რა რისკთან არის დაკავშირებული დიეტა მოზარდ ასაკში?

ზედმეტ წონასთან ბრძოლას მასიური ხასიათი აქვს, რასაც აქვს თავისი მიზეზები – ფაქტი ჭარბი წონის მავნებლობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მას ადასტურებენ ექიმები და ჯანმრთელობის დაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტები და ორგანიზაციები. უფრო შორს მიდის თანამედროვე მოდის პროპაგანდა, ტელევიზია და შოუ-ბიზნესი, სადაც უკიდურესად გამხდარი სხეული სილამაზის ეტალონადაა ქცეული.

დიეტა მოზარდ ასაკში

როგორც მეცნიერების კვლევებით და სხვადასხვა გამოკითხვებით ირკვევა, პირველად ეს საკითხი აქტუალური მოზარდობის ასაკში ხდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებში. ბუნებრივია, ყველას სურს ლამაზად, მოდურად და თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ზრუნავენ თავის აღნაგობაზე, ფორმებზე და ამაში ცუდი არაფერია.

თუმცა თვითნებურად დანიშნულ მკაცრ დიეტას, სწრაფი შედეგის მიღწევის სურვილს და არარეალურად შეფასებულ წარმოსახულ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას მოზარდისთვის სახიფათო შედგების მოტანა შეუძლია. იმის გავითვალისწინებთ არასწორი მიდგომა რა რისკ-ფაქტორებს შეიცავს მოზარდის ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხს უფრო ყურადღებით და ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება.

საიტზე ხშირად შემოდის კითხვები, რომლის ავტორები საკუთარი წონით უკმაყოფილო 13-17 წლის ასაკის გოგონები არიან. კითხულობენ რჩევას – როგორ დაიკლონ წონაში. უმეტეს შემთხვევაში, მათი წონის და სიმაღლის თანაფარდობის შედარების დროს BMI (წონის და სიმაღლის თანაფარდობის ინდექსი) ნორმის ფარგლების ქვედა ზღვართან საკმაოდ ახლოსაა – ფაქტიურად დასაკლები არც არაფერია. მათთვის არასასურველი რამდენიმე კილოგრამის მოცილების შემთხვევაში წონის დაფიციტის ზონაში მოხვდებიან, ამის პარალელურად კი, მკაცრი დიეტა, რომელსაც მიმართავენ მოზარდები „პრობლემის“ გადასაწყვეტად არაერთი სერიოზული დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის ანორექსიის და ბულემიის.

როდის ხდება წონის პრობლემა აქტუალური?

ქალს ნებისმიერ ასაკში სურს მოხდენილად გამოიყურებოდეს, ჩვენი ორგანიზმი კი ისეა მოწყობილი, რომ წონის კონტროლი გამუდმებითაა საჭირო.  ამის მიზნით დიეტის დაცვას გოგონების ჯერ კიდევ მოზრდილობის ასაკიდან იწყებენ  და ლამის ბებიობის ასაკამდე თავს არ ანებებენ. კარგი ფიგურის მიღწევა ბევრადაა დამოკიდებული ქალის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე, რომელიც ყველა ასაკს თავისებური აქვს. 16 წელში გახდომა გაცილებით ადვილია, ვიდრე 40 წლის ასაკში, მაგრამ მკაცრი დიეტის დაცვა 16 წლის მოზარდისთვის სახიფათოა.

ცნობილი ფაქტია, რომ მოზარდობის ასაკი პრობლემატურია. ამ პერიოდში ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოზარდის როგორც ფიზიოლოგიას, ასევე ფსიქიკასაც ეხება. როგორც სხვადასხვა გამოკითხვებით და კვლევებით დასტურდება პირველად საკუთარი გარეგნობით და წონით უკმაყოფილება გოგონებს 11-16 წლის ასაკიდან ეწყებათ, როცა ორგანიზმში ზრდასთან დაკავშირებული მრავალი ენდოკრინული ცვლილებები ხდება. მოკლე პერიოდში გოგონას ფიგურა და ფორმები უფრო შევსებული და მომრგვალებული ხდება. ეს ყველაფერი „ნაკლად“ აღიქმება და გოგონების დიდი ნაწილი მის გამოსასწორებლად თვითნებური დიეტის დაცვას იწყებს. სტატისტიკის მიხედვით 15 წლის გოგონების 25% დიეტაზეა, თუმცა მათ ერთ მესამედს სავსებით ნორმალური ან არასაკმარისი წონა აქვთ.

სტატისტიკა

გლაზგოში ჩატარებული კვლევებმა, რომელშიც მონაწილეობა 2 ათასმა მოზარდმა მიიღო, აჩვენა რომ 11 წლის ასაკში გოგონების 44% იცავს დიეტას და ზღუდავს რაციონს, ხოლო 15 წლის ასაკში მათი რაოდენობა 70% აღწევს.

ესპანელი მეცნიერების გამოკითხვების თანახმად, 15-16 წლის გოგონების 30% დარწმუნებულია, რომ ზედმეტი წონა აქვს. გოგონები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ დიეტას, არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, არამედ ისეთი გამხდარი ფიგურის მისაღებადაც, რომელიც მათი წარმოდგენით იდეალურია და რომლის დამკვიდრებას თანამედროვე მოდის ტენდენციების უნდა ვუმადლოდეთ.

15-16 ასაკის გამოკითხულ გოგონათა 12%-მა აღიარა, რომ ერთხელ მაინც უცდიათ დღეღამის განმავლობაში არაფერი ეჭამათ; 10%-ს კი ხელოვნური გულისრევისთვის მიუმართავთ ჭამის შემდეგ.

გამოკვლევების კვალდაკვალ გამოვლენილი იქნა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ანორექსიის და ბულემიის განვითარებას. გამოკითხული მოზარდი გოგონების 14%-მა აღიარა, რომ ურჩევნიათ მარტო ჭამა, რათა თავი დააღწიონ მშობლების კონტროლს, ექიმების თვალსაზრისით ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტორია, რადგან უკონტროლო კვების დროს, დაავადების რისკი 3-ჯერ იზრდება.

ჩვენს საიტზე დადებული გამოკითხვაც, ჯერჯერობით იგივე ტენდენციებს იზიარებს: წონის დაკლების პირველი მცდელობა გამოკითხვაში მონაწილეთა 59%-ს 13-18 წლის ასაკში განუხორციელებია. (სასურველია, თუ გამოკითხვაში თქვენც მიიღებთ მონაწილეობას და დააფიქსირებთ პირველ გვერდზე განთავსებულ პოლში პოზიციას)

საჭიროა თუ არა დიეტა?

რა თქმა უნდა, გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ ყველა შემთხვევაში ჭარბი კილოგრამების პრობლემა გამოგონილია და ყველაფერი მოზარდის ფანტაზიას უნდა მიეწეროს. რეალურად, თანამედროვე კვებას უამრავი ხარვეზი გააჩნია, რაც ბავშვობის ასაკიდან აისახება მოზარდის ჯანმრთელობაზე და წონაზე – ფასთ-ფუდი, ჯანქ-ფუდი, ნახევარფაბრიკატები, უამრავი გენმოდიფიცირებული და E დანამატების შემცველი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, ჩიპსები, შოკოლადის ბატონები, საეჭვო წარმოების ძეხვეული და ა.შ. ამ პროდუქტებით სავსეა სუპერმარკეტები, მათი რეკლამირება ყოველ წუთს ხდება ტელევიზიით და მედიით. მათ შეავიწროვეს ჯანსაღი პროდუქტი და შეცვალეს კვებითი ჩვევები. მოზარდების უმეტესობა მათი მავნებლობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია ან უარეს შემთხვევაში არ იზიარებს უფროსების რჩევებს. მახსოვს, ერთერთ დარბაზში ჩემთან ერთად ორი თინეიჯერი გოგონა ვარჯიშობდა, 15-16 წლის, რომლებიც 1 საათიანი აქტიური ვარჯიშის დასრულების მერე შემდეგ გასახდელში „კოკა-კოლას“ მიირთმევდნენ და თან წონის დაკლებაზე ოცნებობდნენ. ხშირად შემხვედრია, როცა ე.წ. დიეტის დაცვის დროს მოზარდი ტკბილეულს ან ძეხვეულს მიირთმევს და კვებას ხილ-ბოსტნეულის, ხორცის ან რძის პროდუქტების ხარჯზე ზღუდავს. თვლის რომ ცოტა ჭამა, მაგ. დღეში ერთი “სნიკერსის” ბატონის, უფრო გაახდუნებს, ვიდრე სრულფასოვანი სადილის მირთმევა.

სჭირდება მოზარდს დიეტა თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ მავნე პროდუქტებზე უარის თქმა მათ ჯანმრთელობას და განვითარების პროცესს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. პირიქით, სასარგებლოც იქნება. ზედმეტი წონის დაგროვების მიზეზები, ძირითადად სწორედ ეს საკვები ხდება და დიეტის დაცვა, პირველ რიგში ამ პროდუქტების ამოღებით უნდა დაიწყოს, რომელიც უხვადაა თანამედროვე მოზარდის რაციონში. ასევე, უპრობლემოდ შეიძლება ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის რაოდენობის შეზღუდვა, შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავის განებივრება, მაგრამ ისინი კვების ძირითად ნაწილს არ უნდა წარმოადგენდნენ. კვების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება სასარგებლო პროდუქტების ხარჯზე – ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზეული, ხორცი, მარცვლეული, ბურღულეული და ა.შ. უპირატესობა მეტ ცოცხალ და ნატურალურ პროდუქტებს უნდა მიენიჭოს.

ასევე არ შეიძლება რაციონის, კვების რაოდენობის, მისი კალორაჟის მკაცრი შეზღუდვა. მაგალითად, ჭამდე დღეში რამდენიმე ვაშლს და მაწონს. რა თქმა უნდა, ორივე სასარგებლო პროდუქტებს განეკუთვნება, მაგრამ მწირი და ნაკლებად მრავალფეროვანი მენიუ ვიტამინების და მინერალების რაოდენობის დეფიციტით ემუქრება ორგანიზმს, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობის დარღვევის მაპროვოცირებელი ხდება. ყველა ვიტამინს და მინერალს თავისი ფუნქცია გააჩნია ჩვენს ორგანიზმში, თითოეული უჯრედის სწორედ ფუნქციონირებაში.  მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი გაცილებით ადვილად იკლებს წონაში, ვიდრე გაუთავებელი დიეტებით და არასრულფასოვანი კვებით დაზიანებული. ექსტრემალური დიეტებით შენელებული ნივთიერებათა ცვლა ახალი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება.

როცა პრობლემა არა ჩამოყალიბებული სიმსუქნე და ჭარბწონიანობა, არამედ სულ რაღაც რამოდენიმე კილოგრამია, საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღად კვება და ვარჯიშია. ცალკე მინდა აღვნიშნო ვარჯიშის ეფექტის შესახებ. მოზარდის წუხილი წონის გამო და ის „დეფექტები“, რაც ზედმეტ კილოგრამებს ბრალდება, არც თუ ისე იშვიათად სხეულის ფორმების და აღნაგობის პრობლემიდან მომდინარეობს.

ვარჯიში ხვეწავს სხეულს და ალამაზებს ფორმებს. შეიძლება არც ერთი კილოგრამი არ დაიკლოთ და მიიღოთ ის სასურველი სხეული, რომელზეც ოცნებობთ. გარდა ამისა, გაუმჯობესებულ აღნაგობას რამდენიმე კილოგრამის არსებობის დაფარავა ეფექტურად შეუძლია. უკეთეს შემთხვევაში კი ვარჯიშთან ერთად ეს კილოგრამებიც გაქრება, თუ გავითვალისწინებთ რა ადვილად ემორჩილება ამ ასაკში წონა კორექციას.

რატომ არის სახიფათო დიეტა ამ ასაკში?

მოზარდობის ასაკში ორგანიზმი აქტიურად ვითარდება, აქედან გამომდინარე მას მუდმივად ესაჭიროება ცილები (დამატებითი უჯრედების საშენად), ცხიმები (სწორი ნივთიერებათა ცვლისათვის) და ნახშირწყლები (როგორც ენერგიის წყარო). გარდა ამისა, აუცილებელია ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებში მათი დეფიციტის შემთხვევაში შენელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

პირველ რიგში, მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ასაკში კვებაში დარღვევა არა ზედმეტ კილოგრამებზე, არამედ სიმაღლეში ზრდაზე, გარკვეული ორგანოების განვითარებაზე და იმუნიტეტის დაქვეითებაზე (იმუნური უჯრედების წარმოქმნისათვის საჭიროა საკმარისი ცილები) იმოქმედებს. ამ ასაკში გავრცელებული პრობლემა გამონაყარია, სწორი კვების შემთხვევაში კი მასთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

მოზარდს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს მიმართოს ექსტრემალურ, თუნდაც ხანმოკლე დიეტას ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. იმ დროს, როცა ექსტრემალური დიეტა ანგრევს უკვე მოზრდილი ჩამოყალიბებული ადამიანის ორგანიზმს და მის ჯანმრთელობას, მოზარდზე მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია.

დიეტა ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე. ამის მიზეზია ორგანიზმში არასაკმარისად მიწოდებული ნახშირწყლები და გლუკოზა, რომელიც აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კლებულობს ყურადღების კონცენტრაციის და საღად აზროვნების უნარი, ქვეითდება ტვინში მიმდინარე პროცესები, ჩნდება თავის ტკივილი და ძილიანობა.

გოგონებს რომლებიც მუდამ გახდომის პროცესში არიან ჩართული, წონის კლებასთან ერთად ავიტამინოზი, ანემია, მენსტრუალური ციკლის და სქესობრივი განვითარების დარღვევა აღენიშნებათ. უარეს შემთხვევაში ეს სერიოზული ნერვული ან ფსიქიატრიული დიაგნოზით სრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ წონის პრობლემა სერიოზულად დგას, საუკეთესო გამოსავალი სპეციალისტთან ვიზიტია. მასთან ერთად არსებული დარღვევების და მიზეზების გამოვლენა, ასაკის შესაბამისად ინდვიდუალურად შედგენილი სპეციალური დიეტის დაცვა და ფიზიკური აქტიურობის შეთავსება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *