოვებელი მომევლინა, აერობიკის ჯგუფს მივაშურე.
აქ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერი ნინა, 40 წელს გადაცილებული ქალბატონი. სიმართლე გითხრათ პირველი ეფექტი ჩემთვის აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო. პირველად ვნახე საქართველოში, რომ ქალს 40 წელს ზევით შეიძლება ასეთი დახვეწილი ფორმები, 20 წლის გოგოს მოქნილობა და რაღაც გასაოცარი ენერგია ჰქონოდა, ისე რომ დღეში 3-4-ჯერ თითო საათიანი უწყვეტი მაღალინტენსიური ვარჯიში ჩაეტარებინა – ეს ფაქტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის.
3 თვეში არაჩვეულებრივი შედეგი მქონდა. სწრაფად ჩამოვყარე აკრეფილი წონა, მოვედი ფორმაში და ჩემდა გასაკვირად უამრავი დრო გამომიჩნდა. არ ვტყუი – მართლაც უამრავი დრო გამომიჩნდა!!!
საქმე არა დროის მიხედვით არამედ მისი შედეგიანობით იზომება.
სამსახურიდან დაძაბული გონებრივი სამუშოს დაღლილობას აერობიკის ჯგუფში ფიზიკური აქტივობა აბსოლუტურად მიხსნიდა. სახლში დაბრუნებული, იმ საქმეს რასაც ადრე 2 და 3 საათი ვუნდებოდი, ახლა 1 საათში ვასწრებდი. იგივე ხდებოდა სამსახურშიც. ნებისმიერ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს 2-ჯერ და 3-ჯერ სწრაფად ვასრულებდი. ამის გამო, კი დრო არა მომაკლდა, არამედ პირიქით მომეტა. დღესაც შემიძლია იგივე ვთქვა. რატომღაც ჩვენთან კარგი დიასახლისის სტერეოტიპად მოსუქებული უფორმო ქალი მოიაზრება, რომელსაც „არა სცალია“ საკუთარი თავისთვის. დიასახლისებისათვის მინდა დავწერო, საოჯახო საქმეს კარგი ფიზიკური მომზადება და გამძლეობა სჭირდება. გინახიათ როგორ მუშაობენ პროფესიონალი დამლაგებლები, რომლებიც ოჯახებში დადიან და ალაგებენ? 8 საათის განმავლობაში რამხელა საქმის გადაგორებას ახერხებენ და როგორ ენერგიულად მუშაობენ დღის ბოლომდე? ალბათ ეს უკანასკნელნი კვებასაც რომ ყურადღებას აქცევდნენ, არც თუ ისე ურიგო ფორმების პატრონები იქნებოდნენ.
გვანცა და ის ადამიანებიც, ვინც გონებრივ სამუშაოს ეწევიან, მინდა დავარწმუნო – ივარჯიშეთ და თქვენი გონება გაცილებით ნაყოფიერად და სხარტად იმუშავებს, შეძლებს უფრო დიდი ინფორმაციის წარმატებულად გადამუშავებას ვიდრე იქამდე და არც კრეატიული იდეების უკმარისობა გექნებათ.
ჩემი მაგალითი არაა იშვიათი გამონაკლისი, როცა დროის უკმარისობის პრობლემა ვარჯიშმა თავად მოაწესრიგა და გადაჭრა –
ნათია:
როცა პირველად ვარჯიში დავიწყე, იმდენ რამეს ვაკეთებდი და ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ ახლაც მიკვირს, ამდენ რაღაცას რანაირად ვახერხებდი – სამსახური, უნივერსიტეტი, მართვის მოწმობის გაკვეთილები და ქართული ცეკვის სამოყვარულო ჯგუფი.
ამ ყველაფერს ვარჯიშიც რომ მივამატე, არათუ ამერია ყველაფერი, არამედ პირიქით, უფრო მეტი შევძელი. როცა დაძაბული სამუშაო გაქვს და გონებრივად გადაღლილი ბრუნდები შინ, საჭიროა ფიზიკურადაც დაიხარჯო და ამით თითქოს ბალანსს პოულობ, თითქოს რუტინიდან გამოდიხარ…
რომ ვთქვა ეს ვიცოდი და იმიტომაც მივედი ვარჯიშზე თქო, მოვიტყუები. სამსახური რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა და დღეში 8 საათი ჯდომამ უკვე მოასწრო თავისი შედეგი გამოღება – ზურგი მტკიოდა. დავიწყე ვარჯიში და კუნთების გამაგრება. 1-2 თვეში საერთოდ აღარ მახსოვდა ზურგი, მაგრამ ამასობაში ვარჯიშმა ისე ჩამითრია, მას მერე აღარ მიმიტოვებია, უკვე წელიწადნახევარია…
ჩემი ისტორიის გაგრძელება, ნაწილი მეორე...
ლოგიკურად ჩემი ვარჯიშის ისტორია თავისი სასიამოვნო შედეგებით ალბათ აქ უნდა დასრულებულიყო….. თუმცა სამწუხაროდ არა. ეს ყველაფერი კინოჟურნალი იყო, იმის მერე, რაც მოხდა. ერთ დილას ჩვეულებისამებრ სრული დატვირთვით ვივარჯიშე (ეს უკვე ის პერიოდია როცა დამოუკიდებლად დავიწყე სუფთა ჰაერზე ვარჯიში), საღამოს კი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გავხდი. გარდა იმისა, რომ შემთხვევა საკმაოდ მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, ძლიერი დარტყმის შედეგად ტრავმების ძირითადი კერა ფეხები გახლდათ. შედეგიანად დასრულებული ოპერაციის შემდეგ (ანუ ცოცხალი გადავრჩი) ექიმებმა 2-3 კვირაში ფეხზე წამოდგომა, 1 თვეში სამსახურში ჩემი ფეხით სიარული მიწინასწარმეტყველეს და დამემშვიდობნენ. კვირები გადიოდა, მაგრამ სანატრელი ფეხზე დადგომა აგვიანებდა, დრო იწელებოდა, როცა ავდექი, ვაი ამ ადგომას და ფეხზე გავლას. 3 თვე დამჭირდა რომ დამოუკიდებლად სიარული შემძლებოდა, ისიც კოჭლობით.
საწოლიდან ფეხზე წამომდგარი ასეთი რეალობის წინაშე დავდექი: ტრავმების შედეგად მძიმედ იყო დაზიანებული სახსრები, მყესები, იოგები, დაშლილი იყო კუნთები და ყველაფერი, რაც სრულფასოვანი გადაადგილებისთვის და მოძრაობისთვის მჭირდებოდა; ფეხებზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაკარგული იყო ფეხის ფორმები და ბუნებრივი რელიეფი; მომატებული მქონდა კილოგრამები.
5 თვის თავზე ბოლო ჭრილობამ პირი შეკრა, ზუსტად მეორე დღეს კი სპორტულ დარბაზს მივაშურე, სიმართლე გითხრათ არ მქონდა დიდი შედეგების იმედი, უბრალოდ წესიერად სიარული მინდოდა რომ შემძლებოდა. ის რომ, ისევ იმ დილის მსგავად ვირბენდი და აქტიურ ვარჯიშს შევძლებდი, ამაზე აღარც კი ვოცნებობდი. დრომ და მიზანმიმართულმა, მაგრამ ფრთხილმა და გონივრულმა დატვირთვებმა თავისი შედეგი გამოიღო – სრულად და სრულფასოვნად აღვიდგინე ფიზიკური ფორმა, მოვიკელი ზედმეტი კილოგრამები, სხეულის ფორმები კი იმაზე უკეთესი მივიღე, ვიდრე ოდესმე მქონია. დატოვებული ფიზიკური ნაკლი კი მხოლოდ კოსმეტიკურ ნაკლად იქცა. გასაოცარია, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი ხანგრძლივობის და ინტენსივობის დატვირთვების ატანა შემიძლია ვიდრე ამ ტრავმებამდე. არადა გულწრფელად რომ გითხრათ, როცა რეაბილიტაციას ვიწყებდი, არათუ მსგავსი შედეგი, არამედ ძველ ფორმასთან მიახლოებაც კი აბსოლუტურად ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენებოდა – მაგრამ ფაქტი სახეზეა.
გივი მურვანიძე:
როგორ დავიწყე ვარჯიში?
საერთოდ ბავშვობიდან აქტიური სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მაშინ გათვითცნობიერებული არ მქონდა რატომ ვვარჯიშობდი…
მეორე კლასიდან სტუდენტობამდე ფეხბურთზე დავდიოდი და ძალაუნებურად მიწევდა ვარჯიში, რომელიც ძალიან არ მიყვარდა და სულ მეზარებოდა ხოლმე…
სტუდენტი რომ გავხდი, დავანებე ფეხბურთს თავი, რადგან კოჭებშივე მეტყობოდა რომ ჩემგან დიდი ფეხბურთელი არ დადგებოდა…
საუკეთესო შემთხვევაში რომელიმე ქვედა დივიზიონის გუნდში მოვხვედრილიყავი… ისიც ნაცნობობით ((-:
ფეხბურთისთვის თავის დანებება სტუდენტობა და ახალი სანაცნობო წრის გაჩენას დაემთხვა… დაიწყო სამეგობროში გაუთავებელი ღრეობები… და მეც, როგორც სტუდენტთა უმრავლესობა, აქტიურად გადავედი ქართულ ქეიფებზე… ხან თბილისის რესტორნებში… ხან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში…
მერე მუშაობაც დავიწყე მესამე კურსზე და ჩემი სპორტული ცხოვრება კვირაში ერთხელ ფეხბურთის თამაშით თუ შემოიფარგლებოდა…
მართალია ფიზიკურად მაინც მხნედ ვგრძნობდი თავს, არც სირბილის დროს მივარდებოდა გული, არც ცურვისას, წლების მანძილზე ვარჯიშს თავისი კვალი ჯერ არ წაეშალა, მაგრამ ტოტალურ უმოძრაობას და ჭამა-სმას ლოგიკური შედეგი მოყვა და ცოტა არ იყოს მოვპუტკუნდი – რაც ძირითადად ჩვენი, ქართველი მამაკაცების სუსტ წერტილზე- ღიპზე აისახა ((-:
თუმცა არანაირ დიკომფორტს არ ვგრძნობდი მომატებული წონის გამო და ვთვლიდი რომ ნორმალური იყო ცოტაოდენი ღიპის არსებობა ქართველ მამაკაცზე…
შიგადაშიგ მაინც ვიწყებდი ხოლმე ვარჯიშს… თბილისის ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ და რომელიმე მეგობართან ერთად ვიწყებდი ხოლმე ზღვაზე სირბილს, რაც მაქსიმუმ ერთი-ორ კვირას გასტანდა ხოლმე… მერე კი მბეზრდებოდა და ვანებებდი…
ვარჯიშის დაწყებაში გარდამტეხი ორი წლის წინანდელი ფაქტი აღმოჩნდა…
საკმაოდ მძიმე ავარიაში მოვყევი….
ჯერ საავადმყოფოში ვიწექი, მერე სახლში…. როცა ავდექი ძალიან დასუსტებული ვიყავი…
100 მეტრის გავლისას ვიღლებოდი, თავბრუსხვევა მქონდა… საღამოს ათ საათზე ვიძინებდი…
პლუს ამას წამლებით და ვიტამინებით გაჭყეპვამ საგრძნობლად გამასუქა – 20 კილოგრამი მოვიმატე…
აღარ მსიამოვნებდა საკუთარ თავს რომ ვუყურებდი… ვიზუალურადაც და ფიზიკურადაც…
ვეღარც ფეხბურთს ვთამაშობდი… ვერც ისეთ ადგილებში მივყვებოდი მეგობრებს, სადაც ფიზიკური გამძლეობა სჭირო იყო…
მოკლედ საკუთარი თავის რწმენა დავკარგე… ორივე სქესის წარმომადგენლებთან…
შვიდი-რვა თვის შემდეგ ცოტა რომ გამოვიხედე თვალებში, ექიმების რეკომენდაციით გადავწყვიტე ფიტნეს-კლუბში დამეწყო სიარული… ცოტა მოვღონიერებულიყავი…
და დაახლოებით 3-4 თვეში უკვე მოვედი ფიზიკურ ფორმაში… სირბილისას აღარ ვიღლებოდი, ადრე აღარ მეძინებოდა…
თან ძალიან მომეწონა ფიტნეს კლუბში ვარჯიში, მობეზრების მომენტი არ მქონდა და გადავწყვიტე არ დამენებებინა ვარჯიშისთვის თავი და ვიზუალურადაც ნორმალურ ფორმაში ჩავმდგარიყავი… თან ზღვის სეზონი მოდიოდა…
თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე, სარბენ ბილიკზე საკმაოდ დიდ მანძილზე დავრბოდი, პრესებს ვაკეთებდი…
აღარ ვსვამდი ალკოჰოლურ სასმელებს… კვებაშიც შევზღუდე რაღაც-რაღაცეები…
და დაახლოებით ხუთ თვეში 15 კილო დავიკელი და დავემსგავსე ნორმალურ ადამიანს…
საკუთარი თავის რწმენა ისევ გამიჩნდა…
შემდეგ ზღვა… ისევ გაუთავებელი ჭამა-სმები…
მერე შემოდგომა – რთველი…
ახალი წლის დღეები…
(ანუ საწყისი ეტაპის გარდა, ვარჯიშთან ერთად სიამოვნებას რაც მანიჭებდა, იმაზე უარი არ მითქვამს)
მაგრამ პარალელურად სისტემატურად ვარჯიში….
უკვე ვარჯიშის მოთხოვნილება გამიჩნდა… ისე როგორც სხვადასხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გააჩნია ადამიანს…
ოღონდ უფრო ფსიქოლოგიური, ვიდრე ფიზიკური… მაგალითად სიგარეტის მოწევის ჩვევას შევადარებდი…
შალიფად ჩაცმულ სიარულს აღარ ვერიდები, მიუხედევად იმისა რომ აპოლონის პარამეტრებამდე ჯერ ბევრი მიკლია ((-: …
ფიზიკურადაც იმაზე მაგარ ფორმაში ჩავდექი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ…
და ამ ყველაფერს ვუმატებ და ვუმატებ…
და ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, მოდი შევისვენებ, ცოტა ხნით დავანებებ თავს ვარჯიშს მეთქი…
ყოველთვის მეხალისება სავარჯიშოდ თუ საცურაოდ წასვლა…
დაზარების მომენტი ერთხელაც არ მქონია…
გარდა ამისა, საკუთარი შედეგებით შეგულიანებულმა ექსტრემალური სპორტის რამოდენიმე სახეობასაც გავუგე გემო… რაც ადრე აზრადაც არ მომივიდოდა თავში… და ძალიან მაგარ სიამოვნებას ვიღებ ამით … შიშის მომენტიც არ მაქვს, რადგან საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების იმედი მაქვს…
შეიძლება იმაზე მეტი წარმოდგენაც მაქვს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, რაც რეალურად არის და შეიძლება კისერიც წავიმტვრიო ((-: მაგრამ მაინც ეგ ჯობია არასრულფასოვნების გრძნობით შეპყრობილად ყოფნას…
დათა:
მამამ მე და ჩემ დას ვარჯიში ერთად დაგვაწყებინა. ჩემი და ჩოგბურთზე დადიოდა, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვებსაც ადვილად იტანდა. მე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც მალე ჩავდექი ფორმაში. როგორც ყველა ბავშვს სასტიკად მეზარებოდა დღეში 2 ჯერ ვარჯიში, განსაკუთრებით ვერ ვიტანდი “შპაგატს”, რომლის დროს დამატებით აზიდვები უნდა მეკეთებინა. ვაღიარებ, რომ ხანდახან როცა მამა არ მიყურებდა ვარჯიშს ვაფუჩეჩებდი. 2 წელიწადში ვარჯიში რუტინად იქცა და უკვე ავტომატურად ვაკეთებდი ყველაფერს. კარგად გამომდიოდა აზიდვები, რომელსაც 2 თითით ვაკეთებდი. ამ პერიოდში დედაჩემა შემიყვანა ცურვაზე და გადავწყვიტე, რომ დღეში ერთხელ ვარჯიშიც საკმარისი იქნებოდა.
უმაღლესში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ცურვაზე აღარ დავდიოდი, ვარჯიშსაც აშკარად ვუკელი. პირველ კურსზე საერთოდ შევწყვიტე აქტიური ვარჯიში. ორ წელიწადში გადავწყვიტე დავბრუნებოდი ფიზიკურ დატვირთვებს, ეს გადაწყვეტილება უამრავმა ტრავმამ მიმაღებინა. ვგრძნობდი, ჩემი ფიზიკური მდგომარეობა უარესდებოდა და მხოლოდ დატვირთვები მიშველიდა. ძალიან გამიჭირდა, სირბილით ვერ დავრბოდი, ორივე ფეხი არცთუ კარგ მდგომარეობაში მქონდა, მხარში მუდმივი ტკივილები და სხვა ტრამვები მუდმივად მახსენებდნენ თავს. ერთხელაც მომიწია გამოკვლევაზე წასვლა და ექიმმა “მახარა” ვარჯიში არ შეიძლება შენთვის, თუ გინდა ცურვაზე იარეო და ოპერაციის გაკეთებაც შემომთავაზა დიდსულოვნად. ამ იდეამ არ აღმაფრთოვანა, ამიტომაც ავდექი და წამოვედი, გავაგრძელე ძველებურად ცხოვრება. ნახევარ წელიწადში ვიგრძენი რომ კარგად ვერ იყო ჩემი საქმე, ვარჯიშის შეწყვეტა გადავწყვიტე, რომ დავკვირვებოდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დაახლოებით 1 წელი შესვენების რეჟიმში ვიყავი, ბოლოს მომბეზრდა და ისევ განვაახლე დატვირთვები. დღემდე ესე ვარჯიშობ, წვრილი ტრამვების დიდი ნაწილი მომიშუშდა, მაგრამ მე პირადად მაინც გირჩევდით, დაუჯეროთ ექიმებს.
გიორგი:
მე-10 კლასიდან დილაობით დავრბოდი უბნელებთან ერთად ლისის ტბაზე, კვირაში სამი-ოთხი დღე ვთამაშობდით ფეხბურთს. ინსტიტუტის დამთავრებამდე მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვიცავდი ამ “ტრადიციას”, მერე დიდი პაუზის გაკეთება მომიწია. დისკი მქონდა ამოვარდნილი და სანამ ისე არ შემაწუხა, რომ ფეხზე ვეღარ დავდექი, ყურადღება არ მიმიქცევია. მერე სხვა პრობლემებიც დაემატა და ერთადერთი ჩემი ვარჯიში იყო მაუსზე თითების წკაპუნი ეხლა უკვე ბოლო სამი წელია, რაც შევცვალე ცხოვრების წესი და ერთადერთი პრობლემა რაც ამ ცვლილებას მოჰყვა არის ის, რომ საკმარისია კვირა-კვირა ნახევრიანი პაუზა და რასაც ჰქვია ცუდად ვარ
ძირითადად ტურნიკზე ვვარჯიშობ და ვცურავ. ტრენაჟორებზე ერთადერთხელ ვივარჯიშე და ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ხანდახან ალბათ კარგია მრავალფეროვნებისთვის ერთ თვიანი ცვლილება, თუმცა მაინც ბუნებრივ პირობებში ვარჯიშს ვამჯობინებ.
აი ასე, ახლა ალბათ გასაგებია, რატომ ვვარჯიშობთ ან საიდან ვპოულობთ დროს. მთავარია დაიწყოთ და გარკვეული პერიოდი „გაუძლოთ“, არ დაანებოთ თავი, რაღაც დროის შემდეგ ის ჩვევად იქცევა. რაც არ უნდა მოუცლელი იყოთ, ხომ ახერხებთ ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოველდღიური საქმეებით დაკავებას? მაინც ჭამთ თუნდაც ფეხზე მდგარი, მაინც სვავთ წყალს, ყავას, უყურებთ ტელევიზორს ან მიუჯდებით კომპიუტერს, კითხულობთ ან უსმენთ ახალ ინფორმაციას თუნდაც 5-10 წუთი, ესაუბრებით გარშემომყოფებს, იღებთ აბაზანას და ამას აკეთებთ შეუცნობლად. ამისთვის არ გამოყოფთ სპეციალურ დროს, აკეთებთ თავისთავად. ეს ყველაფერი არის ჩვევა! ასეა ვარჯიშიც. ის ჩვევად და თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად უნდა იქცეს! ამისთვის არ უნდა გჭირდებოდეთ დროის გამოყოფა. პირიქით, ივარჯიშეთ და ის თავად გაჩუქებთ ბევრ დროს.
გარდა ამისა, თანამედროვე კვლევებმა დაადგინეს, რომ ვარჯიშის დროს გამოიყოფა „ბედნიერების ჰორმონები“ და ამის დადასტურება შეგვიძლია ჩვენ ყველას, ვინც უკვე წლებია სისტემატიურად ვვარჯიშობთ. ჩათვალეთ რომ ეს უკვე ნარკოტიკია, ოღონდ ჯანმრთელი ნარკოტიკი და თქვენ ამ სიამოვნებაზე უარს ვეღარასდროს იტყვით.
ის, ვისაც სურს გააკეთოს – ეძებს საშუალებას! ვისაც არ სურს – ეძებს გასამართლებელ მიზეზს!