რა არის L-კარნიტინი? მისი როლი გამოშრობის პროცესში

რა არის L-კარნიტინი და რატომ არის საჭირო წონაში კლების ან „გამოშრობის“ პროცესში? როგორ მუშაობს L-კარნიტინი ცხიმის ფენების შემცირებაზე? როგორია დოზირება და როგორ უმჯობესია მისი მიღება?

დღესდღეისობით არც ერთი „ცხიმისმწველის“ ტიპის სპორტული დანამატი არ არსებობს, რომლის შემდგენლობაშიც L-კარნიტინი არ შედის. მართლაც, L-კარნიტინს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ორგანიზმის ლიპიდური ცვლის ნორმალიზებაში და ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად L-კარნიტინი არ წარმოადგენს ცხიმისმწველს და ის უშუალოდ ამ პროცესში არ მონაწილეობს. ცხიმი წვა ხდება კუნთოვანი უჯრედების მიტოქონდრიებში გარკვეული ფიზიკური დატვირთვების შესრულების დროს. მიტოქონდრია წარმოადგენს უჯრედის პერსონალურ ელექტროსადგურს, მეტაბოლიზმის ერთერთ დამასრულებელ წერტილს. რაც უფრო სწრაფად ხდება მიტოქონდრიაში „საწვავის“ მიწოდება, მით უფრო სწრაფია ნივთიერებათა ცვლის პროცესები. სწორედ L-კარნიტინის საშუალებით ხდება ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების ტრანსპორტირება მიტოქონდრიებში.

რა არის L-კარნიტინი

L-კარნიტინი (ინგლ. L-კარნიტინი, იგივე ლევოკარნიტინი, ვიტამინი Bt, ვიტამინი B11) — ამინომჟავა, ბუნებრივი ნივთიერებაა, В ჯგუფის ვიტამინის მსგავსი, ორგანიზმში ასრულებს რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს.

L-კარნიტინს ხშირად უწოდებენ ვიტამინისმაგვარ ნივთიერებას, თუმცა ის ვიტამინს არ წარმოადგენს, რადგან ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად სინთეზირება შეუძლია. ის აღმოჩენილი იქნა რუსი მეცნიერების ვ.გულევიჩის და რ.კრიმბერგის მიერ 1905 წელს. 1962 წელს დადგენილი იქნა კარნიტინის ფიზიოლოგიური როლი – ის ახდენს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც ხდება მათი წვა და ენერგიის გამოთავისუფლება. არსებობს კარნიტინის ორი ფორმა – L-კარნიტინი და D-კარნიტინი. ბიოლოგიური აქტიურობით გააჩნია მხოლოდ L-ფორმას. D-კარნიტინი მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან წარმოადგენს L-კარნიტინის კონკურენტულ ანტაგონისტს.

L-კარნიტინი სინთეზირდება ღვიძლში და თირკმელებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სხვა ქსოვილებში და ორგანოებში. ლევოკარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ენზიმების მონაწილეობით.

L-კარნიტინი სპორტული კვების პოპულარული დანამატია წონის კლებისათვის, ამტანობის გასაზრდელად, სტრესის მიმართ მდგრადობის და ზოგადად ენერგიისათვის. მისი მიღება ხდება ცხიმის კალორიების მეტი რაოდენობის დასაწვავად ვარჯიშის პერიოდში.

L-კარნიტინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის, რადგან მათ უფრო მეტად უჭირთ ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. რეგულარული ფიტნეს-დატვირთვები მაქსიმალური ამტანობის გამოჩენას მოითხოვს, იზრდება დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, საჭირო ხდება კვების რეჟიმის შეცვლა. უნდა იცოდეთ, რომ L-კარნიტინი არ იწვევს წონის სწრაფ კლებას, ის ნელა და მთლიანობაში მუშობს თქვენი სხეულის ცვლილებებისათვის, აუმჯობესებს ვარჯიშის შედეგებს. წონის სწრაფი კლებისათვის, შეგიძლიათ არ ივარჯიშოთ, მიიღოთ მაგალითად რომელიმე დიურეტიკი – წონაში დასაკლები ჩაის მსგავსი, რომელიც თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნის წყალს და საწორი მალე გიჩვენებთ კლებას. თუმცა ასეთი „გახდომის“ დროს ცხიმის ფენები მუცელზე და თეძოებზე ფაქტიურად ხელუხლებელი რჩება. როგორც კი დიურეტიკის მიღებას შეწყვეტთ, წონა საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამისგან განსხვავებით, L-კარნიტინი ხელს უწყობს წონის კლებას ცხიმოვანი მარაგების შემცირების ხარჯზე და მიღწეული შედეგი დიდი ხნით შენარჩუნდება.

 


L-კარნიტინის ფუნქციები და ეფექტი

ცხიმის წვა

L-კარნიტინი ახდენს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც ხდება მათი დაშლა და ენერგიის გამოთავისუფლება. L-კარნიტინის მიღება ხდება ცხიმების დაშლის ინტენსიფიცირების მიზნით.

ფიზიკური და გონებრივი ენერგიის გაზრდა

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში დღეღამეში 2გრ. L-კარნიტინის დანიშვნა ზრდიდა გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობას, ამაღლებდა განწყობას, ამტანობას და ზოგად ტონუსს.

სტრესის მიმართ მდგრადობა

გამოკვლევებით დადგენილია, რომ L-კარნიტინი ზრდის სტრესების მიმართ ტოლერანტობას და ამაღლებს ადამიანის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობებს.

დეტოქსიკაცია

L-კარნიტინი უზრუნველყოფს  ორგანული მჟავების და ქსენობიოტიკების გაუვნებელყოფაში მონაწილე თავისუფალი კოენზიმების რაოდენობას, რომლებიც აუცილებელია ზოგიერთი ფერმენტის ფუნქციონირებისა და კრებსის ციკლის ნორმალური მუშაობისათვის.

ანაბოლური ფუნქცია

L-კარნიტინის ანაბოლური ეფექტი დადგენილი იყო ექსპერიმენტულად. ამ დანამატის გამოყენებით ჩატარებული ცდების დროს მეცნიერებმა მიაქციეს ყურადღება, რომ ცდის მონაწილეები არამარტო ცხიმს კარგავდნენ, არამედ ამასთან ერთად ხდებოდა მშრალი კუნთოვანი მასის ზრდაც. თუმცა ეს მექანიზმი დღემდე სრულად არაა შესწავლილი.

ამცირებს ქოლესტერინს

L-კარნიტინი ამცირებს მავნე ქოლესტერინს, რითაც არიდებს გულის სისხლძარღვების და ტვინის შევიწროვებას და ახდენს ინფარქტის და ინსულტის პროფილაქტიკას.

იცავს გულს და სისხლძარღვებს

პირველ რიგში ამ ეფექტის რეალიზაცია ხდება ქოლესტერინის დაწევის ხარჯზე, რომელიც აზიანებს წვრილ კორონარულ სისხლძარღვებს. გარდა ამისა, L-კარნიტინი აუმჯობესებს მიოკარდის მეტაბოლიზმს, ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარნიტინის კურსის შემდგომ გულის დაავადებების მქონე ადამიანებს ნაკლები ჩივილები აღენიშნებოდათ, ხოლო მიოკარდის ფუნქცია უმჯობესდებოდა.

სხვა ეფექტები

L-კარნიტინს აქვს ნეიროპროტეტორული, ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური და ანტითირეოიდული მოქმედება, ებრძვის ოსტეოპოროზს, ასევე ახდენს ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას.

L-კარნიტინი კვებაში

L-კარნიტინის მთავარი წყაროა ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. L-კარნიტინის სადღეღამისო ნორმას (300მგრ.) შეიცავს 300-400გრ. ძროხის ხორცი, ამასთან ხორცის თერმული დამუშავებისას ლევოკარნიტინის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება. ამ გარემოების გამო აუცილებელი ხდება კარნიტინის დანამატის სახით მიღება.

L-კარნიტინი სპორტში

კარნიტინი მნიშვნელოვანია, როცა აუცილებელია ზოგადი და სპეციალური ამტანობის გაზრდა სპორტის აერობულ სახეობებში (სირბილი, ცურვა, ნიჩბოსნობა და ა.შ.). თუ სპორტსმენისათვის პრობლემას არ წარმოადგენს სხეულის მასის კლება, ენერგიის მაქსიმალური ზრდა შეიძლება მიღწეული იქნეს რაციონში ლევოკარნიტინის შეთავსებით ცხიმების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად. არსებობს სპეციალური მაღალცხიმოვანი დიეტა, რომელიც ინიშნება კარნიტინის დიდ დოზებთან ერთად. ბიოენერგეტიკის ასეთი მომატების ხერხი განსაკუთრებით მისაღებია მაშინ, როცა საჭიროა ვარჯიშის პროცეში სხეულის წონის კლების თავიდან აცილება.

ლევოკარნიტინი ხელს უწყობს ამტანობის ამაღლებას როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ (პაუერლიფთინგი, კულტურიზმი და ა.შ.) სახეობებში. უნდა აღინიშნოს, რომ ლევოკარნიტინის ანაბოლური მოქმედება შესაძლებელია შენიღბული დარჩეს სხეულის მთლიანი მასის კლებით კანქვეშა ცხიმოვანი და შიდა ცხიმოვანი უჯრედისის გაქრობის გამო. ამიტომ კარნიტინის ანაბოლური მოქმედების შესაფასებლად საჭიროა სხეულის მასის და კიდურების მოცულობის მაჩვენებლებისაგან განსხვავებული კრიტერიუმები იქნეს გამოყენებული. ასეთი კრიტერიუმებია მასის, ცხიმის და სხეულის მთლიანი მასის პროცენტული თანაფარდობა.

მაქსიმალური ეფექტურობისათვის ლევოკარნიტინი უნდა გამოყენებული იქნეს კარგად დაბალანსებულ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად. ლევოკარნიტინი არ იწვევს მიჩვევას, თუმცა ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, მისი მიღება ციკლურადაა რეკომენდირებული. ლევოკარნიტინი არ წარმოადგენს დოპინგს და შეიძლება გამოყენებული იქნეს სპორტულ კვებაში შეზღუდვის გარეშე.

L-კარნიტინის მიღების დრო და დოზირება

მოზრდილი ადანიამისათვის ოპტიმალურად ითვლება დღეღამეში 200-500მგრ., ხოლო ფიზიკური დატვირთვების დროს დოზა იზრდება 500-2000მგრ.-მდე (ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 ან 750მგრ. 3 მიღებაზე ან 1000მგრ. 2 მიღებაზე). მიღება ხდება ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და დილით უზმოზე. ვარჯიშიდან თავისუფალ დღეებში მიიღეთ საკვების მიღებას შორის მშიერ კუჭზე. L-კარნიტინს ყველაზე მეტი აქტიური ქმედება დილის საათებში და ფიზიკური დატვირთვების დროს გააჩნია.

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

არცერთი კვლევით არ გამოვლენილა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი L-კარნიტინის მოხმარებისას. გადაჭარბებული დოზირების შემთხვევებიც კი არ იწვევდა გვერდით მოვლენებს. L-კარნიტინის უსაფრთხოება დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მას ჩვილ ბავშვთა კვებაშიც იყენებენ. L-კარნიტინი სასარგებლოა გულით, დიაბეტით, ჰიპერტონიით, ათეროსკლეროზით და ჰიპერთირეოზით დაავადებული ადამიანებისთვის.

გამოთავისუფლებული გაზრდილი ენერგიის გამო, კარნიტინის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უძილობა, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ამ მიზეზის გამო L-კარნიტინის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, ამასთან ამ პერიოდში ის უფრო ეფექტურია.

იხ. ასევე მსგავსი თემები:

ცხიმისმწველი – დანამატი წონის ეფექტური კლებისთვის

სპორტული საკვები დანამატები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *