როგორ დავიკლოთ წონაში? – ფსიქოლოგიური ფაქტორი
არსებობს არაერთი წარმატებული დიეტა, სწორედ შედგენილი და ასევე წარმატებული სავარჯიშო პროგრამა, რომელიც წონაში კლების სურვილის შემთხვევაში შედეგის მომტანი მძლავრი იარაღია. არამარტო ჩემი ბლოგი, მთლიანად ინტერნეტი წალეკილია მსგავსი ინფორმაციით, მაგრამ ფაქტია, დღემდე ვერცერთმა სისტემამ ვერ დაძლია სრულად ჭარბწონიანობის და სიმსუქნის პრობლემა. რაც შედეგის მომატანია ერთისთვის, არ იძლევა სხვა შემთხვევაში შედეგს; ან სახეზეა სხვა ვარიანტი – შედეგი დგება, თუმცა ის დროებითია. რა თქმა უნდა კვება-ვარჯიშის, ენერგიის ხარჯვის კანონის და სხვა ცნობილი ფაქტების საშუალებით ამის ახსნა მარტივად ხდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელთა შესახებაც დღეს მინდა ვისაუბრო.
სერიაში: „როგორ დავიკლოთ წონაში?“ თანმიმდევრულად აღვწერე ის ეტაპები, რაც საჭიროა გაიაროს ადამიანმა, თუ უნდა წონაში დაკლება. ეს ეტაპებია: სურვილი, მოტივაცია, სწორი სტრატეგიის არჩევა და ა.შ. მართლაც, ეს ყველაფერი აუცილებელი ეტაპებია. სურვილი და მძლავრი მოტივაციის გარეშე ძნელია დაიწყო ჩვევების და ცხოვრების რეჟიმის შეცვლა. როცა მზად ხარ ამ ცვლილებებისთვის, უნდა არჩეული იყოს სწორი გზა და სტრატეგია, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი ფაქტია, მაგრამ ეს არის ყველაფერი? თუნდაც ჩემი საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, ხშირად ვფიქრდები, არაერთი ადამიანია ჩემს გარშემო, რომელიც ასევე მზადაა ცვლილებებისთვის, მთელი შემართებით ხელს კიდებს ვარჯიშსაც და დიეტასაც, მაგრამ ვერ იღებს სასურველ შედეგს. რატომ მივიღე შედეგი მე, ან სხვებმა (ვინც ეს შეძლო), მაგრამ ვერ ახერხებენ სხვები, ან იღებენ შედეგს, მაგრამ დროებითს?
ხომ არ გვრჩება ყურადღების მიღმა, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვიდრე უკვე ცნობილი სურვილი-მოტივაციის ქონაა, კარგი დიეტა და კარგი ვარჯიშის აღმოჩენა?
დიახ, არის!
და ეს არის ყველაზე მთავარი ვიდრე ყველა დანარჩენი – ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია.
რა ფსიქოლოგიური ფაქტორი თამაშობს როლს წონაში კლებაში?
დღეს ერთერთ მათგანს მინდა შევეხო.
კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, უნდათ თუ არა ზედმეტი კილოგრამების მოცილება? – 100-დან 100 პასუხი დადებითი იქნება.
კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, აქვს თუ არა მოტივაცია ამისათვის? – 100-დან 90 მაინც დადებით პასუხს გაგცემთ.
პოულობენ თუ არა საუკეთესო დიეტას ისინი? – რა თქმა უნდა! დიეტოლოგსაც რომ არ მიმართოთ, ინტერნეტ სივრცე გადავსებულია „ეფექტური“ თუ მართლა ეფექტური დიეტებით, ამის დანაკლისი არ არსებობს. თუ არადა კითხეთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებს, არც ისინი დაგზარდებიან ექსპრომტად რამდენიმე კარგი დიეტის რჩევას, რომლითაც თავად ან მათმა ახლობლებმა დაიკლეს.
პოულობენ თუ არა ყველაზე მაგარ სავარჯიშო პროგრამებს? – იგივე სიტუაციაა აქაც. არ წახვალ დარბაზში ინსტრუქტორთან? შედი იუტუბეზე, მისი სივრცე ვეღარ იტევს იმდენი მრავალფეროვანი სხვადასხვა მიზნებისთვის და გემოვნებისთვის განკუთვნილი პროგრამაა წარმოდგენილი. სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდება, რომ რამდენიმე წუთში შენს თვალწინ ეკრანზე რომელიმე ფიტნეს ექსპერტი ან მოყვარული ჩაგიტარებს კვალიფიციურ ინსტრუქტაჟს.
აბა რა ხდება? ჩვენ ხომ ხელთ ყველა მიზეზი და ინსტრუმენტი გვაქვს?
რა ხდება და ჩვენ მზად არ ვართ! მზად არ ვართ სხვა ცხოვრებისათვის!
წონაში დაკლება ეს არაა მარტო კილოგრამების მოცილება, ჩაეტიო შენს სასურველ ჯინსში, ან კაბაში, უფრო ლამაზად გამოიყურებოდე სარკის წინ და იღებდე კომპლიმენტებს – რა კარგად გამოიყურები, როგორ დაიკელი?
ეს სხვა ადამიანის ცხოვრებაა. წლების განმავლობაში შენ ეჩვევი იმ კომპლექსებით ცხოვრებას, რომელსაც წონა გიქმნიდა. ამ კომპლექსებს ისე ისისხლხორცებ წლების განმავლობაში, რომ ვეღარც გრნობ – ვერ გრძნობ როგორ უვლი გვერდს სექსუალური ვიწრო ჯინსებით და ლამაზი ტოპებით სავსე დახლს და მიდიხარ იქ, სადაც უფრო ფართო სამოსი გეგულება, შენს ფსიქიკას ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენით აწყნარებ. იმალები ფოტოაპარატის ან კამერის გამოჩენისას, არ გინდა სხვა თვალით დაინახო ის, რის დანახვასაც უკვე მიეჩვიე სარკეში. როცა სიმართლეს უფრო მწვავედ და დაუნდობლად გეუბნება კამერა, ეს სადღაც მივიწყებულ მიჩუმათებულ ტკივილს გახსენებს – შენ მაინც ხომ იცი, რა ლამაზი ხარ! მიეჩვიე უკვე, რომ კომპლიმენტებს შენ ეუბნები სხვას და არა ისინი შენ, ან თუ იღებ სასურველ კომპლიმენტს, უხერხულად იშმუშნები, უსიამოვნო გრძნობა გივლის სხეულში – მგონი უბრალოდ გულს გიკეთებენ. არც ისეთი ნაცნობების უკმარისობა იქნება, რომელიც პირდაპირ მოგახლის – უი, შენ მგონი კიდევ მოიმატე. შენი საყვარელი მუსიკის გაგონებაზე, უკან თვალს ეფარები, არ გინდა მოუქნელი მოძრაობები სხვისი მზერის განსასჯელი გახადო …… და აი ასე და ასე, უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, ეს უსასრულო უძირო სიაა, რომელიც უკვე შენი ცხოვრების წესად იქცა.
მოგწონს ეს წესი?
აი ზუსტად, შენი შესისხლხორცებული კომპლექსები და ცხოვრების წესი არის შენი პრობლემა და არა ზედმეტი კილოგრამები.
როგორ დავიწყოთ წონასთან ბრძოლა?
სანამ წონასთან დაიწყებ ბრძოლას და ისტერიულად გუგლვას, რომ რაც შეიძლება სასწაულმოქმედ საშუალებას მიაგნო, რომელიც სწრაფად მიგაღწევინებს შედეგს, დაფიქრდი, მზად ხარ სხვა ცხოვრებისათვის? ხაზს ვუსვავ – მზად ხარ სხვა ცხოვრებისთვის და არა სხვა ზომის ტანსაცმლისთვის?
იმისათვის, რომ წონაში დაიკლო, უნდა ფსიქოლოგიურად იყო გამხდარი. მზად იყო იმ ცხოვრებისათვის, რომელიც ფორმაში მყოფ, საკუთარ თავში დაჯერებულ, ნებისყოფიან ადამიანს აქვს. მზად უნდა იყო განთავისუფლდე იმ კომპლექსებისაგან, რომელიც ზევით ჩამოვთვალე. თუ შენ არ შეგეძლება იცხოვრო იმ ადამიანის ცხოვრებით, რომლითაც ჭარბწონიანი ცხოვრობს, მაშინ შენ აუცილებლად გახდები, მოიკლებ წონას და შეიცვლები.
ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც ადვილი შესამჩნევია. გათხოვების და ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალების უმეტესობა იმატებს. მესმის, ამის გასამართლებლად ბევრ მიზეზს მომიყვანთ და გეთანხმებით სრულიად, მაგრამ მაინც, ამ ყველაფრის მიღმა უმთავრესად ის ფსიქოლოგიური ხაფანგი იფარება, რასაც სხვა ცხოვრებისათვის მზაობა დავარქვი. ქალების უმეტესობა, როცა თხოვდება და ბავშვს აჩენს, მზად არის სხვა ცხოვრებისათვის, რომელსაც ორსულობა და შემდგომ ზედმეტი კილოგრამებით ცხოვრება ჰქვია, ასე ხომ ყველას ემართება, ამიტომ ჩვენც მზად ვართ ამ კილოგრამებისთვის ფსიქოლოგიურად. ჩვენ მზად ვართ ამ კილოგრამებისათვის! ჩვენ მზად ვართ შევეგუოთ!
სწორედ ასე დამემართა, პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ. წონას ნორმად ვთვლიდი, რა თქმა უნდა ვებრძოდი, მაგრამ უშედეგოდ საკმაოდ დიდ ხანს. ერთი-ორი წარმატებული კლების შემდეგ ისევ ვიმატებდი. დავიკელი წლების შემდეგ, რაც არა წონასთან ბრძოლა, არამედ სხვა ცხოვრება დავიწყე, სადაც ადგილი არ იყო წონიანი ქალისათვის.
სხვა რამ მოხდა მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წონის ნამატი პირველ ორსულობასთან შედარებით გაცილებით დიდი იყო, მე ის სწრაფად მოვიცილე. მთავარი არ იყო ის, რომ უკეთესად ვიცოდი როგორ უნდა მევარჯიშა ან მეკვება – მე ვიცოდი რომ გამხდარი ვიყავი! მე 1 ზედმეტი კილოგრამითაც კი ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. ვერ ვიცხოვრებდი ჩემს ცხოვრებას. პირველი 10 კილო ადვილად მოვიკელი, მაგრამ აი დარჩენილი 7კგ. ჯოჯოხეთად მექცა. 6 თვის განმავლობაში არაფერმა მიშველა. წონა გაიყინა და არ რეაგირებდა. შემეძლო გულის გატეხვა და ხელის ჩაქნება, ამის ცდუნებაც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე სხვა ადამიანის ცხოვრებით უნდა მეცხოვრა, მე კი ამისათვის არ ვიყავი მზად. მე ვიბრძოდი არა ზედმეტი 7 კილოსთვის, არამედ ჩემი ცხოვრების წესის დასაბრუნებლად, რაც გამომივიდა კიდეც.
იგივე ფსიქოლოგიური ხაფანგი აქვს დროებით შედეგებსაც. ძლიერი ნებისყოფა და სწორი სტრატეგია არაჩვეულებრივ შედეგს მიგაღწევინებთ, მაგრამ თუ არ ხარ მზად ახალი ცხოვრებისათვის, თუ ჯოჯოხეთად არ გეჩვენება წარსული ცხოვრების წესი, შენ ისევ მოიმატებ. ამაში დამნაშავე მომატებული კვება ან უძრაობა კი არა, უპირველეს ყოვლისა შენი ფსიქიკა იქნება. ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს სხვისი ცხოვრებით დიდი ხანი, ეს ისეთი ტანჯვაა, რასაც დიდი ხანი ვერ გაუძლებ. თუ ეს კილოგრამები შენი არაა, შენ მას აუცილებლად მოიცილებ.
ყველა გოგოს, რომელიც ჩემთან ჯგუფში „პარკეტზე“ დგება, ამას ვეუბნები. ჩვენს წინ სარკეები იმიტომ არაა, რომ მხოლოდ ჩვენი მოძრაობა ვაკონტროლოთ. იყურეთ წინ და იფიქრეთ, დაინახეთ თქვენი თავი იქ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ – ლამაზი, სექსუალური და საუკეთესო ფორმაში მყოფი!
თქვენ მზად უნდა იყოთ გახდეთ „ვარსკვლავი“!