მინერალების აუცილებლობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

თითოეული ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსები (ცილებიცხიმებინახშირწყლები), წყალი და ვიტამინები, არამედ მინერალური ნივთიერებებიც.

რა როლი აქვს მინერალებს?

მინერალები საჭიროა სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების წარმოებისათვის. ჩვენს ორგანიზმში ფაქტიურად მენდელეევის პერიოდული ცხრილი სრულადაა წარმოდგენილი, თითოეული ჩვენი უჯრედი კი პატარა ლაბორატორიას წარმოადგენს, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები, სინთეზირდება სასიცოცხლო საკვები ელემენტები. სინთეზისთვის საჭირო ერთი ელემენტის დანაკლისის შემთხვევაშიც კი იშლება ქიმიური რეაქციების ჯაჭვი, რამაც მომავალში შეიძლება ორგანიზმის სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

მინერალური ნივთიერებები არ სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ მათი მიწოდება  საკვების საშუალებით უნდა მოხდეს. მინერალები მონაწილეობენ ჩვენი ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, სადაც მთავარ მნიშვნელოვან ელემენტებს კალციუმი და ფოსფორი წარმოადგენენ. მაგნიუმი პასუხისმგებელია ენერგიის, ენზიმების (ფერმენტების) გამომუშავებაზე და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ნატრიუმი, კალიუმი და ქლორი ორგანიზმის თხევადი ნაწილის შემადგენელია, ხოლო გოგირდი სახსრების, შემაერთებელი ქსოვილების და კანის საცხი ნივთიერებაა. მინერალები შედიან ფერმენტების და ჰორმონების შემადგენლობაში და მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, სისხლის წარმოქმნაში და შედედებაში. ფერმენტების დიდი ნაწილი აქტიური მოქმედებას მხოლოდ ორგანიზმში ამა თუ იმ მინერალის არსებობისას იწყებს. მათი მონაწილეობის გარეშე ცვლის პროცესები არ აქტიურდება. ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმის მთავარი ფუნქციების ნორმალურ მუშაობას – კუნთების შეკუმშვის პროცესს, საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას. მინერალების წილი მთლიანი სხეულის მასის 3-4%-ს შეადგენენ. მათი გამოდევნა ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით ხდება, ამიტომ მათი შევსება და განახლება ყოველდღიურადაა საჭირო. მინერალების დეფიციტს სერიოზული დაავადებების და ორგანიზმის დაღუპვის გამოწვევაც კი შეუძლიათ.

მინერალები ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა რაოდენობით ესაჭირობა, რის მიხედვითაც მათ მიკრო და მაკრო ელემენტებად ყოფენ.

მაკროელემენტებს მიეკუთვნება ის ელემენტები, რომელთა სადღეღამისო მოხმარების დოზა 200მგრ-ს აღემატება. მაკროელემენტებია: კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ქლორი, ფოსფორი, გოგირდი. მათ რაოდენობა ორგანიზმში საკმაოდ დიდია და სხეულის მასის ყოველ 100 გრამზე შეიძლება რამდენიმე ასეულ მილიგრამს აღწევდეს. ამ მინერალების გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცვლის პროცესებში და ორგანოების და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, შეიძლება ითქვას ჩვენი სხეული მათგან შედგება, რადგან ეს მაკროელემენტები თითოეული უჯრედის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.

მიკროელემენტების შემადგენლობა ჩვენს ორგანიზმში უმნიშვნელოა. მიკროელემენტებს მიეკუთვნება ის ელემენტები, რომელთა სადღეღამისო მოხმარების დოზა 200მგრ-ზე მცირეა. მიკროელემენტებს წარმოადგენენ – რკინა, მარგანეცი, თუთია, სპილენძი, კობალტი, ფტორი, ქრომი, იოდი, სელენი და სხვა მინერალური ნივთიერებები. მეცნიერები სულ 25 ჯანმრთელობისათვის აუცილებელ მიკროელემენტს გამოყოფენ.

მინერალების დეფიციტი

დღესდღეისობით მინერალების და ვიტამინების დეფიციტი კვებაში ფართომასშტაბიანი პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემა იქნება.

დეფიციტის ზრდაზე გავლენა იქონია იმ ცვლილებებმა, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესსა და კვებაში მოხდა. ადამიანთა უმეტესობის კვების რაციონში პროდუქტების მონოტონიზაცია მოხდა, კვება რამდენიმე ძირითადი პროდუქტების ჯგუფით და მზა კერძების ასორტიმენტის ვიწრო სტანდარტამდე დავიდა. შემცირდა ცოცხალი მცენარეული საკვების მოხმარება, რომელთაც მთავარი როლი ეკისრებათ ადამიანის ორგანიზმის მინერალებით მომარაგებაში. იმატა სამრეწველო გადამუშავების პროდუქტების მოხმარების წილმა, მსგავს პროდუქტებში კი დამუშავების პროცესში მინიმუმამდეა შემცირებული სასარგებლო თვისებები. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მინერალების რაოდენობის კლება შეინიშნება ცოცხალ პროდუქტებშიც კი, მიწათმოქმედების პროცესში ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენების გამო. ხშირ შემთხვევაში, ნიადაგი მუშავდება დიდი რაოდენობით სასუქებისა და ქიმიკატების საშუალებით, რაც მიწის იმ საკვები ნივთიერებებისგან გამოფიტვას იწვევს, რომელიც აუცილებელია ვიტამინებით და მინერალებით სრულყოფილად გამდიდრებული მცენარეული პროდუქტების მისაღებად.

პრობლემას ქმნის ფასთ-ფუდის (fast-food) და ჯანქ ფუდის (junk-food) პოპულარიზაცია, რომლებიც მაღალი კალორიულობით და მინიმალური საკვები ღირებულებით გამოირჩევიან.

ეს ყველაფერი ე.წ. „ფარული შიმშილის“ განვითარებას უწყობს ხელს, რაც ორგანიზმში მინერალების და ვიტამინების დეფიციტის შედეგია.

მინერალების დეფიციტს მთელი რიგი ფუნქციონალური დარღვევების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ქვეითდება ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ხოლო კონკრეტული მინერალის უკმარისობა კი სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

როგორც დოქტორ ლინუს პოლინგი, ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი ამტკიცებს – „თითოეული დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზი მინერალების დეფიციტია“.

გასათვალისწინებელია, რომ მინერალების დეფიციტი ხშირად თავს იჩენს დაუბალანსებელი დიეტის დაცვის დროს, რადგან მსგავსი დიეტების დროს (განსაკუთრებით ეს მონოდიეტებს ეხება) მთავარი ყურადღება კალორაჟის რაოდენობის შემცირებას ექცევა,  რის გამოც კალორიებთან ერთად მცირდება სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *